საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე, ”ზესტაფონსა” და დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო კლუბ ”დნიპროს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკრაინული კლუბის ღირსებას დაიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ”ზესტაფონი” არ იყო მომხრე იმისა, რომ ფეხბურთელს კლუბი დაეტოვებინა, თავად ფეხბურთელის ახალ დონეზე გადანაცვლების სურვილის გათვალისწინებით და მისი პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, იმერულმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება უჩა ლობჟანიძის გასხვისების შესახებ. როგორც გახდა ცნობილი, დნეპრისპირელები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფეხბურთელს და მისი თავის რიგებში ხილვაც სურდათ.
კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ოთხ წელიწადში, რომელსაც უჩა ლობჟანიძე ”დნიპროს” მაისურით გაატარებს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ორ მილიონ ევროს მიიღებს.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ უკრაინულ მხარესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქინქლაძის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებიდან გასხვისებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმატებას უსურვებს უჩა ლოჟანიძეს (უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში კლუბისა და ზესტაფონელთა გულშემატკივრის ერთგულ სპორტსმენსა და პიროვნებას!) და მის ახალ კლუბს !