სტუმრობა ჩემპიონთან.
2010 წლის 6 მარტს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბს ”ვიტ-ჯორჯიას”.
შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორის ბატონი დავით აბაშიძის ნათელი ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო ...
პირველი ტაიმი, ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, უგოლოდ 0-0 დასრულდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თბილისელთა კარის აღება ზესტაფონელ ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლო. მასპინძლებსაც მართებდათ ბურთის გატანა, მაშინ როდესაც როინ კვასხვაძემ ჯერ გიორგი ვასაძის, ხოლო შემდეგ დავით ლომაიას ძალიან სახიფათო დარტყმები მოიგერია .
მეორე ტაიმის დასაწყისში ვეტერინარებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს - 49-ე წუთზე ზესტაფონელთა დაცვის უყურადღებობით ლაშა ჯაფარიძემ კარგად ისარგებლა და თავის გუნდი დააწინაურა. რამდენიმე წუთში ზესტაფონელებს მართებდათ გათანაბრება - კუთხურიდან ჩამოწედუბულ ბურთს თავური დარტყმით მამუკა კობახიძე გამოეხმაურა, თუმცა, მისი დარტყმული გრიგოლ ბედიაშვილის კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე პირველი ბურთთან ირაკლი ძარია კი გაჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა თბილისელთა კარს ასცდა. საერთოდ, შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, ორივე გუნდის შემტევებს არაერთგზის შეეძლოთ მეტოქეთა დამწუხრება. საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს დაფიქსირდა - 84-ე წუთძე იმერელთა შეტევა საგოლე დარტყმით ლევან კორღალიძემ დააგვირგვინა - ფრე 1-1.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი გახსნილად მოქმედებდა და ბევრი სახიფათო მომენტიც ვნახეთ. არ დავმალავ, ვერმოგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ”ვიტ ჯორჯია” იყო მხოლოდ ერთი ქულისთვის მინდორზე გამოსული...
რაც შეეხება დავით გამეზარდაშვილის უთამაშებლობას, ეს იმის გამო, რომ ფეხბურთელს თვენახევარი გაუცდა და განვლილ ორ მატჩში, ის მხოლოდ იძულებით შევიყვანეთ მინდორზე. გამეზარდაშვილი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და რა თქმა უნდა, სამომავლოდ მისი იმედი გვაქვს...
არარეალური არაფერია. სანამ შანსი გვაქვს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. მითუმეტეს, არცთუ ცოტა თამაშია დარჩენილი. ისე კი, თამაშის ხარისხში ”ზესტაფონის” პროგრესს ვხედავ".
გელა გომელაური ("ვიტ-ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი თამაში იდეალურთან მიახლოებულიც კი არ ყოფილა, მაგრამ ბევრი პოზიტიური მომენტიც დავინახე. მაგალითად, შეტევაში გააზრებულად ვთამაშობდით. საერთოდ, ”ზესტაფონი” იმ გუნდად მიმაჩნია, რომელთან მატჩის შემდეგ, გაცილებით იოლია შენი გუნდის პლუს-მინუსების დანახვა, ანალიზის გაკეთება...
კლიმიაშვილი იმიტომ შევცვალე, რომ სამი დღის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა და ყველამ ნახეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ მატჩში. ბევრი ენერგია დახარჯა და ასე ვთქვათ, მოვუფრთხილდით. თანაც, ბოლო პერიოდში გადატვირთული კალენდარი გვაქვს, თან უმეტესად, ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან მოგვიწია თამაშები".
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 14 მარტს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ცხინვალის ”სპარტაკი” იქნება ...
|