ინტერვიუ მერაბ კოჭლაშვილთან
”ზესტაფონის” ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები გერმანული შეკრებიდან თავაწეულები დაბრუდნენ. მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა და არც ერთში არ დამარცხებულა. სამოყვარულო გერმანელ გუნდებთან (”ბრაუნფელსთან” და ”ბაუნატალთან”) მოგებები თუ ჩვეულებრივი მოვლენაა, ფრანკფურტის ”აინტრახტის” მეორე გუნდთან, დონეცკის ”მეტალურგთან” ფრეები ( შესაბამისად 2:2 და 0:0 ), პარაგვაის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგება (1:0) კი უდაოდ დამაიმედებული უნდა იყოს გუნდის გულშემატკივრებისთვის.
გუნდის მომზადება წელს გამოცდილ მერაბ კოჭლაშვილს დაევალა. გვსურდა მთავარი მწვრთნელის მოსაზრების გაგება, წარმატებული თამაშების მიუხედავად, მოთამაშეებისა და ”ზესტაფონის” მზადყოფნაზე, შეუძლია თუ არა გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ა.შ.
ამას გარდა ჩვენამდე მოაღწია ხმებმა, თითქოს ”ზესტაფონთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი განუგრავამ, რის გამოც მეორე გუნდში გაუშვესო. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, თუმცა ინფორმაცია ნაწილობრივ დადასტურდა.
- ბატონო მერაბ, მართალია თუ არა თითქოს განუგრავა მეორე გუნდში გადაიყვანეთ?
- კი, მართლაც ასეა,
- ანუ, მან მართლა უარი თქვა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე და ეს გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი?
- არა, როგორ გეკადრებათ. მას ჩვენთან კონტრაქტი ისედაც აკავშირებს.
- თითქოს, მან ახალ ხელშეკრულებაზე თქვა უარი?
- გეტყვით, როგორი ვითარებაა და თავად განსაჯეთ: გიორგის დასჯა არავის თავში აზრად არ მოსვლია. იგი ამჟამად მეორე გუნდს ურეკის შეკრებაზე გაჰყვა.
- რატომ?
- გიორგიმ გერმანიაში ტრავმა მიიღო და ამის გამო, ფაქტობრივად, შეკრება ვერ გაიარა. ტრავმებთან ერთად, გასულ წელს სხვადასხვა ნაკრებებში დიდი დატვირთვები მიიღო და ნაკრების გერმანელი ხელმძღვანელების რეკომენდაციით მისი დასვენება ვამჯობინეთ. ჯერ მაინც პატარა ბიჭია და ორგანიზმი ამხელა დატვირთვებს ვერ შეეგუა. ახლა იგი ინდივიდუალურად ემზადება, ქვიშაში ივარჯიშებს. ასე ნატკენ ფეხს სწრაფად მოირჩენს. ხომ იცით, ურეკში სამკურნალო ქვიშაა და ისედაც, ჩვენს ვარჯიშებში ასეთი ვარჯიში გათვალისწინებულია. ჩემპიონატისთვის გიორგის ფორსირებული წესით მომზადება არ გვინდოდა და შედარებით მსუბუქი რეჟიმი დავუნიშნეთ. ესაა და ეს.
- ხიდაშელზე რას გვეტყვით? თითქოს, ახალ კონტრაქტზე ისიც უარს ამბობდა.
- ის ჩვენთან ერთად ემზადება და საერთოდ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიჭმა ძალიან მოუმატა და წელს ”ზესტაფონის” წამყვანი მოთამაშე გახდება. მისი დიდი იმედი გვაქვს.
- გერმანიიდან პარაგვაელებით უნდა დაბრუნებულიყავით, მაგრამ ძველი შემადგენლობით დაბრუნდით. რა ხდება, სამხრეთამერიკელებთან მოლაპარაკება ხომ არ ჩაიშალა?
- მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს. ვისაც ვაკვირდებოდი, ყველა ძალიან მომეწონა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი დასაწუნი რა აქვთ პარაგვაელებს? მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა, ახალგაზრდულიც ძალიან სოლიდური გუნდია და იქ შემთხვევით ფეხბურთელი ვერ მოხვდება.
- რომელ პოზიციაზე თამაშობენ?
- გარკვეულ პოზიციაზე ახალი სისხლი გვჭირდება, მაგრამ ახლა დაკონკრეტებას ნუ მთხოვთ.
- ისინი რა პირობებს ითხოვენ?
- ასეთ დეტალებს მე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ ზღაპრულ პირობებს ნამდვილად არ ითხოვენ... სიმართლე გითხრად, ახლა ვუყურებდი პარაგვაელებთან შეხვედრას და ვრწმუნდები, რომ ვისი დამატებაც გვსურს, ნამდვილად კარგი ფეხბურთელები არიან. ერთი მათგანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში ეროვნულ ნაკრებშიც ვარჯიშობდა. მგონი, ასეთის დამატებამ არ უნდა გვაწყინოს.
- დონეცკის ”მეტალურგთან” ფრე და პარაგვაის ახალგაზრდებთან მოგება გუნდის კარგ მომზადებაზე მეტყველებს. თქვენი აზრით, გეყოფა ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის ძალა?
- მგონი, კარგათ მოვემზადეთ, ფეხბურთელებმა დიდ დათვირთვებს გაუძლეს და ეს მაიმედებს. ოთხი შეკრება ჩვენი პრეზიდენტის, ილია კოკაიას დამსახურებაა. თუმცა, გიორგი განუგრავას ამბავი მადარდებს. ძალიან მინდა ეს ბიჭი დროულად მომჯობინდეს.
|