21.02.2010

 

 

მარგველთა სტუმრობა ბოლნისში.

 

 

 

2010 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”სიონს”.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტებში ეს უპირატესობა არ ასახულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები აქტიურობდნენ, გიორგი მაისურაძე დაემუქრა კიდეც სტუმართა კარს, მაგრამ მის დარტყმულს ზესტაფონელთა მცველები გადაეღობნენ. ზოგადად, მეორე ტაიმი კვლავაც იმერელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა გუნდებს ისევ უჭირდათ. გადამწყვეტი მატჩის 86-ე წუთი გამოდგა - თორნიკე აფციაურმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთი ჯაბა დვალს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომიდან შორეულ კუთხეში უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა. ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 1-0.

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული თამაში გვქონდა. მეტოქე კონტრშეტევებზე გვეთამაშებოდა და ამდენად, მათი დაცვის მიერ მჭიდროდ ჩაკეტილი იყო საჯარიმოს მისადგომები. ბოლოს აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ და გაგვიმართლა. ასეთ მძიმე გრუნტზე კომბინაციური თამაშის ჩვენება, პრაქტიკულად გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ 3 ქულის აღებამ ხასიათი ცოტათი გამომიკეთა".

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 26 თებერვალს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე თბილისის ”დინამო” იქნება ...

 

21/02/2010 - ”სიონი” - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005