24.12.2009

 

 

ქულები რომ არ გაენიავებინათ...
.

 

 

წინა ჩემპიონატი "ზესტაფონმა" მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ კი მეორე პოზიციაზეა, არადა, ჯერ კიდევ საზაფხულო პაუზისას გაჟღერდა, რომ იმერლები უმთავრესი მიზნისთვის - ჩემპიონობისა და თასის მოპოვებისთვის იბრძოლებდნენ. მაგრამ გუნდი უკვე გამოეთიშა თასის გათამაშებას და ჩემპიონატის ამარა დარჩა. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ამ ეტაპზე მეორე ადგილი ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი რუსთავის "ოლიმპი" "ზესტაფონს" უკვე 7 ქულით უსწრებს.

მიუხედავად ამისა, წინ კიდევ 18 ტურია, ეს კი ცოტა არ არის - ოქროსთვის ბრძოლაში ყვირილისპირელებს შანსი ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა ერთი პირობით - თებერვლიდან მაისის ჩათვლით "ზესტაფონს" წაფორხილების უფლება აღარ აქვს...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდს ჩამოყალიბებული სტილი, საკუთარი ხელწერა გააჩნია - მარტივად, სწრაფად, მოკლე პასებით, ლაღად თამაშობს. გარდა ამისა, ზესტაფონელებს აშკარად ეტყობათ, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ სტანდარტული სიტუაციების დამუშავებასაც... მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ - ხარისხიან ფეხბურთს ძლიერ უწყობს ხელს "ზესტაფონის" სტადიონის გაზონი.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კლუბის გულშემატკივარი, რომელიც საყვარელ გუნდს გასვლით მატჩებზეც მრავლად დაჰყვება და თამაშის დროს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ქომაგების სიმრავლით "ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატში პირველი თუ არაა, ერთ-ერთი მოწინავე მაინც გახლავთ.

კიდევ ერთი ფაქტორი უნდა დავასახელოთ. "ზესტაფონი" ფინანსური სტაბილურობითაც გამოირჩევა. კლუბის ხელმძღვანელობამ უცხოეთიდანაც დააბრუნა ჩვენი ლეგიონერები. გარდა ამისა, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა ფულს მიზანმიმართულად ხარჯავს ინფრასტრუქტურის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის - სტადიონი, ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო მოედნები, საპრესკონფერენციო დარბაზი, ვებგვერდი... ამ მხრივ, კლუბში ყველაფერი მოწესრიგებულია.

ახლა "ზესტაფონს" უფრო მაღალ საფეხურზე სურს ასვლა - "პოლარის" ტექნოლოგიები ფეხბურთელის გულის რიტმის კონტროლისთვის, სტადიონზე სპეციალური აპარატურის დამონტაჟება, რომელიც თითოეული მოთამაშის მიერ შესრულებულ სამუშაოს შეაჯამებს, სტადიონზე იქნება განათება, ბაზაზე კი ევროსტანდარტების შესაბამისი პირობები.

დიდი დანამატი, მაგრამ... მაინც დანაკარგი

ზემოთ უკვე ვთქვით "ზესტაფონის" სათამაშო სტილზე, რომელიც ამ გუნდის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ამის ჩამოყალიბება-დამკვიდრება გია გეგუჩაძემ იმ დანამატის შედეგად შეძლო, რომელიც სეზონის დაწყებამდე განახორციელა. ჩემპიონატის სტარტის წინ "ზესტაფონმა" რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - მოლდოვური "დაჩიადან" ნახევარმცველი ლევან კორღალიძე და ფორვარდი ჯაბა დვალი ჩამოიყვანა. რუსთავის "ოლიმპიდან" კი მცველი გიორგი ონიანი დაიმატა, ხოლო თბილისის "ლოკომოტივიდან" ადრე ნაკრებში ნათამაშები მცველი ზაალ ელიავა მიიწვია. და მთავარი ძალა - აზერბაიჯანიდან ("გაბალა") დაბრუნებული ნახევარმცველი თორნიკე აფციაური.

გარდა ამისა, გათვლა მომავალზეც გაკეთდა და ქუთაისიდან დაიმატეს ჭაბუკთა ნაკრების მეკარე კახაბერ მეშველიანიც, რომელშიც სპეციალისტები დიდ პერსპექტივას ხედავენ. ეს ფეხბურთელები იმერლებს ევროტურნირებზეც გვარიანად გამოადგნენ და საშინაო არენაზეც.

ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება "ზესტაფონს" ნამდვილად წაადგა, მაგრამ დანაკარგს მაინც ვერ ასცდა. ეს იმდენად არ გამოჩნდებოდა, გუნდს უშუალლო კონკურენტებთან ("ოლიმპი", "ვიტ ჯორჯია", "დინამო") ქულები რომ არ დაეკარგა. ზესტაფონელებს ვეტერინარებმა 2 ქულა, რუსთაველებმა 4, ხოლო "დინამომ" 3 ქულა წაართვა. რა თქმა უნდა, ყველა თამაშს ვერ მოიგებ. ამასთან, ევროტურნირებმაც საკმაო ენერგია წაიღო... თუმცა კლუბის ქომაგებისთვის უფრო გულდასაწყვეტი - უაზროდ დაკარგული ქულებია.

სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ლიდერთან 7-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. თავად განსაჯეთ - უაზროდ დაკარგული 2-2 ქულა შინ "ლოკომოტივთან" და სტუმრად - "სიონთან" უგოლო მატჩში. ამ 4 ქულის გარდა, განიავდა 2 ქულა ცხინვალის "სპარტაკთან" გასვლით შეხვედრაში, რომელსაც იმერლები 3:2-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

ერთი სიტყვით, შეუიარაღებული თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ზესტაფონელებს მინიმუმ 6 ქულით მეტის დაგროვება შეეძლოთ. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც მეტი ინტრიგა და ინტერესი ექნებოდა.

მეკარეები

"ზესტაფონში" მეკარეების მხრივ ნორმალური ვითარებაა. გუნდს ჩვენს დონეზე ორი გამორჩეული გოლკიპერი ჰყავს - მთავარ მეკარედ ზურაბ მამალაძეა მიჩნეული, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში, ნაკრებში სტაბილურად იძახებდა და ისლანდიასთან გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა კიდეც.

იმერელთა მეორე მეკარე როინ კვასხვაძე კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მეციხოვნეა. უფრო მეტიც, სპეციალისტები როინს ეროვნული ნაკრების ხვალინდელ დღედ მიიჩნევენ და იმაზედაც სწუხან, რომ კლუბში ძალზე მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვს. თუმცა ვინ დაიცავს "ზესტაფონის" კარს, ეს მხოლოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. აქვე ერთიც უნდა ითქვას - მას მერე, რაც მამალაძე "ზესტაფონის" კაპიტნად აირჩიეს, მაშინვე ცხადი გახდა, რომ პირველი მეკარეც ის იქნებოდა.

გეგუჩაძის გუნდს სეზონის პირველ ნახევარში (18 ტური) მხოლოდ 15 გოლი აქვს გაშვებული, რაც კარგი მაჩვენებელია. ამ კომპონენტში იმერლები უმაღლეს ლიგაში "დინამოსა" (11) და "ოლიმპს" (12) ჩამოუვარდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზესტაფონელებმა 18 მატჩიდან 8 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახეს. ერთ მატჩს ("სპარტაკთან" ზემოთ ნახსენებ გორულ ფრეს) თუ არ ჩავთვლით, სხვა თამაშებში იმერლებს 3 გოლი არ გაუშვიათ. ეს კი მეკარეების პლუსია.

მცველები

გაშვებული გოლების სიმწირეზე რომ ვლაპარაკობდით, ბუნებრივია, მეკარეთა გარდა ეს მცველების დამსახურებაცაა. ზესტაფონელთა დაცვა ბევრი გუნდისთვის გადაულახავი ბარიერი თუ არა, დიდი დაბრკოლება მაინც იყო. თუნდაც იმიტომ, რომ გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სხვა კლუბებისგან განსხვავებით "ზესტაფონის" დაცვა მხოლოდ უკანა ხაზი არ არის - თავდაცვა ნახევარდაცვიდან (შეიძლება, თავდასხმიდანაც) იწყება.

საგულისხმოა ისიც, რომ გეგუჩაძემ სეზონის დაწყებამდე თითქმის ხელახლა შექმნა დაცვის ხაზი. ზესტაფონელთა უკანა ხაზს უჩა ლობჟანიძის, გიორგი ონიანის, გიორგი ხიდეშელისა და ზაალ ელიავას კვარტეტი შეადგენს. ამ ოთხეულიდან გეგუჩაძემ ორი (ონიანი, ელიავა) სწორედ ჩემპიონატის დაწყებამდე დაიმატა. სხვათა შორის, მცველთა მიერ გატანილი სამი გოლიდან, თითო-თითო სწორედ ამ ფეხბურთელებმა მიითვალეს... ერთიც უნდა აღინიშნოს, სეზონის დაწყებამდე ზესტაფონელთა გუნდში კიდევ ერთი მცველი - გამოცდილი სევასტი თოდუა ირიცხებოდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, სხვა კლუბში თამაში ამჯობინა.

