ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ტაქტიკას მოედნის საფარს ვუსადაგებთ, ეს არ არის ფეხბურთი!
”ბაია”-”ზესტაფონის” მატჩის წინ მომხდარ ამბებს (სტუმრები ”გულია თუთბერიძეზე” თამაშს კატეგორიულად უარობდნენ, მეტისმეტად ცუდი მოედნის გამო) თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძესთან ინტერვიუ მოჰყვა. ”ზესტაფონის” მწვრთნელი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო...
გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი
- ჩვენ უარს ვამბობდით არა თავად მატჩზე, არამედ კონკრეტულად იმ მოედანზე არ გვსურდა თამაში. ეს იქნებოდა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დაცინვა - იქ ხარისხიან ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით, უბრალოდ შეუძლებელი იყო. მარტივად რომ ვთქვა, ეს გაზონი კი არა, უსწორმასწორო ბეტონი იყო! არსებობს ამის კადრებიც და შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არ ვაჭარბებ. არადა, ზუგდიდში ”ბაიას” ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია და ორგანიზატორებს თამაშის იქ გადატანა ვთხოვე. სად არ გვითამაშია, საქართველოში მძიმე პირობები ვისღა უკვირს, მაგრამ ასეთი ”საოცარი” მოედანი არ მახსენდება.
- ”ბაიას” ბაზაზე მატჩის გადატანა შესაძლებელი იყო?
- სხვათა შორის, მსაჯებმა, მატჩის დელეგატმა სოსო ფილიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ აღნიშნეს, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ზუგდიდის მინდორი არასდროს ყოფილა. მატჩამდე ოფიციალურად განვაცხადე, ამ მოედანზე არ ვითამაშებთ-მეთქი. ”ბაიას” მთავარ მწვრთნელთან მატჩის ბაზაზე გადატანასთან დაკავშირებით მსურდა დალაპარაკება, შეთანხმების იმედი მქონდა...
- საბოლოოდ, მატჩის გადატანაზე უარი ვინ თქვა?
- მითხრეს, ლიცენზირება ჩატარდა და ეს მოედანი მიღებულიაო. საბოლოოდ, ამ საფარს შეფასებად ”სამიანი” დაუწერეს. ”სამიანი” - სათამაშოდ ვარგის მოედანს ნიშნავს. მე იქაც განვაცხადე, რომ მოედანს ეკუთვნოდა შეფასება - ნული! მერე ის მიზეზიც დაასახელეს, რომ ბილეთები გაყიდულია და ამ ხალხს ბაზაზე ვეღარ შევუშვებთო. ნახევარი საათის დაგვიანებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდით მოედანზე გასვლას, რომ თამაში არ ჩაშლილიყო და მაყურებლისადმი პატივისცემა დაგვედასტურებინა. გვქონდა ასეთი შეთავაზებაც - მზად ვიყავით, მატჩი მეორე დღეს ზესტაფონში გაგვემართა და ზუგდიდელი ქომაგები ავტობუსით უფასოდ ჩამოგვეყვანა. თუმცა აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგი იყო... უფრო სწორად, დუმილი ამჯობინეს. გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ვერ გაბედეს და ვერ დამთანხმდნენ. ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდა, მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არა - ფრენბურთის. მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობებითა და საჯარიმოში ჩაწოდებებით თუ გავიდოდა გოლი და ასეც მოხდა. იქ ბურთის გაგორება და შეუძლებელი იყო.
- ძლიერი ქარის გამო, სამტრედიაში ორივე გუნდს სურდა მატჩის გადადება, მაგრამ უარი თქვეს. ანუ, ამ შემთხვევაშიც იმავეზეა ლაპარაკი - მატჩი კი ჩატარდა, მაგრამ მსგავს პირობებში ნორმალურ ფეხბურთზე ლაპარაკი წარმოუდგენელი იყო...
- ამ ორ ვითარებას მაინც ვერ შევადარებ, რადგან ქარს ვერაფერს უშველი, მოედნის შეცვლა კი შესაძლებელი იყო.
