დუბლიორები "ბენდელას” თასზე.
2010 წლის 11-25 თებერვალს ქალაქ რუსთავში იმართება ”ბენდელას” თასის მეცხრამეტე გათამაშება. ტურნირში, თბილისის ”დინამოს”, რუსთავის ”ოლიმპის”, ”გაგრას” (სამივე შემთხვევაში - დუბლი) და ”დუშეთის” გუნდებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებიც მონაწილეობენ.
”ბენდელას” თასზე ზესტაფონელთა მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის გურამ ასპინძელაშვილის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: კახაბერ მეშველიანი, გიორგი კიკაბიძე, ალექსანდრე გიორგაძე;
მცველები: კარენ მაკარიანი, მამუკა კობახიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი გურაბანიძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით ფერაძე, თევდორე ლურსმანაშვილი, ანრი ტყეშელაშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი მიქაბერიძე, როსტომ გეწაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი კაპანაძე, ნოდარ კიკნველიძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, აკაკი სირბილაძე, ლევან სეთურიძე;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ ჩიხლაძე, ზურაბ ღირდალაძე, საბა ლომია, დავით ხუჯაძე.
16 თებერვალს ტურნირის სასტარტო შეხვედრაში იმერლები მასპინძლებს, რუსთავის ”ოლიმპის” რეზევისტებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 1-2 დათმეს. სტუმართაგან თავი ნიკოლოზ ჩიხლაძემ გამოიჩინა.
წარუმატებელი გამოდგა მეორე მატჩიც - 3-5. ამჯერად ზესტაფონელთა ოპონენტები თბილისის დინამოელები გახლდნენ. მარგველთა გოლები საბა ლომიას, გიორგი კაჭკაჭიშვილისა და ზურაბ ღირდალაძის ანგარიშზეა.
20 თებერვალს ”ზესტაფონმა” ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ანგარიშით 2-1 (გოლები - ნიკოლოზ ჩიხლაძე და საბა ლომია) ”დუშეთი” დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა იმერულმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დუბლიორებთან 22 თებერვალს გამართა. მატჩი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 2-1 (გოლები - ლევან სეთურიძე და საბა ლომია). ჯგუფური ეტაპის შედეგად მარგველთა ახალგაზრდულმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილის გარდა, ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
25 თებერვალს ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალურ შეხვედრაში თბილისის ”დინამო” და ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 3-3 (გოლები - ნიკოლოზ ჩიხლაძე-2 და საბა ლომია), ხოლო პენალტების სერია უკეთ თბილისური გუნდის დუბლიორებმა შეასრულეს (5-4) და ”ბენდელას” თასსაც დაეუფლნენ.
საინტერესოა, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციაში ტურნირის გამარჯვებულებიც დაასახელეს. ზესტაფონელთაგან დაჯილდოვდნენ - ნიკოლოზ ჩიხლაძე (ტურნირის ბომბარდირი), საბა ლომია (საუკეთესო თავდამსხმელი), როსტომ გეწაძე (ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელის პრიზი) და გურამ ასპინძელაშვილი, რომელმაც ტურნირის საუკეთესო მწვრთნელისათვის განკუთვნილი პრიზი დინამოელთა დამრიგებელ დავით კევლიშვილთან გაინაწილა.
|