”ზესტაფონი” ჩემი არ არის, ”ზესტაფონი” ზესტაფონისაა
”არ მინდა, ”ზესტაფონს” ილია კოკაიას კლუბი ერქვას. კლუბს ჰქვია ”ზესტაფონი”. ის იმერეთის პატარა ქალაქის, მთლიანად საქართველოს გუნდია და სახელს უნდა ამართლებდეს. ეს არ არის ერთი კაცის ლოკალური ინტერესებში ჩამჯდარი კლუბი ” -ეს ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას სიტყვებია...
სეზონი დამთავრდა, ”ზესტაფონმა” ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და თასის ფინალი წააგო, კლუბის პრეზიდენტთან საუბარიც სწორედ აქედან უნდა დაგვეწყო, რომ არა ორი დღის წინანდელი ამბავი: გეცოდინებოდათ, რაიონის გამგეობამ, კერძოდ კი, გამგებელმა დავით ფერაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, ცენტრალურ სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დასამონტაჟებლად 50 000 ლარს გადავიხდითო, თუმცა ”ამერთან” წაგებულ სათასო ფინალის შემდეგ თანხის გაღება იუარა. და რატომ უნდა გადაეხადა გამგეობას ეს თანხა, ამასაც ვწერდით: სტადიონი სახელმწიფოს ბალანსზეა.
ილია კოკაიამ გვითხრა, გამგებელ დავით ფერაძეს კარგათ ვიცნობ, ვიცი, რომ პრინციპული კაცია და მასთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, მიდგომაა სხვანაირი, თითქოს ”ზესტაფონი” ”ფეროს” და ილია კოკაიასი იყოს და არა გულშემატკივრების, ხალხის და მთლიანად მთელი რაიონისო...
”გულშემატკივრები შეწუხებულები მირეკავდნენ. ფინალი რომ მოგეგოთ, მაშინ გადავიხდითო - ასეთი მიდგომა არ მესმის. ის თამაში არც ”ზესტაფონს” წაუგია და არც ”ამერს” მოუგია - მთლიანად ქართულმა ფეხბურთმა მოიგო, რადგან მაყურებელი სტადიონზე დაბრუნდა და ჯიგრიანი თამაში ნახა. საფეხბურთო ცხოვრება და გუნდის დინამიკა ერთი წაგებით არ მთავრდება.”
ზესტაფონელი ქომაგი აღშფოთებულია, მაგრამ გამოიღებს ეს შედეგს? კოკაიას ამის სჯერა და მას-მედიის როლზეც ამბობს, თქვენი დიდი დამსახურებაა, საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ასე რომ ჩაება საფეხბურთო ცხოვრებაში და ნაკრებში სუპერმწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი ჩამოვიდაო....
”ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემა არ იქნება სკამების შეძენა, მაგრამ მინდა, რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომაც დავინახო. ბოლოს და ბოლოს, ამ სკამების შეძენის და სტადიონის მოწესრიგების მერე ხომ მაყურებელი ბილეთებს იყიდის და ეს თანხა ისევ რაიონის ბიუჯეტში შევა. თუკი ბოლნისში და ბორჯომში გაკეთდა სკამები, რატომ არ უნდა გაკეთდეს ზესტაფონში?! მით უმეტეს, ჩვენთან უფრო სოლიდური ბიუჯეტი აქვს რაიონს. მოდით, იმის მეხუთედი და მეათედი გაკეთდეს, რასაც ბოლნისის ან ბოჯომის გამგეობა აკეთებს. როდესაც რაიონის გამგეობამ 50 000 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, ადგილობრივმა ბიზნესმენებმაც თქვეს, ჩენც ამდენს დავამატებთო - ეს ხომ ბრწყინვალე ჟესტია.”
ბევრ ქართულ გუნდზე ვერ ვიტყვით, აი, ”ზესატაფონი” კი იმ მხრივაც გამორჩეულია, რომ ნიჭიერ ახლგაზრდა ფეხბურთელებს რუსეთის ქვედა ლიგებისა და აზერბაიჯანის კლუბებში არ ყიდის.
”ზესაფონს” ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჰყავს, ეროვნული ნაკრების მაისურა რომ ჩაუცვამს, თუმცა ილია კოკაია მედალს ამ მხრიდან არ უყურებს - ნაკრებში ზესტაფონელთა მასობრივმა გამოძახებებმა გვაზარალაო.
”მართლაც ბევრია ”ზესტაფონში” ისეთი ჭაბუკი, ეროვნულ ნაკრებში რომ უთამაშია და , ჩემი აზრით, ეს ნაადრევი იყო, ამ ბიჭებს დიდი ოფლისღვრა მოუწევთ ტოპმიოლერის გუნდში მოხვედრისთვის. ”ზესტაფონმა” ძალიან იზარალა ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახებების გამო : აი, ზამთარში ნახევარი გუნდი პორტუგალიაში ახლდა 21- წლამდელთა ნაკრებს, ნახევარი კი კვიპროსში იყო შეკრებაზე, რამაც შეკრება სრული რიტმით ვერ ჩაგვატარებინა. ახლაც ასეა, ”ზესტაფონის” მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი სლოვაკეთშია 19 - წლამდელთა ნაკრებთან ერთად.”
და რაც შეეხება ნიჭიერი ფეხბურთელების სუსტ უცხოურ გუნდებში გაყიდვას, კოკაიამ ეს გამორიცხა: ”მე დაბალი დონის კლუბებში არ გავუშვებ ფეხბურთელებს. თანაც, ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი ფეხბურთელი უცხოეთში სკამზე არ იჯდება - ქართული ფეხბურთის მტერი არ ვარ.”
და ბოლოს, ილია კოკაიამ დარწმუნებით გვითხრა, მომავალ სეზონში ”ზესტაფონი” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და ეს ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის...
|