17.02.2010

 

 

მატჩი ზღვისპირელებთან.

 

 

2010 წლის 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” უმასპინძლა.

 

მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა 3 000 მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ნათელ ხსოვნას ...

შეხვედრის პირველი ნახევარი პოზიციურ ბრძოლაში მიილია, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება - სწრაფი შეტევა ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის მონაწილეობით საგოლე დარტყმით ირაკლი ძარიამ დააგვირგვინა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა მრავალი საგოლე მომენტი შექმნეს გაგრელთა კართან და აქედან სამი კომბინაცია სტუმართა კარის აღებით დასრულდა. 54-ე წუთზე ჯაბა დვალმა ნიკა გელაშვილი გაიყვანა რევაზ თევდორაძესთან პირისპირ, ზესტაფონელთა ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია. 65-ე წუთზე ზესტაფონელთა ბომბარდირმა დუბლიც შეასრულა, ამჯერად ასისტენტობა მას ალექს ბენაშვილმა გაუწია. 82-ე წუთზე ლევან კორღალიძის ჯერიც დადგა, რომელიც საგოლე გადაცემით რატი წინამძღვრიშვილმა ”მოამარაგა”. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში გაგრელებმა მოახერხეს, მატჩის არბიტრ დავით ხარიტონაშვილის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ზვიად ჩხეტიანის მიერ გატანილი ”პრესტიჟის გოლი” გახლდათ - 4-1.

 

17/02/2010 - ”ზესტაფონი” - ”გაგრა” 4-1

დაწვრილებით:

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005