26.12.2009

 

 

რეკორდსმენი და ვალმოხდილი იონა.
.

 

 

2008 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, მართლაც უნიკალური მოვლენა მოხდა: ”ბორჯომი”-”ზესტაფონის” შეხვედრა სტუმართა ფორვარდის, ზურაბ იონანიძისთვის საიუბილეო, მეოთხასე აღმოჩნდა! ”ადამიანი-რეკორდი” - ასე გამოვეხმაურეთ ამ გასაოცარ მიღწევას და მაშინვე ვივარაუდეთ, რომ ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი მიღწეულით არ დაკმაყოფილდებოდა და თავის სარეკორდო მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდიდა...

ასეც მოხდა და მართლაც ძნელი სათქმელია, თუ ვინ შეძლებს ზურაბ იონანიძის ერთდროულად ორი რეკორდის დამხობას კი არა,”ახლოს მისვლასაც” კი. ცნობისათვის: იონანიძე პირველი (და ამ ეტაპისთვის - ერთადერთი) ფეხბურთელია, საქართველოს ჩემპიონატში ოთხასი მატჩი რომ ჩაატარა; ამას გარდა, ასევე პირველი და ერთადერთია ეროვნულ ჩემპიონატში ორასი გოლი რომ გაიტანა (423 მატჩი და 216 გოლი- საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური )! კიდევ ვიმეორებთ: რა დრო უნდა გავიდეს, ამ ორიდან თუნდაც ერთი სარეკორდო მაჩვენებელი ვინმემ რომ გააუმჯობესოს; ყოველ შემთხვევაში, ზურაბ იონანიძეს ”მშვიდად ყოფნა” დიდხანს მოუწევს - კონკურენტები ვისაც შეუძლია ვუწოდოთ, საკმაოდ ჩამორჩებიან...

ყველა იმ ლამაზი ზღაპრისა არ იყოს, ზურაბ იონანიძის ხანგრძლივ და, მართლაც, შთამბეჭდავ კარიერასაც, როცა იქნებოდა, დასასრული უნდა ჰქონოდა. ასეც მოხდა: ამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ იონანიძემ თავისი 21-წლიანი (!) საფეხბურთო კარიერა დაასრულა!

...მიმდინარე ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის იონანიძე ერთადერთი იყო ვინც... სულ პირველ გათამაშებაშიც (1990 წელს) მონაწილეობდა. აი, სწორედ პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან გაიცნო კიდეც ქართველმა გულშემატკივარმა იმ დროისათვის 19 წლის იონანიძე, ვინც წყალტუბოს ”სამგურალის” ღირსებას იცავდა. ამ გუნდში სამი წელი დაყო და განსაკუთრებით კარგად მესამე ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშა, როდესაც სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ”სამგურალს” მცირედი დააკლდა ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად. აი, ამის შემდეგ კი ბევრად ამბიციურ გუნდში - ქუთაისის ”ტორპედოში” გადავიდა, სადაც თავდასხმის ხაზში დავით ჯანაშიასთან ერთად მართლა შესანიშნავი ”დუეტი” შექმნა. სხვათა შორის, არც ის ფაქტი იყო უმნიშვნელო, რომ იმ სეზონში ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი გიგა ნორაკიძე გახლდათ.

იონანიძე-ჯანაშიას ”დუეტი” მერეც, წლების განმავლობაში, ”ატერორებდა” მეტოქე გუნდების მცველ-მეკარეებს; უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ”სამტრედია” უნდა ვახსენოთ, თბილისის ”დინამოს” რომ უწევდა სერიოზულ კონკურენციას. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ იმ პერიოდში მურთაზ ხურცილავასსამტრედიაში” ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ (კახა გოგიჩაიშვილი, გია ჯიშკარიანი, ზაზა ჯანაშია, გიორგი დარასელია, გიორგი გოგიაშვილი), თუმცა იონანიძე ამათ ფონზეც გამორჩეულად მიიჩნეოდა. შემდეგ კი რუსეთის უმაღლეს ლიგაშიც მოსინჯა ძალები, თუმცა, მანამდე, მართლაც, შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა: ვიდრე სოჭის ”ჟემჩუჟინაში” გადავიდოდა, ”სამტრედიაში” მხოლოდ პირველი წრე ითამაშა და 15 მატჩში... 23 გოლი გაიტანა! ”ჟემჩუჟინას” კვლავ რუსული გუნდი (ასევე, უმაღლესი ლიგის) მოჰყვა - ნიჟნი ნოვგოროდის ”ლოკომოტივი”, თუმცა იქ მხოლოდ ნახევარი წელიწადი დაყო და კვლავ ”ტორპედოს” დაუბრუნდა. არც უნანია: დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით ”ტორპედომ” პირველად შეძლო ”დინამოს” ათწლიანი ჰეგემონიის დამხობა! მოკლედ, ”ტორპედოსთან” ერთად იონამ ტიტულების ”მოგროვება” დაიწყო: როგორც გუნდური, ასევე - ინდივიდუალური. ამასობაში, ქუთაისურ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო, მაგრამ უკვე 30-ს გადაცილებულ იონანიძეს ამით პრობლემა არ შეჰქმნია - ახლა უკვე ახალგაზრდა პარტნიორებთან (მალხაზ ასათიანი, გიორგი იმედაძე) ერთად ამდიდრებდა ჯილდოების კოლექციას.

