ლიდერთა დაუსრულებელი დაპირისპირება.
2010 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ რუსთავის საფეხბურთო კლუბს ”ოლიმპს”.
ჩემპიონატის ლიდერთა დაპირისპირებამ გულშემატკივრის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია - ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე თავი ორივე გუნდის მრავალმა გულშემატკივარმა მოიყარა და თავის წვლილიც შეიტანა არაჩვეულებრივი საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნაში, რომელიც დღეს საღამოს ზესტაფონში სუფევდა. პირველი ტაიმი, ზესტაფონელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, რუსთაველთა გამარჯვებით - 0-1 დასრულდა. მიმდინარეობდა შეხვედრის 16-ე წუთი, როდესაც დენის დობროვოლსკიმ ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს რეზო ჯიქია შეეგება და დიდოსტატური თავური დარტყმით ბურთი როინ კვასხვაძის კარის ბადეში გაახვია.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა შეტევებში გაატარეს - თავდაპირველად ირაკლი ძარიას ყუმბარისებული დარტყმა რუსთაველთა კარის ძელმა, შემდეგ კი ნიკოლოზ გელაშვილის თავური სტუმართა გოლკიპერმა მოიგერია. მარგველთა კარის მეორედ აღების შანსი რუსთაველებსაც მიეცათ - გივი კვარაცხელიას თავური როინ კვასხვაძის კარის ძელს მოხვდა. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს თამაშის ტემპს და 81-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ალექს ბენაშვილმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ქვემოქართლელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ ბურთს შოთა გრიგალაშვილი დაეუფლა და ჯაბა დვალს დასარტყმელად დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი გრიგოლ ჭანტურიას კარის გადარჩენის მცირე შანსიც არ დაუტოვა - 1-1.
ზესტაფონელები გამარჯვებას ლამობდნენ და გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ. თავის გუნდის დაწინაურება თორნიკე გორგიაშვილს მართებდა. მან ბურთი რუსთაველთა გოლკიპერს თავზე გადაუგდო და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სტუმართა მცველებმა ”მრგვალი საგანი” საკუთარი კარის ხაზიდან გამოიტანეს. 88-ე წუთზე კი მატჩი შეწყდა, მაშინ როდესაც მასპინძლები შეტევაში იმყოფებოდნენ, სტუმართა გუნდის სათადარიგოთა სკამის მხრიდან (იხილეთ ვიდეო!) მოედანზე მეორე ბურთი შემოვარდა. ამ ფაქტის შემდეგ სიტუაცია მინდორზე დაიძაბა, თუმცა ემოციები მალევე ჩაცხრა. გუნდები მატჩის გასაგრძელებლად მზად იყვნენ, თუმცა მსაჯთა ბრიგადამ, იმის მიუხედავად, რომ მატჩის შემდეგ ორგანიზატორთა მისამართით არანაირი პრეტენზია არ იქნა წამოყენებული, შეხვედრის გაგრძელება აღარ მოისურვა ...
ინტერვიუ ოთარ გუნთაძესთან (მსაჯთა დამკვირვებელი):
- არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ჩათვალა, რომ ეს თამაში არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.
- ბუნებრივია, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, კონსულტაციები თქვენგანაც აიღო და მატჩის დელეგატისგანაც.
- ვისთანაც არ უნდა ეთათბირა, გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.
- თქვენი აზრით, რით იყო ეს გადაწყვეტილება განპირობებული?
- სათადარიგო ფეხბურთელებს შორის მოხდა დიდი შეხლა-შემოხლა და ამიტომ მსაჯმა ჩათვალა, რომ მატჩი არ გაეგრძელებინა.
- მაყურებლების მხრიდან, მის მიმართ ან სხვა იფიციალურ პირთა მისამართით ზეწოლა თუ იყო?
- არანაირი ზეწოლა მაყურებლების მხრიდან არ ყოფილა - არც მსაჯობის ხარისხის და არც სხვა რამის გამო.
- ე.ი. ქვები ან სხვა საგნები ტრიბუნებიდან არ უსვრიათ?
- ასეთი არაფერი მომხდარა.
www.worldsport.ge
|
20/03/2010 - ”ზესტაფონი” - ”ოლიმპი” 1-1 (მატჩი 88-ე წუთზე შეწყდა) |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 27 მარტს ზუგდიდში გამართავს. იმერელთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ბაია” იქნება ... |