გამარჯვება ”აუსტრიასთან” შეხვედრაში.
2010 წლის 26 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ესპანური შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ავსტრიული ფეხბურთს ერთ-ერთი ფლაგმანი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ვენის საფეხბურთო კლუბი ”აუსტრია”.
შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელთა მეტოქე ავსტრიის 23-გზის ჩემპიონი, ავსტრიის თასის 27-გზის, საკუთარი ქვეყნის სუპერთასის 6-გზის, მიტროპას თასის (ტურნირი, რომელშიც ცენტრალური ევროპის ქვეყნების წამყვანი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას) ორგზის მფლობელი, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1978 წლის ფინალისტი და უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახლდათ, ქალაქ ესტეპონას გოლფ-კლუბ ”Doña Julia" -ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 16:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. ავსტრიის ჩემპიონატის მესამე გუნდი ქართველებს ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდა - ალპელებს მხოლოდ ექს-”ტოტენჰემელი” სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი აკლდათ .
დანაკლისით გავიდნენ მოედანზე ქართველებიც - ავადმყოფობის გამო გუნდს გიორგი ონიანი და ზურაბ მამალაძე გამოაკლდნენ. პირველი ტაიმი კავკასიელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, იმერლებს რამდენიმე ეპიზოდში შეეძლოთ ”აუსტრიის” მეკარის ჰაინც ლინდნერის დამწუხრება, მაგრამ სახიფათო მომენტების გამოყენება მხოლოდ ერთხელ მოხერდა - 28-ე წუთზე ნიკა გელაშვილი მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ბურთი ავსტრიელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
მას შემდეგ, რაც გია გეგუჩაძემ მეორე ტაიმში რამდენიმე ფეხბურთელი გამოცვალა, სათამაშო უპირატესობას ავსტრიელი ფეხბრთელები დაეუფლნენ, მათ რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს ზესტაფონელთა კართან, მაგრამ, ქართული გუნდის სასახელოდ, უნდა ითქვას, რომ მან შეძლო მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. პირველი გამარჯვება ესპანეთში- 1-0 .
|
26/01/2010 - ”აუსტრია” (ვენა, ავსტრია) - ”ზესტაფონი” 0-1 |
”ზესტაფონი”: რ. კვასხვაძე, მჭედლიშვილი (კობახიძე, 74), ლობჟანიძე, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი (მაკარიანი, 90), ძარია (კორღალიძე, 59), გრიგალაშვილი (გორგიაშვილი, 75), აფციაური (ცხადაია, 77), დვალი (ბენაშვილი, 59), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 67).
”აუსტრია”: ლინდნერი, დრაგოვიჩი (მადლი, 61), ბაკი (ორტცეჰნერი, 46), დიაბანგი (გაბორი, 61), ფორისეკი, იუნუზოვიჩი (ბ. სულიმანი, 46), ლეოვაცი (ლინდლი, 46), ე. სულიმანი, კრამერი (შუმახერი, 46), შტანდფესტი, ტოპიჩი. |
შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 28 იანვარს ზაპოროჟიეს ”მეტალურგთან” გამართავს ...
|