როგორც ჩანს, ზესტაფონელთა თავკაცი ამ კვარტეტის გარჯით კმაყოფილი იყო, თორემ მაშინ როტაციას მიმართავდა. ბოლოს და ბოლოს, კიდევ ორ მცველს - კარენ მაკარიანსა და გიორგი კაჭკაჭიშვილს ჩემპიონატის პირველ ნახევარში ერთი მატჩიც კი არ უთამაშიათ. არადა, წინა სეზონში ორივემ ითამაშა. ხმაც კი გავარდა - მაკარიანი კარიერას სომხურ "დილიჟანში" გააგრძელებსო, მაგრამ მალევე ეს თავად ფეხბურთელმა უარყო.

ნახევარმცველები

შუახაზი "ზესტაფონის" უძლიერესი რგოლია. სწორედ ნახევარდაცვის გამორჩეული თამაში განაპირობებდა როგორც დაცვის საიმედოობას, ასევე თავდასხმის მრისხანებას. ამ რგოლში იმერლებს არაერთი გამორჩეული ფიგურა ჰყავთ. პირველ რიგში - თორნიკე აფციაური, რომელიც არა მარტო გეგუჩაძის კრებულის, არამედ მთლიანად ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ალენ ჟირესის მწვრთნელობისას მას ეროვნულ გუნდშიც აქვს ნათამაშები და ვფიქრობთ, ახლაც შეძლებს იმავე დონეზე თამაშს...

აფციაურმა 2 გოლი გაიტანა, თითო ბურთი კი გუნდის ასევე წამყვანმა ფიგურებმა - მურთაზ დაუშვილმა, ალექსი ბენაშვილმა, ირაკლი ძარიამ და შოთა გრიგალაშვილმა ჩაიწერეს აქტივში.

ცალკე უნდა ვთქვათ ლევან კორღალიძეზე, რომელსაც სასტარტოში ხშირად არ უწევდა თამაში, თუმცა ნახევარმცველებიდან ყველაზე მეტი - 3 გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. ასევე ძირითადად შეცვლებზე თამაშობდნენ ნიკა კვასხვაძე და "გაგრიდან" დამატებული გიორგი ცხადაია.

საბა ლომია და გიორგი ჭანკოტაძე სათამაშო პრაქტიკით ჯერჯერობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ თუ საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებენ, მათი დროც მალე დადგება.

თავდამსხმელები

გადავედით დასკვნით ნაწილზე - დამრტყმელი ძალა. ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის ნიკოლოზ გელაშვილი 13 გოლით მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ კუპერმა ის არაერთხელ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებშიც. გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ამჯერადაც ლიგის მთავარი მეგოლის სტატუსისთვის იბრძვის.

მისი მეწყვილე "დაჩიადან" სამშობლოში დაბრუნებული ფორვარდი ჯაბა დვალია. ევროპის ლიგაზე ისტორიული, პირველი ჰეთ-თრიკის ავტორს სეზონის ეკვატორამდე მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 6 გოლი იკმარა.

ცალკე საუბრის თემაა 38 წლის თავდამსხმელი ზურაბ იონანიძე, რომელსაც 1990 წელს პირველ ეროვნულ ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები. ამ სეზონში ვეტერანმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა. როგორც უკვე გაცხადდა, ზურაბმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ერთ დროს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ამერის" ტანმაღალი ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი (რომელსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშია), ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ჩემპიონატის პირველ ნახევარში ის მხოლოდ სამ მატჩში გამოჩნდა მოედანზე, ითამაშა თასის გათამაშებაშიც, ამხანაგურ შეხვედრებშიც და ერთი გოლიც გაიტანა. სავარაუდოდ, წინამძღვრიშვილი ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის უკვე ფორმაშიც იქნება. იმერელთა გულშემატკივარი გოლებსა და კარგ თამაშს მისგანაც ელის.


დავით ცაბაძე , გაზეთი ”ლელო ”
   
FC ZESTAFONI © 2005