ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.
ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
- პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივრებს ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ. ეს მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ, რაც ქომაგთა დიდი დამსახურებაა. მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვებაში მეც შევიტანე წვლილი. ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა და თუ გაუთვალისწინებელ ქულებს აღარ დავკარგავთ, მიზანსაც მივაღწევთ.
- სანაკრებო შეხვედრის შემდეგ გადაღლილი ხომ არ ხართ?
- ბუნებრივია, ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ძალა წაიღო, მაგრამ კლუბში ნაკლებად დამტვირთეს და ახლა უკვე სრულ მზადყოფნაში ვარ. დაძაბულ კალენდარს შეჩვეული ვარ და ამიტომაც ახლა მთლიანად "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ვარ კონცენტრირებული.
- ალბათ, "ზესტაფონის" ყველა წევრს თასზე განცდილი დასანანი მარცხისთვის რევანში სურს.
- ბუნებრივია, ძალიან გვინდა დავამტკიცოთ, რომ "ვიტ ჯორჯიას" არაფრით ჩამოვუვარდებით. მეტოქე კი მართლაც სოლიდური გვყავს და მას დიდი პატივისცემით ვეკიდებით. "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც თავისი სტილი და ხელწერა აქვს.
- "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება დაგაკმაყოფილებთ?
- ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ახლაც ასე იქნება. ბუნებრივია, "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება, მით უმეტეს სტუმრად, ძალიან ძნელია, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, სამი ქულა ჰაერივით გვესაჭიროება და რაც მთავარია, გამარჯვების ძალა შეგვწევს.
- "დინამოსთან" განცდილი მარცხი რამ განაპირობა?
- დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ. "დინამოსთან" პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მატჩის მეორე ნახევარში კი მწვრთნელის დავალებები ვეღარ შევასრულეთ და უპირატესობა მეტოქეს დავუთმეთ. ძალიან მწარე მარცხი იყო, რისგანაც სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. შეცდომები დეტალურად გავაანალიზეთ და ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიასთან" გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ. ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და მთელი ენერგიით შევეცდებით სამი ქულის მოპოვებას. "ზესტაფონი" თავის სტილში, კომბინაციურად ითამაშებს და შეეცდება, "ვიტ ჯორჯიას" ამ კომპონენტში აჯობოს.
|