...32 წლის ასაკში უკრაინაში სათამაშოდ რომ გაემგზავრა, ბევრმა ეჭვის თვალითაც შეხედა მის ნაბიჯს; თუმცა, სიმფეროპოლის ”ტავრიაში” ორი სეზონი მუდამ ძირითადში ასპარეზობდა და 2005 წლის დასაწყისში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ოღონდ, ამჯერად ”ზესტაფონში” - თავისთვის მეოთხე... იმერულ კლუბში და ”ტორპედოს” მსგავსად, ამ გუნდშიც ექვსი სეზონი ჩაატარა.

...საქართველოს სამგზის ჩემპიონი ქუთაისის ”ტორპედოს” შემადგენლობაში (2000, 2001, 2002 წლებში), საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (ორჯერ - ”ტორპედოს”, ერთხელ - ”ზესტაფონის” შემადგენლობაში), საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი - აი, ასეთი მიღწევებით შეუძლია დაიტრაბახოს ზურაბ იონანიძეს. ისე, თასი ვახსენეთ და, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ”იონას” საქართველოს თასის რვა (!) ფინალი აქას ნათამაშები და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქედან მხოლოდ სამჯერ შეძლო ამ საპატიო პრიზის მოპოვება. ეს ყველაფერი გუნდური ტიტულებია და რაღა თქმა უნდა, ინდივიდუალური მიღწევებიც უნდა ვახსენოთ: 1999-2000 და 2002-03 წლების სეზონების მიხედვით ზურაბ იონანიძე, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა! იმ ორ სეზონში იონანიძემ სხვა მხრივაც გამოიჩინა თავი - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

...წლები ემატებოდა, თუმცა ჩვეული შემართებით თამაშობდა და ”ზესტაფონის” აღორძინებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა; სამწუხაროდ, ამ სეზონში ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და აი, სულ ახლახან 38 წლის (!) ასაკში შთამბეჭდავი კარიერაც დაასრულა!

...ამ სამიოდე წლის წინ, ინტერვიუ ჩამოვართვით და თავის საფეხბურთო ხანდაზმულობის ”საიდუმლოს” განდობა ვთხოვეთ; რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად ძველებურად სწრაფი არა ვარ, მაგრამ გამოცდილებით და აზროვნებით ვცდილობ ამის კომპენსაციასო, - ასე გვიპასუხა და იქვე დაამატა: ისე როგორც ახალგაზრდობაში, დღესაც მკაცრად ვიცავ რეჟიმს და, რაც მთავარია, მოტივაცია არ დამიკარგავსო. წარმოიდგინეთ - 35 წლის ფეხბურთელი კვლავაც მოტივაციაზე გვესაუბრებოდა...

ზურაბ იონანიძეს თავის 21-წლიან კარიერაში ერთადერთ ”ხინჯად” შესაძლოა ის დარჩენოდა, რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მატჩების ჩატარებამ მოუწია საქართველოს ნაკრებში. 1996 წელს - რუმინეთთან, 2000 წელს - სომხეთთან, 2001 წელს - აზერბაიჯანთან და 2006 წელს - ახალ ზელანდიასთან, - აი, ამ ოთხ ამხანაგურ მატჩში ითამაშა. სხვათა შორის, აზერბაიჯანელებთან შეხვედრაში მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ იონანიძე იყო...

დაბოლოს, ჩვენს მოკრძალებულ სურვილზეც: იმედია, მომავალი წლის გაზაფხულზე, ”ზესტაფონის” ერთ-ერთ საშინაო მატჩში ზურაბ იონანიძეს დიდი ფეხბურთიდან საზეიმო გაცილებას მოუწყობენ. ყოველ შემთხვევაში, ეს კაცი ფეხბურთიდან ასე ”უხმაუროდ” წასვლას ნამდვილად არ იმსახურებს...

 

 

გია ტუხაშვილი, გაზეთი ”ლელო ”
   
FC ZESTAFONI © 2005