პირველი ამხანაგური მატჩი სიდეში.
2010 წლის 11 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ქალაქ კუსტანაის საფეხბურთო კლუბი ”ტობოლი”.
შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა სასტუმრო ”სუენო ჰოტელის” საფეხბურთო მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. ყაზახეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ”ტობოლი” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა, ხოლო იმერლებს ცენტრალური მცველები - გიორგი ონიანი და გიორგი ხიდეშელი აკლდნენ. ამის მიუხედავად, ძალიან გასაკვირი იყო ის უპირატესობა, რომელსაც მატჩის (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) მსვლელობისას ყაზახი ფეხბურთელები ფლობდნენ. აშკარად თვალშისაცემი იყო ის, რომ გუნდები მზადების სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისად, სხვადასხვა სათამაშო და ფუნქციონალურ კონდიციებში იმყოფებიან. საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გუნდში გასინჯვაზე მყოფ სლოვენიელ გოლკიპერ ნემანია იოზიჩს, რომელიც აქამდე სლოვენიური კლუბების - ველენიეს ”რუდარისა” და პტუის ”დრავას” ღირსებას იცავდა.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : იოზიჩი (მეშველიანი, 72), მჭედლიშვილი (ბენაშვილი, 54), ლობჟანიძე (გორგიაშვილი, 60), კაჭკაჭიშვილი, ელიავა (მაკარიანი, 64), დაუშვილი (ცხადაია, 60), კორღალიძე (ძარია, 54), გრიგალაშვილი, აფციაური (მიქაბერიძე, 64), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 62), დვალი (ნ. კვასხვაძე, 62).
გოლები ზესტაფონელთა კარში ”ტობოლის” შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ნურგალიევმა (5-ე და 80-ე წუთებზე), საბიროვმა (12-ე წუთზე), მალიშევმა (33-ე წუთზე) და ბაკაევმა (70-ე წუთზე). რამდენიმე ეპიზოდში თავის გამოჩენა ქართველ ფეხბურთელებსაც შეეძლოთ, თუმცა მათი ყველა ცდა წარუმატებელი გამოდგა.
შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 14 იანვარს გამართავს ...
******************************************************************************************************************************************************************************
დღესვე თურქულ შეკრებაზე თავის პირველი მატჩი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობამ გამართა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელ ”მანავგატსპორს” დაუპირისპირდა და მეტოქე მისსავე სტადიონზე დამაჯერებლად, ანგარიშით 5-3 დაამარცხა.
ზესტაფონელთა რეზერვისტებმა დღევანდელი მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს : კიკაბიძე (გიორგაძე, 73), კობახიძე, გურაბანიძე (გეწაძე, 78), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, ამაშუკელი, ჭანკოტაძე (ლომია, 70), გიორგობიანი (გაჩეჩილაძე, 62), კიკნაველიძე (კაპანაძე, 41), ჯოხაძე (სარდანაძე, 70), ჩიხლაძე (ღირდალაძე, 50).
შეხვედრა სტუმართა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და უკვე 6-ე წუთზე გიორგი ჯოხაძემ ანგარიში გახსნა, თუმც მასპინძლებმა 19-ეზე მოახერხეს თანაფარდობის აღდგენა. პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი (გუნდებმა ორი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს) სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა, რაც გიორგი გურაბანიძის (26-ე წუთი), ნოდარ კიკნაველიძის (27-ე წუთი) და გიორგი ჭანკოტაძის (32-ე წუთი) მიერ გატანილ სამ გოლში აისახა. მეორე ტაიმში თამაში ოდნავ ”დამშვიდდა” და ტაიმის შუაში გუნდებმა გოლები გაცვალეს (ზესტაფონელთაგან 66-ე წუთზე თავი ისევ გიორგი ჭანკოტაძემ გამოიჩინა). მატჩის უკანასკნელ, 80-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს სტუმართა კარი და ანგარიში მათთვის უფრო საპატიო გახადეს - 3-5.
|