ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ამ მინდორზე თავმოყვარე კაცი არ შევა.
ვინც ზუგდიდის ”ბაიასა” და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მატჩი იხილა, დაგვეთანხმება, რომ ასეთ მინდორზე თამაში თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. თავიდან იმერლები არც აპირებდნენ მინდორზე გასვლას. არა, მათ თამაში კი სურდათ, მაგრამ მასპინძლებს შესთავაზეს, თქვენი ბაზის ხელოვნურსაფარიანი მინდორი გამოვიყენოთო, რაზედაც უარი მიიღეს. საბოლოოდ ”ზესტაფონმა” მაყურებელს სცა პატივი და მინდორზე მაინც გავიდა. გუშინ ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან საუბარი სწორედ ამ ფაქტით დავიწყეთ და მერე სხვა საინტერესო თემებსაც გადავწვდით.
- სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდით მინდორზე გასვლას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ გვეთამაშა, რადგან პატივი ვეცით იმ მაყურებელს, რომელიც თამაშის სანახავად მოვიდა და ბილეთები შეიძინა. ჩვენი მიზანი იყო მინდორზე გასვლა და თამაში, მაგრამ იქ ფეხბურთი არ უნდა ტარდებოდეს. შედით `ზესტაფონის~ საიტზე და ნახავთ, რა დღეშიც იყო ზუგდიდის `გულია თუთბერიძის~ სტადიონი. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი იქ ფეხბურთის სათამაშოდ არ შევიდოდა.
- ”ზესტაფონი” კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. დიდი მნიშვნელობა აქვს გადაცემების რაოდენობას და პასის სისწრაფეს. რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ასეთ მინდორზე თამაში.
- მინდა ყველას ვუთხრა, რომ თამაშზე უარს მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის ხარისხის გამო ვამბობდით და მატჩის ჩაშლა არამც და არამც არ გვინდოდა. შევთავაზეთ კიდეც გვერდით ბაზაზე გადასვლა და იქ თამაში. ამბობდნენ, ბილეთებია გაყიდული და ხალხი ტყუილად ხომ არ მოვიდაო. მერე გავიგეთ, რომ სეზონის წინ ლიცენზია მიეცა როგორც ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონს, ისე ”ბაიას” ბაზას და მატჩების ჩატარება იქაც შეიძლება.
ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ის, რაც ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე იყო, ნამდვილად არ იყო ფეხბურთი და თუ ქართული ფეხბურთისთვის სიკეთე გვინდა, მსგავს მოედნებზე ნამდვილად არ უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩები. ისე კი, ”ზესტაფონი” მართლაც ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ჩვენთვის მოედანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- მოდით, თემა შევცვალოთ. ”ოლიმპი” დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. ”ზესტაფონი” მეორე ადგილზეა და ევროსაგზურიც ხელში უჭირავს. რა უნდა იყოს დარჩენილ მატჩებში თქვენი გუნდის მოტივაცია?
- ძალიან კარგი კითხვაა და ვეცდები, ამ კითხვაზე შეძლებისდაგვარად ამომწურავად გიპასუხოთ. ჩვენ ვაყალიბებთ ძლიერ გუნდს, რომელიც ერთი ან ორწლიანი არ იქნება. გვინდა მუშაობდეს კონვეიერის სისტემა. შეიძლება ეს არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ საქართველო ევროპული ქვეყნებისთვის მაინც ფეხბურთელების მიმწოდებელი ქვეყანაა და როცა ფეხბურთელები ჩვენგან სოლიდურ უცხოურ გუნდებში წავლენ, შევსება ჩვენივე კადრებით უმტკივნეულოდ უნდა მივიღოთ. აგერ არის მამუკა კობახიძის მაგალითი. ზუსტად ვიცი, რომ იგი არ ნანობს `ზესტაფონში~ მოსვლას და თამაშს. ძალიან მტკივა გული, როცა ვგებულობ, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები კაცმა არ იცის, სად მიდიან სათამაშოდ. ამით ხომ ისევ და ისევ ქართული ფეხბურთი ზარალდება.
- გუნდში არსებულ ფსიქოლოგიურ ვითარებაზეც გკითხავთ. რაც არ უნდა იყოს, რთულია ძირითადის სამი ფეხბურთელის გარეშე პრინციპული მატჩის მოგება, თანაც ”ოლიმპთან” მატჩისა და სასჯელების შემდეგ სულ ცოტა დრო გავიდა ...
- ძალიან შეკრული, მეგობრული გუნდი გვყავს და სიძნელეების გადატანაც ვიცით. თქვენ ძირითადის სამი ფეხბურთელი ახსენეთ და გრიგალაშვილი გამოგრჩათ, რომელიც საოპერაციოა. ჩვენ არ ვყოფთ ფეხბურთელებს ძირითადებად და სათადარიგოებად. არის 22-23 ფეხბურთელი, რომლებიც მუდმივად მზად არიან სათამაშოდ. ასე მაგალითად, შევუშვით ლომია, რომელმაც ჩვენი მოლოდინი გაამართლა. არიან სხვა პერსპექტიული ფეხბურთელებიც.
- სულ ცოტა ხნის წინ ზესტაფონში ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასა და გულშემატკივრებს შორის. იქ საბოლოოდ ყველა ერთ აზრამდე მივიდა -უმჯობესია, ერთად მოვითმინოთ და ერთად მოვიგოთ...
- დიახ, ეს სწორი გეზია და დრო ჩვენს სიმართლეს დაამტკიცებს.
- ხომ არაფერს დაამატებთ?
- დავამატებ ერთს: ზუგდიდში თამაშს რომ არ ვაპირებდით, ამის გამო ბევრი განაწყენდა. სამეგრელოს გარეშე ქართული ფეხბურთი წარმოუდგენლად მიმაჩნია და ეს კუთხე, ფეხბურთზე შეყვარებული ეს ხალხი აშკარად უკეთეს სტადიონს იმსახურებს. სხვათა შორის, ”ბაიას” მიმართ ძალიან სიმპათიურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ მინდვრის უკეთესი საფარი რომ იყოს, გუნდს უფრო მეტი ქულები ექნებოდა.
|