სტუმრობა ”გაგრასთან”.
2010 წლის 17 აპრილს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრები. თბილისში, ”ამერის” სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა საფეხბურთო კლუბს ”გაგრას”.
შეხვედრის პირველი ტაიმი, სტუმართა გარკვეული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, უგოლოდ - 0-0 დასრულდა. არადა, 42-ე წუთზე ჯაბა დვალს აშკარა საგოლე მომენტის გამოყენება ნამდვილად მართებდა.
მატჩის მეორე ნახევარი კი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელებს მართებდათ გატანა - ჯაბა დვალის თავურის შემდეგ ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან გაგრელთა მცველებმა გამოიტანეს. 85-ე წუთზე კი მასპინძელთა კარის დალაშქვრა ჯერ რატი წინამძღვრიშვილს, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლოთ, თუმცა სპორტული იღბალი ისევ გაგრელთა მხარეს აღმოჩნდა. შედეგად ფრე 0-0.
მატჩის შემდეგ (www.goli.ge):
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე: "თამაშს შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ, როცა გეგმავ 3 ქულას და ვერ იგებ... თან მინდვრის საფარიც ცუდ მდგომარეობაშია".
ნიკა გელაშვილმა "გაგრასთან" თამაშის შეფასებისას აღნიშნა: "ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ფრედ დავასრულეთ შეხვედრა. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია".
ვარლამ კილასონიამ "ზესტაფონთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა: "გუნდში ცვილებები განხორციელდა ახალი მწვრთნელების მოსვლის შემდეგ. დღეს კარგად ითამაშა "გაგრამ", არაფერი დაუთმია. კლასი და ოსტატობა რომ მაღალი ჰქონოდა გუნდს, გატანაც შეიძლებოდა, ვფიქრობ, ლოგიკური შედეგი ფრე იყო".
ირაკლი შალიკაშვილი –"გაგრას" ფეხბურთელი: "ძალიან კარგი თამაში შედგა, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ "ზესტაფონს". თანაბარი იყო ბრძოლა, ორივე გუნდს გვქონდა მომენტები. ახალი მწვრთნელი გვყავს, უკეთესი ვარჯიშები გვიტარდება, რაც ერთგვარი სტიმულია ჩვენთვის. იმედია, შემდეგ შეხვედრებში გატანასაც შევძლებთ".
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 25 აპრილს ბოლნისის ”სიონის” წინააღმდეგ თბილისში გამართავს ... |