საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მატებაა. კლუბმა შრომითი ხელშეკრულება ახალ ფეხბურთელთან გააფორმა - 27-წლის ახალწვეულის სახელია დავით გამეზარდაშვილი. გამოცდილი მცველი, რომელიც ბოლოს რიგის ”სკონტოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით გუნდის ახალწვეულის შესახებ:
დავით გამეზარდაშვილი- მცველი; დაბადებულია - 07/05/1982; სიმაღლე - 196 სმ, წონა - 90 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2003-2006.”სკონტო”(რიგა, ლატვია) - 2007-2009. ახალწვეული გუნდს ამ უკანასკნელის ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე შეურთდება.
რაც შეეხება ესპანეთში შეკრებაზე მყოფ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდს, უნდა ითქვას, რომ გუნდის განრიგში გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეს ”მეტალურგმა” უარი განაცხადა ქართველებთან დღეს საღამოს დაგეგმილ სპარინგ-მატჩზე უკრაინულ გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლის მომიზეზებით. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ”ზესტაფონი” ვარშავის ”ლეგიასთან” ხვალ 13:00 საათზე (თბილისის დროით - 16:00 საათზე) გამართავს.