ზურაბ იონანიძე - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია!
კვირას, 11 ივნისს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დია 2006-ის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ 2005-06 წლების სეზონის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა.
ცერემონიალს დუტა სხირტლაძე და ეკა ნიჟარაძე უძღვებოდნენ, ხოლო სანახაობა ანსამბლ ”ერისიონის”, ასევე მომღერლების დათო გომართელის და მერაბ სეფაშვილის შემოქმედებამ გაალამაზა.
საქართველოს 2005-06 წლების ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ ზესტაფონის ”ზესტაფონის” კარის დარაჯი გრიგოლ ჭანტურია აღიარეს. ამ ნომინაციაში მის გარდა წარდგენილნი იყვნენ ბოლნისის ”სიონის” მეკარე ზურაბ ბათიაშვილი და თბილისის ”ამერის” კარის დარაჯი ზურაბ ქვაჩახია.
საუკეთესო მცველი ”ამერის” ფეხბურთელი ვახტანგ ხვადაგიანი გახდა. მან ”სიონის” უკანახაზელ დავით ჭიჭვეიშვილს და თბილისის ”დინამოს” ყოფილ ფეხბურთელ გიორგი შაშიაშვილს აჯობა.
საუკეთესო ნახევარმცველად თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი დავით იმედაშვილი დასახელდა. მან თანაგუნდელი დავით დიღმელაშვილი და ზესტაფონის ”ზესტაფონის” წევრი გოგი ფიფია ჩამოიტოვა.
ეროვნული ჩემპიონატის უძლიერესი თავდამსხმელის სახელი ზესტაფონის ”ზესტაფონის” ფორვარდმა ზურაბ იონანიძემ მოიპოვა. ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელი ოთარ მარცვალაძე და ”სიონის” გოლეადორი კოკა მიკუჩაძე.
საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი თბილისის ”დინამოს” თავდამსხმელ ჯაბა დვალს გადაეცა, რომელმაც მე-17 ეროვნულ ჩემპიონატში 21 გოლის გატანა შეძლო.
საუკეთესო მსაჯად გიორგი ვადაჭკორია დაასახელეს. ამ ნომინაციაში პრიზისთვის ლევან ფანიაშვილი და ლაშა სილაგავაც იბრძოდნენ.
წლის აღმოჩენად თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელი სანდრო კობახიძე აღიარეს. მან თბილისის ”ამერის” ფორვარდ რატი წინამძღვრიშვილს და დედაქალაქის ”ვიტ ჯორჯიას” თავდამსხმელ ნიკა გელაშვილს აჯობა.
საუკეთესო მწვრთნელის ტიტული საქართველოს ჩემპიონის ბოლნისის ”სიონის” თავკაც კახა ცხადაძეს ერგო. მან ბათუმის ”ბათუმის” მწვრთნელ ოთარ გაბელიას და საქართველოს თასის მომგებ ”ამერის” თავკაც გიორგი ჩიხრაძეს აჯობა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ზურაბ იონანიძე დაასახელეს. ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ კოკა მიკუჩაძე და ოთარ მარცვალაძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და პროფლიგის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ პირველი არხის სპორტული რედაქტორი ლაშა დვალიშვილი და პირველი სტერეოს გადაცემა ”ჩვენი ფეხბურთის” ავტორი და წამყვანი მიხეილ ჯორბენაძე.
საუკეთესო პროექტად საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაციის წამოწყება, სკოლბურთში პეპსის თასის გათამაშება დასახელდა. მთავარი პრიზი თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს შოთა ბაქრაძეს გადასცა.
წლეულს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პირველად დაასახელა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ შოთა არველაძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი. საუკეთესოდ შოთა არველაძე ირჩიეს - ჰოლანდიის ”ალკმაარის” შემადგენლობაში მან ჩინებული სეზონი ჩაატარა და ოცდაათამდე გოლი გაიტანა. მთავარი ჯილდო ბომბარდირს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გადასცა.
გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იქნა დაჯილდოვებული შ.პ.ს. ”აიეტი”-ს მიერ დაწესებული პრიზით - 2005-2006 წლის საფეხბურთო სეზონში წაუგებელი სერიისათვის (26 მატჩი).
|