”ზესტაფონმა” 3 ქულა ”ყანაში” გამოიმუშავა.
ზუგდიდში თავმოყვარე გლეხს არ ექნება ისეთი ყანა, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრა რომ ჩატარდა ადგილობრივ "ბაიასა" და "ზესტაფონს" შორის. არადა, მასპინძლები ხელ და ჯიბეგაშლილი იღებენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს "ბაიას" სპორტულ კომპლექსში. დავიჯეროთ, ის გადახრიოკებული მინდორი, რაც გუნდებს 27 მარტს დაუხვდათ, ერთ დღეში "მოიქცა" ისე და მასპინძლები "გულია თუთბერიძიდან" მატჩის ხელოვნურსაფარიანზე გადატანას ვეღარ ასწრებდნენ? ჩვენ ამ ტყუილებისა არ გვჯერა. უმჯობესი იქნება, ისედაც უსახურ ჩემპიონატს მეტად თუ არ დავამახინჯებთ და ფეხბურთელებიც ერთმანეთს ნამდვილ ფეხბურთს ეთამაშებიან. "ზესტაფონმა" მასპინძლებს ყანაბურთში მაინც მოუგო (1:0) და ცხრილის მე-2 საფეხურზე კუთვნილი ადგილი შეინარჩუნა.
ზუგდიდში იმერელთა გასვლით შეხვედრამდე, სტუმრებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. მოგეხსენებათ, სკანდალურად შეწყვეტილი "ზესტაფონი"- "ოლიმპის" შემდეგ, "ესტეკამ" ჩხუბის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი გარკვეული ვადით მოკვეთა ჩემპიონატიდან. თითქოს ეს არ ჰყოფნიდათ და, სამეგრელოში ჩასულებს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი სათამაშო "მინდორი" დახვდათ.
"მინდვრის საფარი, რომელიც გამხმარი და გაქვავებული ტალახის სქელი ფენით იყო დაფარული, პროფესიული ფეხბურთის სათამაშოდ აბსოლუტურად მოუმზადებელი გახლდათ", - ვკითხულობთ იმერელთა ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სტუმრები კატეგორიულ უარზე იყვნენ ასეთ პირობებში ეთამაშათ და დაახლოებით ნახევარი საათი მყარად იდგნენ ამ პოზიციაზე.
ოფიციალური წარმომადგენლის რანგში, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტისა და ამავდროულად, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის სერგო კვარაცხელიას მიერ გაკეთებული განცხადება კი ასეთი იყო: "სეზონის დასაწყისში სტადიონს ლიცენზია აქვს მიღებული და მატჩის გამართვა სხვა სტადიონზე არ არის მიზანშეწონილი".
ჯერ ერთი, ქართულად ლიცენზიამიღებულ სტადიონებზე, მაგალითისთვის, ჰოლანდიაში ძროხას რომ არ აკადრებენ საძოვრად შეშვებას, მგონი, უცხო არაა; მეორეც, ასევე ლიცენზირებული იყო ბოლნისური საფეხბურთო არენა, მაგრამ შარშან შემოდგომაზე, მავან ტრაქტორისტს მინდვრის გადასასწორებლად შეყვანილი მძიმე ტექნიკა ღამითაც რომ დარჩა სტადიონზე, იმიტომ იყო მასზე თამაში შეუძლებელი. მესამეც, როგორც სალიცენზიო კომიტეტისაგან ვართ ინფორმირებული, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ნებისმიერი გუნდი ვალდებულია საფეხბურთო გაზონი დაახლოებით იმ პირობებში მაინც ამყოფოს, როგორც ლიცენზიის მიღებისას იყო.
ასე იყო თუ ისე, ზუგდიდელებმა მატჩზე დასასწრებად მოსულ მაყურებლებზე უკვე გაყიდული ბილეთებით წაიმანიპულირეს და სტუმრები მაინც დაიყოლიეს "გულია თუთბერიძის" ყოვლად უვარგის "მინდორზე" სათამაშოდ. თუ დიდი "ეშმაკობით" ფონს გასული მასპინძლები (ზამთარში კარგ ევროპულ მოედნებზე მომზადებული "ზესტაფონი" ტექნიკაში უპირატესობას ვერაფერში გამოიყენებდა), პირველი "სტიქიის" სათავისოდ გამოყენებას აპირებდნენ (მეორენაირად ასე შეიძლება ეწოდოს ზუგდიდურ მიწისსაფარიან არენას), ისინი მეორემ დაამარცხა - "ბაიას" კარში სტუმართათვის გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი პრაქტიკულად ქარმა გაიტანა ...
ნამატჩევს "მსოფლიო სპორტი" მონაწილე გუნდების თავკაცებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, იმ მომენტისთვის ტელეფონის ზარს მხოლოდ ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უპასუხა:
- ბატონო გია, გავიგეთ, ერთბაშად ორ სტიქიასთან ბრძოლამ მოგიწიათ.
- ამინდს ვერაფერს მოვუხერხებდით, მაგრამ მინდორს რაც შეეხება, ასეთ მინდორზე პირველად მომიწია ყოფნა. უმაღლეს ლიგაში ასეთი ხარისხის მინდორი, ყველასთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასი უნდა იყოს.
- ამინდმა გამარჯვებაში ხელი შეგიწყოთ.
- აქ, ასეთი შემთხვევითი ბურთი თუ გავიდოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო გაგვიმართლა.
- თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვერ იქნებით...
- რომელ თამაშზე და მის ხარისხზეა ლაპარაკი, როცა ზუგდიდის მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო - მასზე ზედიზედ ორი გადაცემის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ საჯარიმოში ჩაწოდებით ან სტანდარტული სიტუაციიდან თუ გავიდოდა გოლი.
- თქვენი გუნდი სათამაშოდ გასვლას არ აპირებდა...
- გეთანხმებით, შესული ვიყავი მსაჯებთან და გუნდი სათამაშოდ არ გამომყავდა. ჩვენ განვაცხადეთ ოფიციალურად - თამაშზე უარს არ ვამბობთ, უარზე ვართ უშუალოდ იმ მინდორზე გამოსვლაზე. შევთავაზეთ, რომ გადავსულიყავით მათსავე ხელოვნურსაფარიანზე და იქ გვეთამაშა. მეორე ვარიანტი ასეთი იყო - თუ სურვილი ექნებოდათ, ჩამოსულიყვნენ ხვალ ზესტაფონში და ვუმასპინძლებდით. პასუხად მივიღეთ - ამდენი მაყურებელია მოსული, ბილეთებია გაყიდული და სტადიონს ლიცენზირება აქვს სეზონის დაწყების წინ მიღებულიო. უწინარესად, მაყურებელს ვეცით პატივი და თამაშის ჩაშლას მოვერიდეთ, სხვანაირი რეზონანსი რომ არ ყოფილიყო.
(იბეჭდება შემოკლებით) |