ლობჟანიძე ქინქლაძეს 400 ათასით ჩამორჩა.
"ზესტაფონი" რეკორდული ტრანსფერების განხორციელებას განაგრძობს. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა წარმატებულმა კლუბმა საქართველოს ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" 2 მილიონ ევროდ გაყიდა - კლუბი თანხას ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს.
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ორჯერ ნაკლებად, მაგრამ მაინც ძალიან სარფიანი გარიგება 2008 წელს მოახერხა, როცა იმავე "დნიპროს" საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა გოცირიძე მიჰყიდა.
შეუძლებელია, ასეთი ტრანსფერები არ გვახარებდეს, რადგან ერთი ქართული კლუბი ნაწილობრივ ფინანსურ შვებას მაინც იგრძნობს და მხოლოდ ხარჯებს არ დაითვლის. მეტი შემოსავალი კი მეტი ნიჭიერი ახალგაზრდის გაზრდისა და თუნდაც უცხოეთში მიმოფანტული ქართველების ჩამოყვანის მეტ საშუალებას მისცემს - კლუბში ამის სურვილი რომ არსებობს, თორნიკე აფციაურის, ლევან კორღალიძისა და ახლახან დავით გამეზარდაშვილის ტრანსფერებიც ადასტურებს. ეს კლუბის გაზრდისა და ევროთასებზე მისი უფრო დამაჯერებლად გამოსვლის იმედს გვაძლევს.
ლობჟანიძის ტრანსფერი სხვა ქართულ კლუბებსაც შეეშველება ევროპულ თუ რუსულ ბაზარზე მოლაპარაკებებში და იმის დამტკიცებაში, რომ ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებში საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდიან. სხვათა შორის, ამ კუთხით თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორის ბუბა ტყავაძის დამოკიდებულებაა აღსანიშნავი - ის ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თბილისის "დინამოს" ისტორიიდან და სახელიდან გამომდინარე, ფეხბურთელის 100 ათასად გაყიდვის უფლება არ აქვს. მან მოახერხა და სანდრო კობახიძეში "დნიპრო" 800 ათასი დოლარის გადახდაზე დაითანხმა, "ლე მანისგან" კი გაბონის ნაკრების მეკარე დიდიე ოვონოს სანაცვლოდ 700 ათასი ევრო (ლამის მილიონი დოლარი) მიიღო.
საერთოდ, დნეპროპეტროვსკელები ქართული ბაზრის მიმართ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენენ და ეს ილია კოკაიას დამსახურება უნდა იყოს. მას და "დნიპროს" ხელმძღვანელობას მეგობრული და საქმიანი კავშირები აქვთ.
და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატიდან უცხოურ კლუბებში წასულ ფეხბურთელთა სარეკორდო ტრანსფერები.
1. 1995, გიორგი ქინქლაძე - 3.2 მლნ. დოლ. (დინამო-მანჩესტერ სიტი)
2. 2010, უჩა ლობჟანიძე - 2.78 მლნ. დოლ. (2.0 მლნ. ევრო, ზესტაფონი-დნიპრო)
3. 2008, ბექა გოცირიძე - 1.39 მლნ. დოლ. (1.0 მლნ. ევრო, ზესტაფონი-დნიპრო)
4. 2001, მიხეილ აშვეთია - 1.0 მლნ. დოლ. (ტორპედო (ქ)-კოპენჰაგენი)
5. 2009, დიდიე ოვონო - 0.97 მლნ. დოლ. (0.7 მლნ. ევრო, დინამო თბ-ლე მანი)
6. 2008, სანდრო კობახიძე - 0.8 მლნ. დოლ. (დინამო თბ-დნიპრო) |