13.02.2010

 

 

იმერული დერბი.

 

 

 

2010 წლის 13 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურის ერთი მატჩი. სამტრედიაში გამართულ მორიგ იმერულ დერბიში ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. უკვე 7-ე წუთზე ნიკა გელაშვილმა ჯაბა დვალი მასპინძელთა გოლკიპერ დავით ხარძეიშვილთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა ზესტაფონელი ფორვარდის პირველი დარტყმა მოიგერია, თუმცა ჯაბა დვალის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. 27-ე წუთზე კი ანგარიში უფრო სოლიდურიც გახდა - თორნიკე აფციაურის კუთხურიდან ჩამოწედუბულ ბურთს ირაკლი ძარია შეეგება და დამუშავების გარეშე ბურთს სამტრედიელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 36-ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა შემცირდა - მასპინძელთა სახიფათო კომბინაცია საგოლე დარტყმით ვალიკო ტყემალაძემ დაასრულა.

მეორე ტაიმის დაწებისთანავე ირაკლი ძარიას დუბლის შესრულება შეეძლო - შორი დისტანციიდან მისი დარტყმული სამტრედიელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, მიმართულებაშეცვლილ ბურთს მასპინძელთა გოლკიპერი თითებით შესწვდა, ამის შემდეგ კი ბურთი კარის ძელს მოხვდა. 62-ე წუთზე უკვე მასპინძლებს მართებდათ გატანა - ზაურ ხაჭიპერაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა შოთა ჩომახიძემ შეასრულა, თუმცა როინ კვასხვაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. სამაგიეროდ, ზუსტად 3 წუთში თავის შანსის გამოყენება არ გასჭირვების ჯაბა დვალს - ზესტაფონელი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და სტუმართა ორბურთიანი ”ჰანდიკაპი” აღადგინა. 70-ე წუთზე სამტრედიელებმა მაინც იხეირეს - გიგა ჟვანიამ სტუმართა დაცვისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრას ინტრიგა შეუნარჩუნა - 2-3. დარჩენილი წუთები გუნდებმა აქტიურად ჩაატარეს, თუმცა, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება ზამთრის პაუზის შემდეგ - 3-2 .

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული სათამაშო ამინდი იყო. არც მინდვრის საფარი გახლდათ სასურველ მდგომარეობაში. კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა და თავდადება გამოიჩინეს. მოხარული ვარ, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მაინც სასურველ შედეგს მივაღწიეთ".

ზაზა ტონია ("სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი): "ბრძოლა იყო და ბიჭებმა, შეძლებისდაგვარად, მეტოქეს არაფერი დაუთმეს. ძალიან დასანანია, რომ 1:2-ზე პენალტი ვერ გამოვიყენეთ. ქარიანი ამინდის გამო, ბურთის დაკარგვის მაღალი პროცენტი გვქონდა ჩვენც და მეტოქესაც".

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 თებერვალს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...

 

13/02/2010 - ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 2-3

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005