იმერელთა სტუმრობა სამეგრელოში.
2010 წლის 27 მარტს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. ზუგდიდში, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ბაიას”.
ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის დასკვნით შეხვედრას იმერლები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 4 ფეხბურთელი აკლდა. ამასთან, ზუგდიდში ჩასულ ზესტაფონელებს გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონის სათამაშო მინდორი კატასტროფულ მდგომარეობაში დახვდათ - მინდვრის საფარი, რომელიც გამხმარი და გაქვავებული ტალახის სქელი ფენით იყო დაფარული, პროფესიული ფეხბურთის სათამაშოდ აბსოლუტურად მოუმზადებელი გახლდათ. სტუმრებმა თავდაპირველად უარი განაცხადეს გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე თამაშზე და მიმართეს მატჩზე მყოფ ოფიციალურ პირებს თხოვნით შეხვედრის ზუგდიდის ”ბაიას” ბაზაზე გამართვის შესახებ, რაზეც მსაჯთა გასახდელში მყოფი ბატონი სერგო კვარაცხელიასაგან და სხვა ოფიციალური პირებისაგან მიიღეს შემდეგი განმარტება: ”სეზონის დასაწყისში სტადიონს ლიცენზია აქვს მიღებული და მატჩის გამართვა სხვა სტადიონზე მიზანშეწონილი არ არის”. მაშინ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩს ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, გუნდები მაინც გავიდნენ მინდორზე ...
25 წუთის დაგვიანებით დაწყებული პირველი ტაიმი სტუმართა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და მათივე მინიმალური უპირატესობით დასრულდა - შეხვედრის პირველი ნახევრის ერთადერთი გოლი თორნიკე გორგიაშვილის ანგარიშზეა. მიმდინარეობდა მატჩის 26-ე წუთი, როდესაც მარგველთა ნახევარმცველმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ზუგდიდელთა საჯარიმოში ჩააწოდა, უცნაური ტრაექტორიით მეკარის ბაქანთან ჩაფრენილ ”მრგვალ საგანს” გოგიტა სომხიშვილი კი შესწვდა, თუმცა მისი კარიდან გამოტანა ვეღარ მოახერხა.
მეორე ტაიმში მიდვრის უხარისხო საფარმა კიდევ უფრო მეტად იმოქმედა შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე - გუნდებს უჭირდათ კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელებს რამდენიმე ეპიზოდში მაინც შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ხელსაყრელი მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს ჯაბა დვალმა და საბა ლომიამ. თავის მხრივ, მასპინძლებმაც სცადეს მატჩის გადარჩენა, თუმცა იმერლებმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს - 0-1.
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 აპრილს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე ადგილობრივი ”ლოკომოტივი” იქნება ...
|