23.05. 2006

1. კოკაიას მაქსიმალიზმი. ”ზეტაფონი” ქართული ოქროსათვის იბრძოლებს

 


     13 მაისს  საფეხბურთო  კლუბ ”ზესტაფონს”  საქართველოს  თასის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. იმერლებმა  უკანასკნელ  წამს  დათმეს  საპატიო  ჯილდო   თბილისის  ” ამერთან”  გამართულ  დრამატულ მატჩში.

   თასის ფინალის დასრულებისთანავე ხმები დაირხა, მომავალ სეზონში ”ზესტაფონი” ძველებურად ვეღარ იჩაუქებს და მას წამყვანი ფეხბურთელები დატოვებენო. გვინდა ქართული ფეხბურთის  ქომაგი გავახაროთ: ეს თვითმყოფადი გუნდი ქართული საფეხბურთო რუკიდან არ გაქრება.
გუშინ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას  გერმანიაში შევეხმიანეთ და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მივიღეთ.


- გავრცელებული ხმების თანახმად,,, ”ზესტაფონი” მომავალ სეზონში ძველებურად ძლიერი აღარ იქნება...
           - თქვენ როგორ ფიქრობთ, ”ზესტაფონი” უნდა დაიშალოს? როგორ ფიქრობთ, გულშემატკივარს გული არ ეტკინება, ჩვენ რომ ასე უსახელოდ დავასრულოთ არსებობა?
პირობას გაძლევთ, ”ზესტაფონი” არ დაიშლება, პირიქით, გუნდს ახალი ფეხბურთელებით გავაძლიერებთ. ჩვენ ფეხბურთში ერთი წლით არ მოვსულვართ, გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომელშიც ჩვენთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო მცირე ცვლილებები შევიტანეთ.

 - რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ წლეულს ევროთასების საგზურის მოპოვება ჩვენი მიზანი არ იყო. მერე ვიღაც-ვიღაცებმა აზრი შემაცვლევინეს, დამარწმუნეს , გუნდს ეს შეუძლიაო, მართლაც შეგვეძლო.. არა აუშავს, თავის დროზე წარმატებას  აუცილებლად მივაღწევთ. ხომ იცით, როგორც არის? ყურძენი სანამ არ დამწიფდება, მისი გასინჯვისაგან თავი უნდა შევიკავოთ.

- ვიცით, რომ ”ზესტაფონის” წამყვანი ფეხბურთელების გადაბირება რამდენიმე ქართულ კლუბს სურს. მაგალითად, ფიფიასთან და იონანიძესთან მიმართებაში ბოლნისის ”სიონი” აქტიურობს...
  -ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიფიას და იონანიძეს კლუბთან კონტრაქტი აქვთ დადებული და ჩვენი სურვილის გარეშე ისინი ვერსად წავლენ.
თუ ვინმეს წასვლა უნდა, ვეტყვი, რომ ეს მხოლოდ მათ სურვილზე არ არის დამოკიდებული. მეც ბევრი რამე მინდა... ჩვენი გუნდიდან ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ წავა. პირიქით, ძალიან ცოტა ფეხბურთელი გვყავს და გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება.

-გაძლიერებას ადგილობრივი  კადრებით აპირებთ თუ ლეგიონერებით?
- უარს არც ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვიტყვი და არც ლეგიონერებზე , ვინც გუნდს გააძლიერებს ,აუცილებლად მოვიწვევთ. თუ ლეგიონერებს ჩამოვიყვანთ,  ადგილობრივ ფეხბურთელს ერთი თავით ხომ უნდა სჯობდეს?

- როდის გადაწყდება მტავარი მწვრთნელის საკითხი? თუ არ ვცდებით, კობა ჟორჟიკაშვილი პოსტზე დროებითაა...
- როგორც ვიცი, კობა ჟორჟიკაშვილი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აპირებს და თუ ასე იქნება, იგი ნამდვილად ვეღარ გააგრძელებს ”ზესტაფონში” მუშაობას. პირველ რიგში მოლაპარაკებას მერაბ კოჭლაშვილთან დავიწყებთ. უახლოეს დღეებში კობასთან პირადად მექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებთანაც . ვნახოთ, როგორ გადაწყდება ჟორჟიკაშვილის საკითხი, თუ კობამ დაგვტოვა, მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატი მერაბ კოჭლაშვილი იქნება.

