04.02.2010

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

"ოლიმპის" "სატელიტებზე" საუბარს ყურადღებას არ ვაქცევთ.

 

 

საქართველოს ჩემპიონობის ერთ-ერთმა მაძიებელმა, ს.კ. ”ზესტაფონმა” ზამთრის შესვენება ქართულ კლუბთაგან ყველაზე ნაყოფიერად გამოიყენა. პირველ ეტაპზე თურქეთში ნავარჯიშებმა ყვირილისპირელებმა, ახლახან ესპანურ ესტეპონაში საკმაოდ სახელიან მეტოქეებთან შეამოწმეს თავიანთი მზადყოფნის დონე. გუნდი დისლოკაციის ადგილს გუშინ დაუბრუნდა, თუმცა თბილისში ჩამოწოლილმა ბურუსმა ზესტაფონელებს მგზავრობა გაუგრძელა. უამინდობის გამო მათი თვითმფრინავის მიღება თბილისის აეროპორტმა ვერ შეძლო. კლუბის ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას გზა ერევნამდე გაუგრძელდათ, საიდანაც თბილისამდე ავტობუსით იმგზავრეს.
”ზესტაფონი” საქართველოში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, როდესაც ”მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.


- საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებისგან განსხვავებით ”ზესტაფონმა” ორი სრულფასოვანი შეკრება გაიარა. არის ეს იმის გარანტი, რომ გუნდი სეზონის განახლებას კონკურენტებზე უკეთ მომზადებული შეხვდება?
- ფეხბურთში გარანტირებული არაფერია. შეკრებების მიზანი არა მხოლოდ მომზადება, არამედ, სამომავლოდ, ევროსარბიელზე გასვლის წინ, გამოცდილების მიღება იყო. საქართველოში და ევროტურნირებზე რადიკალურად განსხვავებულ პირობებში გვიწევს ასპარეზობა. გუნდები, რომლებსაც ჩვენ შეკრებისას ვეთამაშეთ, სათამაშო დონით ახლოს არიან მათთან, ვისთანაც ვეროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრა გვიწევს

- ესპანეთში სამი ამხანაგური მატჩი გამართეთ საკმაოდ სერიოზულ გუნდებთან (”აუსტრიასთან” - 1:0, ”ლეგიასთან” - 3:1 და პრაღის ”სპარტასთან” - 1:2). ამ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გუნდი სათამაშო ფორმის პიკზეა?
- ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ჩემპიონატის განახლებას პიკზე შევხვდეთ. სათამაშო ფორმას ტურნირის მსვლელობისას ”ავკრეფთ”. ამჟამად, 75 პროცენტით ვართ მზად. სპარინგებში ნათლად ჩანს გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეგვეძლო გაცილებით სუსტ გუნდებთან გვეთამაშა და მოგვეგო, რითაც დადებით ფსიქოლოგიურ ფონს შევქმნიდით, მაგრამ ნაკლს ვერ დავინახავდით. თუმცა, ჩატარებული მატჩების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა დადებითი არაა. გამოჩნდა, რომ თამაში და გამარჯვება ყველასთან შეიძლება. ”აუსტრიასთან” და ”ლეგიასთან” მატჩებში მეტწილად უპირატესობა გვქონდა, ხოლო ”სპარტამ” მეორე ტაიმში გვაჯობა.

- გუნდის ახალწვეულებმა დავით მჭედლიშვილმა და მამუკა კობახიძემ თქვენი მოწონება თუ დაიმსახურეს?
- მთლიანობაში მათი გარჯით კმაყოფილნი ვართ. თუმცა, უფრო მეტი მოეთხოვებათ. აქამდე მჭედლიშვილს სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა. ვთვლი, რომ მას შეუძლია უფრო მოუმატოს. კობახიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია და ჩემი აზრით, ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. სავიზო პრობლემების გამო, ესპანეთში ვერ წავიყვანეთ გიორგი მიქაბერიძე. შეკრებაზე ჩატარებულ სამივე ამხანაგურ შეხვედრაში თამაშის საშუალება მივეცით რატი წინამძღვრიშვილს, რომელსაც მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ სათამაშო ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება.


- უჩა ლობჟანიძის დნეპროპეტროვსკის ”დნიპროში” გადასვლა გუნდისთვის რამდენად დიდი დანაკლისია?
- ლობჟანიძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მას ადვილად ნამდვილად არ შევლევივართ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მივიღეთ, რომ ფეხბურთელს კარიერის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა. ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატში მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული წინადადება მივიღეთ, აღარ შეგვიფერხებია. სხვათა შორის, თავად მას გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ასეთ შეთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა. ლობჟანიძეს წარმატებას ვუსურვებ. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სერიოზული ტრანსფერების განხორციელება შეგვიძლია. მისი შეცვლა მარჯვენა ფლანგზე გიორგი ონიანს, მჭედლიშვილსა და კობახიძეს შეუძლიათ.


- სამაგიეროდ, დავით გამეზარდაშვილი დაიმატეთ...
- ჩვენ ამ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ის საქართველოში თამაშის პერიოდშიც მომწონდა. გამეზარდაშვილმა რიგის ”სკონტოში” რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა და გუნდის კაპიტანიც იყო. კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ვთვლი, რომ იგი კიდევ უფრო მოუმატებს. გამეზარდაშვილის მოსვლით დაცვის ცენტრში კონკურენცია გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავდეს.

- ”ზესტაფონის” მიზანი საქართველო ჩემპიონობაა და შეძლებს გუნდი გათამაშების ლიდერ რუსთავის ”ოლიმპთან” 7-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრას?
- შეუძლებელი არაფერია. პირველყოვლისა, ნებისმიერი მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც უკანასკნელისთვის. პირველი ეტაპის მსგავსად ქულები უბრალოდ არ უნდა დავკარგოთ.


- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რამდენად დიდი გავლენა ექნება ”გარეშე ფაქტორებს”? ეთანხმებით კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველებს ჩემპიონატში ”სატელიტი” კლუბები ჰყავთ, რომლებთანაც საჭიროების შემთხვევაში 3 ქულის აღება გარანტირებული აქვთ?
- ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ჩემი პირადი საქმეა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მსგავს საუბარს ყურადღებას არ ვაქცევთ. მიზანი დასახული გვაქვს და თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია.

 

ლაშა თაბაგარი, გაზეთი ”სპორტული ამბები”
   
FC ZESTAFONI © 2005