ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.
ახალგაზრდა, ტანმაღალი მცველი გიორგი ხიდეშელი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" 2005 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდის განმავლობაში მან თავი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა და სტაბილური თამაშის გამო, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ზესტაფონში გუნდის თამაშით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარსა და კლუბის ფეხბურთელებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ამ არასასიამოვნო ინციდენტში ხიდეშელიც მონაწილეობდა.
რამ გამოიწვია გაურკვევლობა და რატომ ვერ იგებს ზესტაფონი? - ამ საკითხებზე Goli.ge გიორგი ხიდეშელს ესაუბრა.
- გუნდმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და ორი შეკრება - თურქეთსა და ესპანეთში გაიარა. მიუხედავად ამისა, მესამე წრე გუნდმა პირველის მსგავსად, სენსაციურად დაიწყო და საკუთარ სტადიონზე "ლოკომოტივი" ვერ დაამარცხა...
- არ ვფიქრობ, რომ ეს არასტაბილურობაა. მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან და ბევრ საგოლე მომენტს ვერ ვიყენებთ. თქვენ ესპანეთი ახსენეთ, იქ ძალიან კარგ მოედნებზე ვთამაშობდით და კარგ გუნდებსაც შევხდით. აქ კი, საფარი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია.
- კი მაგრამ, "ზესტაფონს" ხომ ძალიან კარგი მოედანი აქვს?
- კი, ეს ასეა, მაგრამ იგივე "ლოკომოტივი", ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც ფეხბურთის თამაში უნდათ და მებრძოლი გუნდია, ამიტომ მათთან თამაში ადვილი არ არის. სამტრედიაში ნამდვილად რთული თამაში გვქონდა და ბრძოლაში მოვიპოვეთ სამი ქულა, რაც შეეხება "სპარტაკს", ამ შეხვედრაში ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უფრო უიღბლობის ბრალია.
- გუნდი რომ ვერ იგებს, ეს მწვრთნელის ბრალია თუ ფეხბურთელების?
- არა, მწვრთნელის ბრალი არაფერია. ის გვაძლევს დავალებებს, ჩვენც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი სათანადოდ. გია გეგუჩაძე მაღალი დონის მწვრთნელია და მასთან მუშაობა, ვფიქრობ, რომ დიდი პატივია ყველა ფეხბურთელისთვის. არ ვიცი, რატომ ვერ ვიგებთ. ეს ფეხბურთია და ხომ იცით, აქ ყველაფერი ხდება.
- გულშემატკივრების ერთი ნაწილი მწვრთნელით უმაყოფილოა და "სპარტაკთან" დაპირისპირების დროს, მცირე ინციდენტიც მოხდა სტადიონზე, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე თქვენც იყავით...
- ზესტაფონს ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ რამდენიმე "ამრევი" ყველგანაა და მათ მე ვერ ვუწოდებ გულშემატკივარს. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და შეურაცხყოფას სხვას ვერ ვპატიობთ, რაც მოხდა, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იყო სპორტული საქციელი, მაგრამ "ზესტაფონი" თავის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, სათქმელს ევროტურნირზე იტყვის.
- ჩემპიონატის დასაწყისში გუნდი მინიმუმ ჩემპიონობას, მაქსიმუმ - თასის მოგებას გეგმავდა. ახლა რა მიზანი აქვს "ზესტაფონს"?
- ევროსარბიელზე ღირსეული თამაში და მინიმუმ - უეფაზე მოხვედრა! გულშემატკივარს ვპირდებით, რომ "ზესტაფონი" ნამდვილ ძალას ევროსარბიელზე აჩვენებს.
- "ზესტაფონი"-"ოლიმპის" დაპირისპირებაში თამაში შეწყდა, გუნდები ფულადი ჯარიმით დასაჯეს და რამდენიმე ფეხბურთელს დისკვალიფიკაციაც მისცეს. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს განაჩენი?
- ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი უნდა დასჯილიყო და დავისაჯეთ კიდეც, რაც შეეხება ფეხბურთელების სამ მატჩიან დისკვალიფიკაციას, გელაშვილი, აფციაური, წინამძღვრიშვილი ანგარიშგასაწევი ძალაა გუნდისთვის და გუნდისთვის დიდი დანაკლისია მათი არყოფნა.
- ახალგაზრდულ ნაკრებზე გკითხავთ, გაქვთ რეალუში შანსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ. რა განწყობაა ნაკრებში და როგორ ემზადებით?
- ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი საკუთარ გუნდში გადის მომზადებას, ისევე როგორც მე. როდესაც ვიკრიბებით ერთად, არაჩვეულებრივი ატმოსფერო იქმნება გუნდში. ყველა ვმეგობრობთ და გვჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
|