-ცოტა ხნის წინ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის რემონტი უნდა დაწყებულიყო, რაიონის გამგეობამ კი დაპირებული 50 000 ლარი არ გამოყო...
- შორიდან მოვუვლი, ქართული პრესის დამსახურებაა , რომ ნაკრებს კლაუს ტოპმიულერი წვრთნის, ქართულ ფეხბურთში დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ამაშიც მიგიძღვით წვლილი.
ახლაც ძალიან გვჭირდება მედიის თანადგომა . ბოლოს და ბოლოს , რაიონის ხელმძღვანელობამ უნდა შეიგნოს, რომ ფეხბურთს დახმარება სჭირდება.ჩვენი კლუბი ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, მაგრამ არავის არაფერს არ ვამადლით. სტადიონი სახელმწიფოსია და სწორედ სახელმწიფომ უნდა მიხედოს . მაშინ გადმოეცათ სტადიონი ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებდით ანდა არის სხვა პროექტიც: გადავცეთ სტადიონი ინვესტორს, რომელიც გააკეთებს მას და მერე თუნდაც სულ ვაჩუქოთ. ეს სტადიონი კოკაიასი ან ”ზესტაფონის” კი არა, მთელი საქრთველოსია . აი, დავაგეთ მინდვრის საფარი, საქმე ხომ უნდა გაგრძელდეს?
ბოლნისში, ბორჯომში, ბათუმში და სხვა ქალაქებში რაიონის ხელმძღვანელობა ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენი გამგეობისგან მხოლოდ  სტადიონის საკითხის მოგვარებას ვითხოვთ.

-სტადიონის რემონტს მაინც დაიწყებთ?
- არაფერსაც არ დავიწყებთ!  გუშინ ზესტაფონში  გულშემატკივრების საგანგებო კრება მოეწყო, უთხრეს გამგეობას 50 000 თქვენ გამოყავით, დანარჩენს კი ჩვენი ჯიბიდან გავიღებთო. არც 50 ათასის გამოყოფა არ  უნდათ. არ მინდა დავიჯერო, რომ გამგებელმა ხალხი მოატყუა. დაგვპირდნენ, სტადიონის რემონტში შეგეშველებითო. რა, იმიტომ აღარ ანძრევენ ხელს, რომ თასი ვერ მოვიგეთ? თასის მოგება ჩვენი მიზანია არ ყოფილა. ვნახეთ, რა ნაკლოვანებებიც გვაქვს და მათ აუცილებლად გამოვასწორებთ.

- ზემოთ ხუთწლიანი პროგრამა ახსენეთ. მომავალ სეზონში ”ზესტაფონის” მიზანი რა იქნება?
   - აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ! ჩვენი გუნდის პოტენციალს რომ ვუყურებ, მჯერა, ამ ამოცანის გადაჭრა შეგვიძლია. ადრე არასდროს მითქვამს, აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით მეთქი, ახლა კი ამას თამამად ვამბობ.
წლეულს  ჩვენი მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ ხალხი დარწმუნდა - ”ზესტაფონი” სუფთად თამაშობს. ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს გავურიგდით, ამიტომაც გვყავს ამდენი ქომაგი. შეიძლება დავიჩაგრეთ , მაგრამ ჩვენ ასე გვირჩევნია... ორ უცხოურ შეკრებას გავივლით და გუნდის მიზანი მხოლოდ  ჩემპიონობა იქნება.

-გარიგებული მატჩები ახსენეთ და ბოლო ტურებში განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ  ამის შესახებ....
    - ალბათ ყველაზე უკეთ მოახლოვებული  ევროტურნირები  დაგვანახებს ყველაფერს.  ევროთასები ნამდვილი სიცრუის დეტექტორი იქნება ჩვენი გუნდებისთვის. მერე ყველა გაიგებს, ვინ როგორ მიაღწია შედეგს ეროვნულ ჩემპიონატში. დავიჩაგრედ იმის გამო, რომ გარიგებულ მატჩებში არ მივიღეთ  მონაწილეობა, თანაც ყველა გუნდი ბოლომდე გვებრძოდა, ”სპარტაკიდან” დაწყებული ”სიონით” დამთავრებული. არაუშავს, სწორედ ასეთ ბრძოლებში ყალიბდება გუნდის ხასიათი.
არავის ვაყენებ  ჩრდილს, მაგრამ გეკითხებით, რატომ ვერ გახდა ზურაბ იონანიძე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი? იონანიძის მდევარმა ორ თამაშში შვიდი ბურთი გაიტანა. საკვირველია!  იონანიძემ თავისი შრომით დაიმსახურა ბომბარდირობა.
თუნდაც ქუთაისში  მომხდარი ინციდენტი ავიღოთ.  სირცხვილია, რაც იქ მოხდა!  ხალხმა ის ვერ გაარკვია, ერთმანეთში რაზე მოილაპარაკეს- მოგებაზე, ფრეზე თუ წაგებაზე.... ბოლოს და ბოლოს , უნდა დავრწმუნდეთ, რომ სუფთა თამაშის გარდა, წარმატებას არაფერი მოგვიტანს. სანამ  მე ”ზესტაფონში” ვარ, ჩვენი გუნდი სუფთად ითამაშებს.