ასეთ მოედნებზე ჩვენთვის უცხო სათამაშო სტილი გვიყალიბდება
- სამი-ოთხი წლის წინ მოედნების ხარისხის მკაცრად გაკონტროლება დაიწყეს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისმა ეს პროცესი შეაჩერა...
- მესმის, მაგრამ დროა, მოვითხოვოთ ის გარემო, რომელიც ფეხბურთის განვითარებისთვისაა საჭირო. ეს არ არის ჩემი ახირება, აქამდეც ბევრ სპეციალიტს უთქვამს. ისე, ძალიან მიკვირს, როცა არჩევანი ცუდ და კარგ საფარს შორის, ცუდის სასარგებლოდ კეთდება. არადა, ”ბაია” მშვენიერი გუნდია, ტექნიკური და მოაზროვნე ფეხბურთელები ჰყავს და უხარისხო მოედანი ხელს ჩვენზე ნაკლებად როდი უშლიდათ და უშლით ხელს. დარწმუნებული ვარ, უკეთეს საფარზე ამ გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია. აქვე ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მინდორი ორივე გუნდისთვის ერთია. ეს აბსურდული ფრაზაა. ძლიერი კლუბი უფრო სუსტს რომ ხვდება, უხარისხო მოედანი უპირველესად ძლიერს უშლის ხელს.
- ცუდი მოედნის პირობებში გუნდების კლასი გარკვეულწილად თანაბრდება. ასე არ არის?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ფეხბურთში პასი არის მოთამაშეთა სასაუბრო ენა და როცა მოედანი ამ ”საუბრის” საშუალებას გისპობს, მთელი სათამაშო სქემა ინგრევა. თუ პასი არ კეთდება, ჩაშლა ძალიან ადვილია. ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდში მომხდარის გამოძახილი, უხარისხო მოედნები ქართული ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და კარგი იქნება, თუ ამას დროულად მივხედავთ. კითხვები მიჩნდება ლიცენზირების კომიტეტთან - ასეთ მოედნებზე თამაშის უფლებას რატომ იძლევიან?
- რომ არ მისცენ უფლება, მატჩები მხოლოდ ეროვნულ სტადიონზე, რუსთავსა და ზესტაფონში გაიმართება...
- როცა მკაცრი მოთხოვნები იქნება, მოედანს ყველა ქალაქში მოუვლიან. იმავე ზუგდიდში მატჩი ”ბაიას” ბაზაზე რომ ჩატარდება და მაყურებელს არ დაუშვებენ, მერე უხარისხო საფარის გაკეთებას მაყურებელები თავად აიძულებენ იმას, ვისაც ეს ევალება. ზესტაფონში მოედნის მოვლით, ყოველდღიურად, 15 მუშა და 100-ათას ევროიანი ტექნიკაა დაკავებული. ეს თანხები იმისთვის იხარჯება, რომ ნორმალური სათამაშო პირობები შევქმნათ. თუ გახსოვთ, მეორე წრეში ”ოლიმპთან” მატჩის ზესტაფონში გადატანა გვსურდა, რადგან შეხვედრა ბოლნისში უნდა გაგვემართა, იქ კი მოედანი არ ვარგოდა და შემდეგ თამაშს გავუცვლიდით. ჩვენი სურვილია, საქართველოში კარგი სათამაშო პირობები იყოს, ფეხბურთი კი ხარისხიანი მინდვრის გარეშე ისეთივე აბსურდია, როგორც მხატვარი - ტილოს გარეშე! ასეთი საფარზე მეტია ტრავმების რისკი, გაცილებით ხშირია კუნთების დაჭიმვის შემთხვევები და ასე შემდეგ. თამაშის მერე ფეხბურთელებს ფეხები არ უვარგოდათ. რა დასამალია და, შემთხვევით მოვიგეთ... ასეთ მინდვრებზე თამაშით, ჩვენ ევროპულ დონეს ვერასდროს მივაღწევთ. ნიჭიერი ბიჭები კი გვყავს და ნორმალური საწვრთნელი პროცესებიც ტარდება, მაგრამ ვარჯიში თამაშთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს. ჩვენს მოედნებზე წინასამატჩო ჩანაფიქრს ვერ განახორციელებთ. ”ზესტაფონის” თამაში აწყობილია ლოგიკაზე - როგორ ამოვიტანოთ ბურთი, როგორ გავიაროთ მოედნის ცენტრი და როგორ დავაგვირგვინოთ შეტევა. ამ დროს კი აბსოლუტურად სხვა თამაშს ვუყურებთ.
