ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
შედეგზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ათდღიანი თურქული შეკრებიდან გუშინ დაბრუნდა. გუნდმა საკურორტო ქალაქ სიდეში სამი საკონტროლო შეხვედრა გამართა. მათში ნაჩვენები შედეგებით (ყაზახურ ”ტობოლთან” 0:5, თურქულ ”პურსაკლარსპორთან” 3:3, უკრაინულ ”დნიპროსთან” 2:1) თუ ვიმსჯელებთ, იმერლებმა სასურველი კონდიციების ”აკრეფა” თანდათანობით შეძლეს. მთავარმა მწვრთნელმა, ხმელთაშუა ზღვისპირა შეკრებაზე ორი უცხოელი კიპერი გამოსცადა და როგორც აღმოჩნდა, გუნდში არსებულ კადრებს ვერცერთმა, თუნდაც რომელიმე კომპონენტით ვერ აჯობა.
”ზესტაფონის” თავკაც გია გეგუჩაძეს ”სპორტული ამბები” საქართველოში დაბრუნებისთანავე დაუკავშირდა.
- ბატონო გია, როგორ შეფასებას მისცემდით შეკრებას?
- შეკრებას ყველა კომპონენტში დადებითად ვაფასებ, რადგან ვხედავდი, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი თავდაუზოგავად შრომობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დატვირთვები ჰქონდათ, ყველა დასახული დავალება ისე შესრულდა, როგორც მიზნად ვისახავდით. უშუალოდ ჩატარებულ მატჩებს რაც შეეხება, ბუნებრივია, ყოველთვის სასიხარულოა მოგება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მათში ნაჩვენები შედეგებისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ გაგვიმახვილებია.
- თუმცა ის, რომ ”დნიპროს” მოუგეთ, ”ტობოლთან” კი საკმაოდ დიდი ანგარიშით დამარცხდით, ალბათ, ამ გუნდების რეალურ ძალაზე აზრის შესაქმნელად საკმარისი ვერ იქნება.
- მოდით, ის ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდი სასურველი კონდიციებიდან ჯერ კიდევ შორსაა. რომ იტყვიან, ”არ დაფრინავდნენ” ბიჭები იმის გათვალისწინებით, რომ მათ საკმაოდ დიდი დატვირთვების შემდეგ უწევდათ თამაში. ”ტობოლთან” შეხვედრაში ჩვენ გარკვეული გადაადგილებები გვქონდა შემადგენლობაში, მაგრამ მეტოქეს, მართლაც კარგი თამაში არ უნდა დავუკარგოთ.
- გქონდათ მცდელობა გუნდის მეკარეებისთვის კიდევ ერთი კონკურენტი მიგემატებინათ - სინჯებზე გყავდათ სლოვენიელი და ბრაზილიელი მეკარეები...
- ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, იმ მეკარეებით შემოვიფარგლებით, ვინც გვყავს. სინჯებზე მყოფი ეს მეკარეები ნამდვილად ვერ სჯობდნენ ჩვენებს, თუნდაც რომელიმე კომპონენტში. კლუბი ძიებას მომავალშიც გააგრძელებს. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას ამ საკონტროლოებშიც და გაძლიერება ნაღდად არ გვაწყენს, რაც მეკარეებს არ ეხებათ.
- თურქეთში თქვენი ყოფნისას, კლუბმა ორ ფეხბურთელთან - მჭედლიშვილთან და მიქაბერიძესთან გააფორმა კონტრაქტები. შუა სეზონში ამით შემოიფარგლებით, თუ ესპანურ შეკრებაზეცაა მოსალოდნელი ვინმეს დამატება?
- შეიძლება ითქვას, რომ თუკი, რომელიმე ფეხბურთელის საქმეში ნახვაზე იყო საუბარი, ეს ეტაპი თურქეთში გავიარეთ. ვიმუშავებთ უკვე იმათ შეთამაშებაზე, ვინც გუნდში ამჟამად გვყავს. 23 იანვარს ესპანეთში გავემგზავრებით და იქ, უკვე არსებული ფეხბურთელებით მოხდება სხვადასხვა ტაქტიკური სქემების მოსინჯვა და მათი დახვეწა. ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობ ფეხბურთელებთან არავითარი ურთიერთობა არ გვექნება.
- თურქეთში ”ზესტაფონის” ერთ-ერთი მეტოქე (დონეცკის ”მეტალურგი”) თავად ადგილზე ჩასვლის შემდეგ შეიცვალა. ამ მაგალითისა და თქვენი სარეზერვო გუნდის მეტოქეთა მუდმივი ცვლილებების ფონზე, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შეკრება ამ მხრივ მთლად კარგი ორგანიზებული ვერ იყო.
- სანამ სასტუმროს მენეჯერთან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ჩვენ მანამდე გაგვაგებინა თურქულმა მხარემ, რომ ”მეტალურგთან” ჩვენი მატჩი არ შედგებოდა. ასე რომ, ორგანიზაციულ მხარეს ამას ვერ დავაბრალებ. თუმცა, ყველაფერი სამუშაო პროცესში ხდებოდა და მასში ცვლილებები ყოველთვისაა მოსალოდნელი. იმედი მაქვს, რომ ესპანეთში ასე არ მოხდება და უკვე შეთანხმებული ხელშეკრულების პირობები არ შეიცვლება. საქართველოდან გამგზავრებამდე ზუსტად გვეცოდინება ვისთან მოგვიწევს თამაში.
- როგორია გუნდის გეგმა საქართველოში ყოფნისას?
- ყველანი სამი დღე დაისვენებენ. 21-ში და 22-ში გუნდი ივარჯიშებს, ხოლო 23 იანვრის გამთენიისას, ”ზესტაფონი” ესპანეთში გადაფრინდება.
|