დასკვნითი სპარინგი ესპანეთში.
2010 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ესპანური შეკრების დასკვნითი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე ამჯერად ჩეხური საკლუბო ფეხბურთს ”სახე”, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი პრაღის საფეხბურთო კლუბი ”სპარტა” გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთათვის მეტოქეობა მოსკოვის ”ლოკომოტივს” უნდა გაეწია, თუმცა, ”რკინიგზელთა” ხელმძღვანელობამ ქართველებთან საასპარეზოდ მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანა განიზრახა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა. შეკრების ორგანიზატორებს სასწრაფო რეჟიმში იმერელთათვის ახალი მეტოქის ძებნა მოუხდათ და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი - მარგველები სახელოვან პრაღის ”სპარტას” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე ჩეხეთის 10-გზის (ჩეხოსლოვაკიის - 20-გზის) ჩემპიონი, თავის ქვეყნის თასის 24-გზის მფლობელი, ევროტურნირების მუდმივი მონაწილეა. შეხვედრა ქალაქ ლა კალას ერთ-ერთი სასტუმროს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 16:10 (თბილისის დროით - 19:10) საათზე დაიწყო. ჩეხეთის ჩემპიონატის მეორე გუნდმა ქართველების წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი ათამაშა (მათ შორის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების ფეხურთელები), ხოლო ზესტაფონელებს ტრავმამოუშუშებელი გიორგი ონიანი აკლდათ.
იოზეფ ჰოვანეცის გუნდის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - მატჩის 1-ი წუთი იწურებოდა, როდესაც იმერელთა კარის სიახლოვეს სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი იურაი კუცკა აღმოჩნდა და ძლიერი დარტყმით ბურთი როინ კვასხვაძის მარცხენა კუთხეში გადაგზავნა. ამის შემდეგ, ინიციატივას მთლიანად ქართველები დაეუფლნენ და ერთი მეორეს მიყოლებით სახიფათო მომენტები შექმნეს მილან შვენგერის კართან. გოლის გატანა თორნიკე აფციაურს და შოთა გრიგალაშვილს მართებდათ, ერთ-ერთი შეტევისას, ნიკა გელაშვილის დარტყმის შემდეგ, იმერლებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ერთ ეპიზოდში კი ჩეხებიც იყვნენ ახლოს მიზანთან, მაგრამ გოლისაგან გუნდი როინ კვასხვაძემ იხსნა. ყველაზე სახიფათო მომენტი აფციაური-გელაშვილის სწრაფ კომბინაციას მოჰყვა, შეტევას სწორედ ნიკა აგვირგვინებდა, თუმცა, ამჯერად უკვე ჩეხმა გოლკიპერმა მოახერხა ურთულესი დარტყმულის მოგერიება. 40-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა - ირაკლი ძარიამ ”იუველირული” სიზუსტით ბურთი გადააწოდა ჯაბა დვალს, ჯაბამ ბურთი დაამუშავა და ჩეხთა კარის ცხრიანში გაისროლა.
მეორე ტაიმში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს, თავად შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ისეთი ბურთაობა გაჩაღდა, რომელშიც წაგებაცა და მოგებაც ერთნაირად შესაძლებელია. ჩვენთვის დასანანად, ბედმა მაინც სლავებს გაუმართლა - 78-ე წუთზე ზესტაფონელთა დაცვის უყურადღებობით ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლიბორ სიონკომ კარგად ისარგებლა და ულამაზესი დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 2-1.
|
01/02/2010 - ”სპარტა” (პრაღა, ჩეხეთი) - ”ზესტაფონი” 2-1 |
”ზესტაფონი”: რ კვასხვაძე, მჭედლიშვილი (ბენაშვილი, 46), კობახიძე, ხიდეშელი (კაჭკაჭიშვილი, 86), მაკარიანი (ელიავა, 46), ძარია (გორგიაშვილი, 83), დაუშვილი (ცხადაია, 75), აფციაური, გრიგალაშვილი, დვალი (კორღალიძე, 66), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 66).
”სპარტა”: შვენგერი, რჟეპკა (სუსი, 46), კუშნერი (ჰოჰენედერი, 46), პოლომი ( ბრაბეცი, 46), ჰეიდა (პამიჩი, 46), ჟოფჩაკი (კოვბა,46), კუცკა (კრეიჩი, 46), ზემანი (სიონკო, 46), ჰუშეკი (ვაცეკი,9 (ფოლპრეხტი, 59)), ლაჩნი (იროუშ, 46), კადლეცი ( იურდიკი, 29 (უილფრიდი, 59)).
|
ხვალ, 2 თებერვალს, მალაგა-პალმა დე მალიორკა-მიუნხენი-თბილისის მარშრუტით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება ...
|