ინტერვიუ თორნიკე აფციაურთან.
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ”ზესტაფონმა” ცხინვალის ”სპარტაკს” შინ ვერ მოუგო - 0:0. რეპორტაჟშიც ვწერდით, რომ პირველი ტაიმის ბოლოს თავისიანთა თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივართა ნაწილმა ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს ლანძღვა-გინება დაუწყო.
ჩვენთვის უცნობია, რა გახდა მათი აგრესიის მიზეზი. გასაგებია, რომ ბოლო სამ ტურში ”ზესტაფონმა” ვერ მოიგო, ლიდერ ”ოლიმპს” მთელი 9 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონობის შანსს დაემშვიდობა. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ უკმაყოფილება, მასში უფრო ღრმა და ფარული დინებები ჩანდა, რადგან ამ ჯგუფისადმი არანაკლები აგრესია თავად ფეხბურთელებმაც გამოავლინეს. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე აფციაურმა მომხდარით უკმაყოფილება არ დამალა:
”გულშემატკივართა მცირე ნაწილი გვლანძღავდა, რამდენიმე ადამიანი და არა - ყველა. ახლა ემოციები მალაპარაკებს. ასეთი ქომაგობა არ შეიძლება. პირიქით, გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელი უნდა იყოს და ზესტაფონში ყოველთვის ასე ხდებოდა. ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა, თუ რა მოხდა ”სპარტაკთან” შეხვედრისას. ვერავინ იტყვის, რომ არ მოვინდომეთ, პირიქით, ბოლომდე დავიხარჯეთ, მეორე ტაიმში ლამის ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ. ყოველთვის ვერც მოიგებ. ჩავარდნა ყველა გუნდს ჰქონია და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. თუმცა უნდა გითხრათ, რომ 30 წლის გავხდი და ასეთ მეგობრულ, შეკრულ და ერთსულოვან გუნდში არასდროს მითამაშია. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, მწვრთნელთა გუნდსა და ხელმძღვანელობაზეც იმავეს ვიტყვი. ეს მაიმედებს, ჯერ არ შეიძლება ხელის ჩაქნევა და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო არის საჭირო და მგონი, ამ მდგომარეობიდან გამოვალთ”, - გვითხრა აფციაურმა.
|