ამხანაგური მატჩი ”დნიპროსთან”.
2010 წლის 17 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ქალაქ დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო კლუბი ”დნიპრო”.
შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელთან ახლოს, ”ემირხანის” სასტუმროს საფეხბურთო კომპლექსის მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 11:30 (თბილისის დროით - 13:30) საათზე დაიწყო. უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ”დნიპრო” ქართველებს ფაქტიურად ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდა - მოედანზე უკრაინული გუნდის ძირითადი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდამხარ გუნდში ახლადგამოჩენილი 2 ფეხბურთელიც გამოჩნდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. უნდა ითქვას, გუნდებს ეტყობოდათ, რომ ორივე კოლექტივი სეზონის განახლებისათვის მზადების საწყისს სტადიაში იმყოფება. შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ზესტაფონელებმა შექმნეს - ნიკა გელაშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა დნეპრისპირელთა კარში, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია. უკრაინელებმა ზუსტად 1 წუთში საგოლე შეტევით ”უპასუხეს” - ქართველთა კიპერთან პირისპირ აღმოჩენილი ვლადიმირ გომენიუკის დარტყმული როინ კვასხვაძემ ბრწყინვალედ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯაბა კანკავამ დაასწრო და თავის გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში კი უკვე ქართველები დომინირებდნენ, ზესტაფონელები დაეფლნენ ბურთსაც და ”ტერიტორიასაც”. ანგარიშის გათანაბრება ნიკა გელაშვილს, შოთა გრიგალაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს მართებდათ, მაგრამ მათი დარტყმები არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ, 74-ე წუთზე, ლევან კორღალიძის ჩინებული გადაცემის შემდეგ, ჯაბა დვალი დნეპროპეტროვსკელთა მეკარე შელიხოვთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი უკვე ქართველები დაწინაურდენენ - ლევან კორღალიძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს უკრაინელთა კარის ”ცხრიანში” ადგილი გიორგი ონიანმა მიუჩინა. საბოლოოდ, შეხვედრა ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა - 2-1.
უნდა აღინიშნოს, რომ ”ზესტაფონი” - ”დნიპროს” შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
|
17/01/2010 - ”დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი, უკრაინა) - ”ზესტაფონი” 1-2 |
”ზესტაფონი”: რ. კვასხვაძე (მამალაძე, 46), ლობჟანიძე, ხიდეშელი (კაჭკაჭიშვილი,68), ონიანი, ელიავა, დაუშვილი (გორგიაშვილი, 74), ძარია (კორღალიძე, 62), გრიგალაშვილი (ბენაშვილი, 62), აფციაური (მიქაბერიძე, 62), დვალი, გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 65).
”დნიპრო”: კანიბოლოცკი (შელიხოვი, 46), პაშაევი, ლისიცკი, ბობუხი (კლიმავიჩუსი, 46), ბარიშნიკოვი (ლესნიაკი, 46), შახოვი, კანკავა, ბარტულოვიჩი, ნაზარენკო (კავერინი, 46), ლიოპა (კარნოზა, 67), გომენიუკი (ბელიკი, 46). |
ხვალ, 18 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება ...
|