ამხანაგური მატჩი თურქებთან.
2010 წლის 14 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების მეორე ამხანაგური მატჩი. იმერლები თურქეთის მესამე დივიზიონის წარმომადგენელს, ანკარის საფეხბურთო კლუბ ”პურსაკლარსპორს” დაუპირისპირდნენ.
როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე ყაზახური ”ჟეტისუ” უნდა ყოფილიყო, თუმცა გუნდებმა ვერ მოახერხეს მატჩის გამართვის ადგილთან დაკავშირებით შეთანხმება. შედეგად, დღევანდელ საღამოს იმერლებს ოპონირება თურქული ”დივიზიონ-2-ს” წარმომადგენელმა ანკარის კლუბმა ”პურსაკლარსპორმა” გაუწია.
საინტერესოა, რომ ზესტაფონელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გუნდში გასინჯვაზე მყოფ კიდევ ერთ გოლკიპერს. იმერული გუნდის კარში სლოვენიაში გაბრუნებული ნემანია იოზიჩის ადგილი ამჯერად ბრაზილიელმა ელტონ გომეს დოს სანტოსმა (ლათინოამერიკელი აქამდე ბრაზილიური ”პარანავაისა” და ბერძნული ”აპოლონის” ღირსებას იცავდა) დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩს, მამუკა ელიკაშვილის მეთაურობით, ქართველ არბიტრთა ბრიგადა ემსახურებოდა.
გია გეგუჩაძემ ზესტაფონელები მინდორზე ექსპერიმენტალური შემადგენლობით გაიყვანა: ელტონი (მეშველიანი, 73), მჭედლიშვილი, კობახიძე, გორგიაშვილი (კაჭკაჭიშვილი, 46), მაკარიანი, ბენაშვილი (გურაბანიძე, 76), ცხადაია (გორგიაშვილი, 65), მიქაბერიძე, ნ. კვასხვაძე (ლომია, 46), წინამძღვრიშვილი, ჯოხაძე (ჩიხლაძე, 41) .
მიუხედავად იმისა, რომ თამაში საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მატჩის პირველი ნახევარი ზესტაფონელთათვის მეტად წარუმატებლად წარიმართა, რიგ ეპიზოდებში ქართველებმა შეცდომებიც დაუშვეს და მასპინძლებმა ამით კარგად ისარგებლეს - პირველი ტაიმი იმერლებმა 0-3 დათმეს. შესვენების შემდეგ კი სურათი კარდინალურად შეიცვალა და კავკასიელები მოედნის სრული ”ბატონ-პატრონნი” გახდნენ. 61-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, 80-ეზე თორნიკე გორგიაშვილმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მეორე დამატებულ წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა - 3-3.
|
14/01/2010 - ”პურსაკლარსპორი” (ანკარა) - ”ზესტაფონი” 3-3 |
|
შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 17 იანვარს დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” წინააღმდეგ გამართავს ...
|