ინტერვიუ გურამ ასპინძელაშვილთან.
ზესტაფონში საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა.
ძალიან კარგი თაობა მოდის.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რომ გეგმაზომიერად ვითარდება, ამაში ბევრი დაგვეთანხმება. კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან კარგად აქვს გასიგრძეგანებული ის ფაქტი, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა საფეხბურთო კლუბთან არსებულმა აკადემიამ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, უამრავ ნიჭიერ მოზარდს დააფრთიანებს. კლუბში ბავშვთა ფეხბურთს ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ბევრისმნახველი სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი კურირებს. ”ოლიმპი” სწორედ მას დაუკავშირდა.
- ბოლო დროს ”ზესტაფონის” შემადგენლობაში პრაქტიკულად არ ჩანან ამ ქალაქის აღზრდილები. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისთვის უფრო სასიხარულოა, რომ მათი გუნდის ღირსება მშობლიურ ქალაქში აღზრდილმა რამდენიმე ფეხბურთელმა მაინც დაიცვას. როგორც ვიცით, შეიმჩნევა სასიკეთო ძვრები. უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით ამის შესახებ?
- ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ რეგიონში ფეხბურთი არ განვითარდა, ისე მთლიანად ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. მართლაც ძალიან ბევრს ვშრომობთ და რაღაც კონკრეტული შედეგი უკვე გვაქვს, თუმცა მიღწეულზე შეჩერებას არავინ აპირებს. ჩვენს ასაკობრივ გუნდებში მრავლად არიან ზესტაფონელი ფეხბურთელები. იმავე დუბლშემადგენლობაში წარმატებით თამაშობენ ადგილობრივები. მოკლედ, კარგი თაობა მოდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონვეიერი ამუშავდეს და გუნდს შესასყიდი აღარ ჰყავდეს ფეხბურთელები, გვინდა, რომ იგი ადგილობრივი კადრებით შეივსოს.
- ზესტაფონელი ქომაგისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დაბალი ასაკი სხვადასხვა ნაკრებებში უკვე გამოჩნდნენ ამ ქალაქის წარმომადგენელი ფეხბურთელები, რაც უდავოდ თქვენი შრომის შედეგია...
- გიორგი დევდარიანის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშობს ჩვენი კლუბის აღზრდილი ხუჯაძე, რომელიც ძალიან პერსპექტიული ბიჭია. სხვათა შორის, დევდარიანს კიდევ ჰყავდა შეკრებაზე ორი ჩვენი ფეხბურთელი (თორნიკე გრიგალაშვილი და დავით ფერაძე). ამ ეტაპზე ისინი ნაკრებში არ არიან, მაგრამ გუნდის წევრებად კი მოიაზრებიან. რაც შეეხება გელა შეყილაძის 15-წლამდელთა ნაკრებს, აქაც არიან ჩვენი წარმომადგენლები (გია მახათაძე და ავთანდილ ეგუთიძე). მოკლედ, ზესტაფონში საფეხბურთო პოტენციალი ნამდვილად არის და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვავითარებთ მას.
- გულშემატკივარს ძალიან უნდა, რომ პირველ გუნდში რამდენიმე ადგილობრივი ფეხბურთელი მაინც იყოს. მაშ, ახლო მომავალში ეს შესაძლებელია?
- დიახ, ნამდვილად შესაძლებელია. შესაძლებელია კი არა, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ფეხბურთი კი არ ასწავლოს, არამედ იგი ნამდვილ ქართველად, განათლებულ ადამიანად ჩამოაყალიბოს. უახლოეს მომავალში, როცა გვექნება ბაზა, საშუალება მოგვეცემა, ჩვენი კლუბის ფეხბურთელებს ზოგადსაგანმანათლებლო კურსიც ჩაუტარდეს. რაც შეეხება წმინდა სპორტულ მხარეს, პატარა ასაკის ბავშვებს ძალიან ხშირად ვავარჯიშებთ ხოლმე დუბლშემადგენლობასთან ერთად. რამდენიმეჯერ მათ თავის გამოჩენის საშუალება ამხანაგურ მატჩშიც მივეცით. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, დუბლებშიც არიან ზესტაფონელი ფეხბურთელები. ასე რომ, ყინული დაძრულია.
- ცნობილი მოვლენების შემდეგ ”ზესტაფონს” მართლაც სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარება. მზად არიან დუბლის მოთამაშეები, რომ ძირითადის წევრები სრულყოფილად შეცვალონ?
- ამ ბიჭების მართლაც ყველას გვეიმედება. ყოველ შემთხვევაში მათთვის ძირითადის კარი ყოველთვის ღიაა და ხშირად ვარჯიშობენ კიდეც მთავარ გუნდთან. დანარჩენი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება.
- ძალიან გაგვახარა ცნობამ იმის შესახებ, რომ ”ზესტაფონმა” საფეხბურთო აკადემია დააფუძნა. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამის შესახებ.
- დიახ, ყველას მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. აკადემიაში ჯერჯერობით ორი ასაკის ბავშვები გვყავს - 1993-94 და 1994-95 წლებში დაბადებული მოზარდები. მათზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. ასევე აკადემიაში საქმიანობს ორი ლიცენზირებული მწვრთნელი, მალხაზ ღონღაძე და თამაზ გაბრიჭიძე. წლების განმავლობაში ისინი ზესტაფონელ გულშემატკივარს ახარებდნენ როგორც ფეხბურთელები და ახლა სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლეს. ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, საქმეს თავს კარგად ართმევენ.
|