გუნდი თბილისში, განათება ზესტაფონში.
2010 წლის 21 იანვარს, სამდღიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში შეიკრიბა. 23 იანვარს კი გუნდი მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში, სადაც 23 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადების დასკვნითი მეორე ეტაპი.
იმერული გუნდი ანდალუსიაში თბილისი-მიუნხენი-მალაგას მარშრუტით გაემგზავრება. ზესტაფონელები დაბინავდებიან ქალაქ ესტეპონას სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში (იხილეთ პირველ ფოტოზე), რომელიც საქვეყნოდ ცნობილ კურორტ მარბელიას დასავლეთით 23 კილომეტრითაა დაშორებული.
ესპანური შეკრებისას დაგეგმილია 4 ამხანაგური მატჩის გამართვა - 26 იანვარს იმერლები ვენის ”აუსტრიას” დაუპირისპირდებიან, 28-ში ზაპოროჟიეს ”მეტალურგთან” სპარინგ-მატჩში მოსინჯავენ ძალებს, 29-ში ჩვენი მეტოქე ვარშავის ”ლეგია” იქნება, ხოლო შეკრების დასკვნით შეხვედრას ზესტაფონელები მოსკოველ რკინიგზელებთან 1 თებერვალს გამართავენ.
რაც შეეხება ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს, ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ არენაზე დასასრულს მიუახლოვდა განათების სისტემის დამონტაჟება. სისტემა გუშინ საღამოს პირველად იქნა ”საქმეში გასინჯული” და იმის მიუხედავად, რომ მთელი სიმძლავრით არ ამოქმედებულა, სტადიონის განათებამ სტადიონზე შეკრებილი გუნდის 100-მდე გულშემატკივრისა და უბრალო ზესტაფონელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია ...
|