- უხარისხო სტადიონზე მართლაც აშკარად ჩანს, რომ მწვრთნელები იძულებულნი არიან, ფეხბურთელები საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებაზე გადააწყონ...
- დიახ... იცით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება? ეს მოედნები ჩვენთვის უცხო და მიუღებელ სათამაშო სტილს გვიყალიბებს, საუკეთესო თვისებებს ვერ ვავლენთ. მწვრთნელიც არასწორ გზას ირჩევს, რადგან ტაქტიკას არა საკუთარი რესურსებისა და მოწინააღმდეგის მიხედვით, არამედ უმთავრესად, მოედნის გათვალისწინებით ადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღეს გუნდების უმრავლესობა ვარჯიშებზე უფრო ”სტანდარტულებს” ამუშავებს, ვიდრე სხვა სათამაშო ელემენტს. აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით პროგრესი გვაქვს - აუტებს შორს ვისვრით, კუთხურიდან ბურთის ჩახვევა შეგვიძლია და ასე შემდეგ. ქართული ფეხბურთის მდგომარეობა მადარდებს და პრობლემა ამიტომ წამოვწიე. ამაზე ჩემამდეც ბევრმა ილაპარაკა, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა, მოედნების პრობლემა ფინანსურზე არანაკლებ მტკივნეულია.
- ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზვიად სიჭინავამ ამ პრობლემის მოგვარების სურვილი გამოხატა.
- ...და იმედია, მოაგვარებს კიდეც. ვითარების შეცვლის სურვილი აშკარად ეტყობა.
- ”ზესტაფონი”-”ოლიმპის” მატჩით თქვენი კლუბი მეტად დაზარალდა - ამ ეტაპზე სამი ლიდერის სამი მატჩით დისკვალიფიკაცია ძალზე დიდი დანაკლისია...
- დიახ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ დავაშავეთ. პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით და წინასწარ შეუძლებელიცაა იმის გათვალისწინება, რა მოხდება. კლუბი და ფეხბურთელები საკმაოდ მკაცრად დაისაჯნენ, თუმცა არც შევკამათებივართ - ბოდიშიც მოვიხადეთ, რადგან სასჯელი სამართლიანი იყო.
ჩვენთვის შედეგი სისტემის შექმნაა
- ზესტაფონის სტადიონზე ვითარება ”სპარტაკთან” მატჩის დროსაც დაიძაბა, როცა მაყურებლის ნაწილი შეურაცხყოფას გაყენებდათ და ამის გამო ფეხბურთელებმა აღშფოთება გამოხატეს. ”ოლიმპთან” მატჩამდე კი, თეატრში ქომაგებთან შეხვედრისას, ზოგიერთმა თქვენი გადაყენებაც მოითხოვა...
