დუბლიორთა დასკვნითი მატჩი თურქეთში.
21 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობამ გამართა თურქული შეკრების დასკვნითი ამხანაგური მატჩი. იმერელთა რეზერვისტები რუსეთის პრემიერ-ლიგის წარმომადგენელი რამენსკოეს ”სატურნის” ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდნენ.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში გურამ ასპინძელაშვილის გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო გიორგი ჭანკოტაძე, თედო ლურსმანაშვილი და მამუკა კობახიძე დააკლდნენ. ნორჩმა ზესტაფონელებმა დღევანდელი მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: კიკაბიძე, კუბლაშვილი, ამაშუკელი, გურაბანიძე, კიკნაველიძე, გეწაძე, გაჩეჩილაძე (სარდანაძე, 46), გიორგობიანი, კაპანაძე, ჩიხლაძე, ლომია (ღირდალაძე, 70).
შეხვედრის პირველი ნახევარი ”სატურნის” უპირატესობით წარიმართა და უკვე 1-ე წუთზე ალექსეევმა რამენსკოელები დააწინაურა. ამის შემდეგ რამდენიმე ეპიზოდში იმერლებს მართებდათ გატანა, თუმცა 16-ე წუთზე ბრაგინმა მეორედ აიღო ქართველთა კარი, ხოლო ტაიმის ბოლოს ალექსეევმა მესამეჯერაც დაამწუხრა ზესტაფონელები.
მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ გოლი ისევ ”ზესტაფონის” რეზერვისტთა კარში გავიდა - 87-ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი პოპოვმა დააფიქსირა - 0-4.
ხვალ, 22 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა სამშობლოში ბრუნდება ...
|