მატჩი ”დინამოსთან”.
2010 წლის 26 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის 13-გზის ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბს ”დინამოს”.
უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ორი წამყვანი გუნდის დღევანდელმა დაპირისპირებამ ზესტაფონელი გულშემატკივრის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია - ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე 4 000 მაყურებელმა მოიყარა თავი. პირველი ტაიმი, ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, უგოლოდ - 0-0 დასრულდა. არადა, მასპინძლები რამდენიმე ეპიზოდში მიზანთან ახლოს იყვნენ - თავის გამოჩენა შოთა გრიგალაშვილს, ორჯერ ნიკა გელაშვილს და მურთაზ დაუშვილს შეეძლოთ.
პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის მეორე ნახევარი გუნდებმა ორმხრივ იერიშებში გაატარეს. გადამწყვეტი 87-ე წუთი გამოდგა, მასპინძელთა კართან ჩამოწოდებული კუთხური თავური დარტყმით გოლად გურამ კაშიამ აქცია, დინამოელთა გამარჯვება - 0-1.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "უპირველეს ყოვლისა, მინდა ის ლამაზი ატმოსფერო აღვნიშნო, რომელიც დღეს სტადიონზე სუფევდა. მინდა, ზესტაფონელ მაყურებელს ბოდიში მოვუხადო, რადგან მათი მხარდაჭერა სათანადოდ ვერ დავაფასეთ. აქვე, ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. მეორე ტაიმში აშკარად აირია გუნდი, ქაოტური თამაში იყო. არადა, ჩვენი კოზირი სწრაფი თამაში და ბურთზე სწრაფ კონტროლზეა აწყობილი. სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ, ფეხბურთელებმა შეცდომებს უმატეს და თამაშის გამოსწორებაში ორმა იძულებითმა შეცვლამაც შეგვიშალა ხელი".
კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "დღეს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა. ფეხბურთი ასეა, ვისაც გაუმართლებს, ის იგებს. ისეთი თამაში იყო, თავიდანვე ნათელი გახდა, რომ მატჩის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტდა. ზესტაფონი კარგი გუნდია და სასიხარულოა, რომ მასთან 3 ქულის მოპოვება შევძელით".
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 მარტს გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”ვიტ-ჯორჯია” იქნება ...
|