- ”ზესტაფონს” ძალიან კარგი და მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს, მათ მხოლოდ მოგება სურთ, საშინაო ფრესა და, მით უფრო, წაგებას ყოველთვის მძიმედ იღებენ. თუმცა ჩვენი გზა მხოლოდ პირველი გუნდის წარმატება არ არის. ზესტაფონში ნამდვილი კლუბის შენება დაიწყო, რომლის შედეგადაც ”ზესტაფონი” ანგარიშგასაწევი ძალა უნდა გახდეს და არა - მხოლოდ საქართველოში. ლაპარაკია ეგრეთწოდებული კონვეიერული სისტემის აწყობაზე. მოთმენა ყველას არ შეუძლია. წლებია, გუნდში ზესტაფონელ ფეხბურთელს აღარ უთამაშია. ასაკობრივ ჯგუფებსა და დუბლებში ნიჭიერი მოთამაშეები სხვადასხვა რეგიონებიდან მოგვყავს. მათი უმრავლესობა ზესტაფონელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, მათ შორის, ბაზის აშენებასაც. ეს ბაზა ასაკობრივ ჯგუფებსაც მოემსახურება. ახლა სასიკეთო პროცესი მიმდინარეობს და წლების შემდეგ ის იმ მოდელზე გადაგვიყვანს, როგორსაც ჩვენნაირ ქვეყნებში უნდა ნერგავდნენ. სელექციის პროცესი ცოტა მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ყველას უცხოეთში გაქცევაზე უჭირავს თვალი. თუმცა ფეხბურთელი ჩვენთან უფრო გაიზრდება, ვიდრე უცხოეთის დაბალ ლიგაში. ავიღოთ კობახიძის მაგალითი - მას ჰქონდა წასვლის შანსი, მაგრამ დარჩა და გულშემატკივარმა კარგადაც მიიღო. ლეგიონერების ჩამოყვანას ასეთი ტალანტების ძიება და აღმოჩენა სჯობია, რადგან საქართველო მაინც მიმწოდებელი ქვეყანაა. ჩვენი ტალანტები კი ჩამოსულებზე ნიჭიერები არიან. მთავარია, გავზარდოთ და უცხოეთში გავუშვათ. ასეთი გზით თვითდაფინანსებაზეც გადავალთ, სისტემასაც ჩამოყალიბებთ და ლეგიონერებს მხოლოდ მაშინ ჩამოვიყვანთ, თუკი სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში საკუთარი რესურსები საკმარისი არ იქნება. ”ზესტაფონში” ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებითაც ხვალ-ზეგ საკმაოდ სერიოზული უცხოური კლუბები დაინტერესდებიან. დღესაც არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერ მათი შემცვლელები უნდა აღვზარდოთ. ეს არ არის უტოპიური იდეა, პატარა ქვეყნებში ასე მუშაობენ და ყველა ქართულმა კლუბმა ამ გზით უნდა იაროს. ჩვენთვის შედეგი - ჩემპიონობა და თასის მოპოვება კი არა, სისტემის აწყობაა. ამ პროცესში კლუბის ხელმძღვანელთა ნდობას ვხედავ, მაგრამ მაყურებელს შედეგი დღესვე სურს და მათიც მესმის. ითქვა ასეთი ფრაზები - ესპანეთ-თურქეთში მოემზადნენ და მერე ამა და ამ გუნდს ვერ უგებენო. მე კი ”ზესტაფონის” თამაშის ხარისხში, ფეხბურთელთა აზროვნებსა და მოძრაობაში ვხედავ პროგრესს. საკმაოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ... ვერ ვიხსენებ შეხვედრას, დაცვიდან რომ გვეთამაშა. ყველაზე საიმედო დაცვის მქონე მოწინააღმდეგესთანაც კი მომენტებს უხვად ვქმნიდით და ამის დაუნახავობა შეუძლებელია. არ ვიცი, მომენტებს რატომ ვერ ვიყენებთ და აქაც მესმის გულშემატკივრის უკმაყოფილება. თუმცა გუნდი ერთად უნდა ვაშენოთ. უმრავლესობას ეს ესმის.
- ისე, ბედნიერი ბრძანდებით, რომ ავარჯიშებთ გუნდს, რომელსაც გულშემატკივარი ჰყავს და რაღაცას ითხოვს. ბევრი გუნდი გინდ ყოფილა, გინდ არა, მათი მოგება-წაგება არავინ ადარდებს...
- საქართველოში ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, თანაც, ჩვენ ძალიან მომთხოვნი და ერთგული გულშემატკივარი გვყავს.
|