02.03.2010

 

 

ინტერვიუ მამუკა კობახიძესთან.

ფეხბურთს ვთამაშობ, ჭადრაკს ხომ არა?!

 

 

”ზესტაფონში” ამაყობენ, რომ 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი მოძებნეს. მამუკა კობახიძემ იანვრიდან კარიერული ნახტომი გააკეთა და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი - ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელს, თავის გამოჩენის შანსი გაცილებით მაღალ დონეზე გია გეგუჩაძემ მისცა და ისიც იმედებს ამართლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ”საბურთალოს” ყოფილმა მცველმა თბილისის ”დინამოსთან” შეხვედრაში მართლაც საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა - მარჯვენა მცველმა გიორგი კახელიშვილს გასაქანი არ მისცა და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა.

მამუკა კობახიძე ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახა, მაგრამ ”დინამოსთან” მოედანი ტრავმის გამო დატოვა. დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, კობახიძე შეკრებაზე გამოცხადდა და ნაკრებშიც ივარჯიშა.

- მამუკა, როგორც ჩანს, ”დინამოსთან” მიღებული ტრავმა საშიში არ აღმოჩნდა.

- კუნთი დამეჭიმა, მაგრამ სერიოზული არაფერია და ნაკრების შეკრებაზეც გამოვცხადდი.

- კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთე - ჭაბუკთა ლიგიდან ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, ”ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იოლი საქმე არ არის.

- თამამად ვარ, რადგან ფეხბურთის თამაშის არასდროს მეშინოდა, მოედანზე სიმორცხვე არ გამომადგება.

- შენს ასაკში ასეთი სითამამით ბევრი არ გამოირჩევა.

- ფეხბურთის თამაშს მთხოვენ, ჭადრაკისას ხომ არა. თამაში კი არასდროს მიძნელდებოდა, მიყვარს და არ მაშინებს.

- გუნდს გაუშინაურდი?

- დიახ, საკმაოდ ადვილად, რადგან ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველანაირად მეხმარებიან.

- ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახა - ეს სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, სიურპრიზი იყო და თუკი შანსი მომეცემა, შევეცდები, კარგად ვითამაშო.

- ”დინამოსთან” შეხვედრაზე რას იტყვი?

- რთული თამაში იყო. ვცდილობდი, ჩემი ფლანგიდან პრობლემა არ შექმნილიყო და მწვავე შეტევა ჩამეშალა. მგონი, ეს ცუდად არ გამომდიოდა. სამწუხაროა, ტრავმის გამო, ბოლომდე რომ ვერ ვითამაშე.

- როგორც ვიცი, შენი გუნდიდან ”ზესტაფონში” სამი ფეხბურთელი აგიყვანეს.

- ”საბურთალოდან” მე, როსტომ გეწაძე და ბესიკ ამაშუკელი მიგვიწვიეს. იმედია, მალე ისინიც ძირითადში ითამაშებენ.

- ”დინამოსთან” მარჯვენა მცველი იყავი, არადა, როგორც ვიცი, ცენტრში თამაშობდი.

- ყველა პოზიციაზე მითამაშია და ერთიდან მეორეზე გადართვა არ მიჭირს.

- მართალია, რომ ბავშვობაში საკმაოდ შედეგიანი იყავი?

- თავიდან თავდასხმაში ვთამაშობდი, მაგრამ გიორგი დევდარიანმა პოზიცია შემიცვალა და დაცვაში დამაყენა. თუმცა გოლი დაცვაში თამაშის დროსაც ხშირად გამქონდა.

 

მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005