გასვლითი მატჩი რკინიგზელებთან.
2010 წლის 2 აპრილს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის პირველი მატჩი. თბილისში, ”ამერის” სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ლოკომოტივს”.
ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრის სასტარტო შეხვედრას, ისევე როგორც წინა (ზუგდიდურ) მატჩს, იმერლები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო გუნდს თორნიკე აფციაური, ნიკოლოზ გელაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი და შოთა გრიგალაშვილი აკლდნენ.
პირველი ტაიმი, სტუმართა საგრძნობი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, რკინიგზელთა გამარჯვებით დასრულდა - ზვიად მეტრეველის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი გოლად გოლად გიორგი ჭელიძემ აქცია.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელებს ზედიზედ ორ ეპიზოდში მართებდათ გატანა - ჯერ გიორგი ხიდეშელის თავური რკინიგზელთა კარის ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგი შეტევისას ჯაბა დვალის ასევე თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მასპინძელთა კარს. ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი ისევ გიორგი ხედეშელსა და მურთაზ დაუშვილს ჰქონდათ, მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში მასპინძლები ძელმა იხსნა, მეორეში მხსნელად რკინიგზელებს მეკარე მაქსიმე ქვილითაია მოევლინათ. 76-ე წუთზე კი ანგარიში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების მონაწილეობით გათამაშებული კომბინაციის შედეგად გათანაბრდა - გიორგი მიქაბერიძემ ნიკოლოზ ჩიხლაძე რკინიგზელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი გოლი გატანა არ გასჭირვებია - ფრე 1-1 .
მატჩის შემდეგ (www.goli.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "აკადემიურად დავიწყეთ თამაში. დარწმუნებულნი ვიყავით საკუთარ ძალებში, ამის გამო დავისაჯეთ. რთული გახლდათ თამაშში გარდატეხის შეტანა. მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეტის გატანა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით".
გელა სანაია ("ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი): "დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, ბოლომდე დაიხარჯნენ. მნიშვნელოვანი ქულის აღება შევძელით. შეგვეძლო მოგება, იმათაც შეეძლოთ. ჰაერივით გვჭირდებოდა ეს შედეგი, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს ჩვენთვის".
გიორგი ონიანი ("ზესტაფონი"): "ძალიან ბევრ მომენტს ვაცუდებთ ბოლო თამაშებში და ეს არის ჩვენი პრობლემა. "ლოკომოტივთან" მატჩში ემთხვევა ხოლმე, რომ შექმნილ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ. 4 ძირითადის ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ამას ვერ დავაბრალებ არმოგებას. ვაჯობეთ, მაგრამ ეს შედეგზე არ აისახა".
მაქსიმე ქვილითაია ("ლოკომოტივი"): "მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ "ზესტაფონი" კარგი გუნდია და გაგვითანაბრა ანგარიში, სამწუხაროდ. მოტივირებულნი გამოვედით მოედანზე და ბოლომდე დავიხარჯეთ, მნიშვნელოვანი ქულაც ავიღეთ".
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 10 აპრილს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” იქნება ...
|