14.04.2010

 

 

 

სანახაობის ხიბლი.

 

 

ტური უჩვეულოდ ”გაწელილი”, ოთხდღიანი გამოვიდა, თუმცა ყველაფერ ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ”ზესტაფონი”-”სამტრედიას” მატჩი კალენდრის მიხედვით შაბათს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორივე გუნდის ურთიერთშეთანხმების თანახმად, ”იმერული დერბი” პარასკევს შედგა. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან ზესტაფონის სტადიონს კლუბის გენერალური დირექტორის, ახლახან გარდაცვლილი დავით აბაშიძის სახელი დაერქვა. ”ზესტაფონის” ფეხბურთელებმაც მაქსიმალური მონდომებით იასპარეზეს და როგორც ყოველთვის, აქტიურად მოქომაგე რამდენიმეათასიან გულშემატკივართა არმიას მშვენიერი სანახაობაც აჩუქეს. არადა, შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს უამრავი საკადრო პრობლემა (თანაც, თითქმის ყველა სათამაშო რგოლში) ჰქონდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშეს და მეტოქის კარში ხუთი ერთმანეთზე უკეთესი გოლიც გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური კი ახალგაზრდა ნახევარმცველების - ალექსი ბენაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლები იყო.

სხვათა შორის, ”ზესტაფონს” 17 თებერვლის მერე საშინაო არენაზე არ გაუმარჯვია და აი, ნავსიც გატყდა. სხვათა შორის, ”ზესტაფონის” თავკაცმა გია გეგუჩაძემ ზედიზედ მეორე მატჩში მისცა თავის გამოჩენის საშუალება გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს - საბა ლომიას და ნიკოლოზ ჩიხლაძეს. მოკლედ, ”სამტრედიასთან” მატჩში ”ზესტაფონმა” ის ფეხბურთი უჩვენა, პირველ ეტაპზე ”ჩვეულ ამბად” რომ აღვიქვამდით. თუმცა, მერე, ამ გუნდის ქომაგთა სამწუხაროდ, არაერთი გაუთვალისწინებელი ქულა დაიკარგა და, ცოტა არ იყოს, რთულადაც მიგვაჩნია, რომ ”ზესტაფონმა” ერთპიროვნულ ლიდერთან არსებული სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრას. მეორე მხრივ, ფეხბურთში შედეგთან ერთად ხომ სანახაობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია; ჰოდა, როცა საქართველოს ჩემპიონატში თამაშის ესთეტიკურ მხარეზე საუბრობენ, უპირველეს ყოვლისა, ”ზესტაფონი” უნდა ახსენონ ...

იბეჭდება შემოკლებით

გია ტუხაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005