13.01.2010

 

 

დუბლიორები ”სარილარსპორის” წინააღმდეგ.

 

 

13 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობამ გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერადაც გურამ ასპინძელაშვილის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელს, ”სარილარსპორს” დაუპირისპირდა.

 

ზესტაფონელთა რეზერვისტებმა დღევანდელი მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს : მეშველიანი (კიკაბიძე, 64), ამაშუკელი, კობახიძე (კაჭკაჭიშვილი, 46 (ლომია, 85)), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, გურაბანიძე, გიორგობიანი (გაჩეჩილაძე, 64), ჭანკოტაძე (კიკნაველიძე, 11), ჯოხაძე (კაპანაძე, 57), ლომია (ღირდალაძე, 68), ჩიხლაძე.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და უკვე 2-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიხლაძემ ზესტაფონელები დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა 5-ეზე მოახერხეს თანაფარდობის აღდგენა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მასპინძლებმა 21-ე წუთზე მაინც შეძლეს დაწინაურება.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ”სარილარსპორის” ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს კახაბერ მეშველიანის კარი, თუმცა, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 50-ე წუთზე მათ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - ნოდარ კიკნაველიძის დიდოსტატური გადაცემის შემდეგ შეტევა ისევ ნიკა ჩიხლაძემ დააგვირგვინა. 56-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა - გიორგი გიორგობიანის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად გიორგი ჯოხაძემ აქცია. სამწუხაროდ, თურქები 60-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ. მატჩის დასკვნითი ნაწილი ქართველთა კარნახით წარიმართა, თუმცა მატჩის გადარჩენა ახალგაზრდა ზესტაფონელებმა ვეღარ მოახერხეს -3-4.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005