გაზეთი ”ოლიმპი”

2. როგორმე ერთ წელსაც მოვიცდით და მერე ჩვენ ვიცით....

ვინმე რომ დაგვხმარებოდა , ხომ მოვიპოვებდით ევროსაგზურს?

საქართველოს თასის ფინალში მარცხის მიუხედავად, ”ზესტაფონს” კვლავ ამბიციური გეგმები აქვს. არადა, ამბობდნენ, იმერლები წამყვან მოთამაშეებს ვეღარ შეინარჩუნებენო. ამას ემატებოდა გაურკვეველი სიტუაცია კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას გარშემო . დღეს ის გერმანიაშია. გუშინ სწორედ იქ დავუკავშირდით და ”ზესტაფონის” სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

 

   -  საერთო ჯამში, განვლილი სეზონით კმაყოფილი ვარ. თავიდან, მაღალი ადგილებისთვის  ბრძოლა დაგეგმილი არც გვქონდა, მაგრამ აქეთკენ პირველ წრეში წარმატებულმა ასპარეზობამ გვიბიძგა. ბოლოს ევროტურნირნირებზე მოსახვედრადაც ვიბრძძოდით, თასის ფინალშიც გავედით, მაგრამ... არადა, უეფას თასზე გასვლა კლუბს კარგ შემოსავალს მოუტანდა.

- მაინც რამდენს?
- დაწყებული გვქონდა მოლაპარაკება კომპანია ”ნაიკთან” ,ასევე ინტერესი გამოთქვეს და საუბრებიც გვქონდა ტელებაზარზე მოღვაწე სოლიდურ კომპანიებთან, რაც ტელერეპორტაჟების გაყიდვასთან იქნებოდა დაკავშირებული... სხვა ცნობილ კომპანიებთანაც შეგვეძლო პარტნიორობაზე მოლაპარაკებების  დაწყება, მაგრამ ... მაგრამ  ევროსაგზური ვერ მოვიპოვეთ.  თუმცა არა უშავს, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია, როგორმე ერთ წელსაც მოვიცდით და ვეცდებით, ეს ყველაფერი იმ ზაფხულს განვახორციელოთ

  • ბევრი ითქვა და დაიწერა საეჭვო მატჩებზე. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
  •  
  • სხვებზე ვერაფერს გეტყვით, ”ზესტაფონი” კი ნამდვილად სუფთაა. წარმოიდგინეთ, ვინმე რომ დაგვხმარებოდა, ხომ მოვიპოვებდით ევროსაგზურს?
  • თქვენი კლუბის არაერთი ფეხბურთელი ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. ლოგიკურია, რომ მათზე მეტი მოტხოვნაც უნდა იყოს. მაგალითად განუგრავას მომავალს ფრანგულ გუნდებს უკავშირებდენ, იყო საუბარი სხვა მოთამაშეებზეც...
  • მომიტევეთ, მაგრამ განუგრავას ადგილს უმაღლესი ლიგის ფრანგულ კლუბში ჯერ ვერ ვხედავ. ჩვენს წამყვან ფეხბურთელს კი დაბალი ლიგის გუნდებში ვერ გავუშვებთ.  განუგრავას მართლაც აქვს პოტენციალი, მაგრამ მას და სხვებსაც საკუთარ თავზე კიდევ ბევრი მუშაობა მართებთ. ეს რომ ასეა, სლოვაკეთში მიმდინარე ელიტ-რაუნდის მატჩებშიც გამოჩნდა.
  • იონანიძისა და ფიფიას გადაბირება ”სიონს” სურსო, გავიგეთ...
  • გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. სხვათა შორის, იონანიძესა და ფიფიას ”ზესტაფონთან” კონტრაქტები აკავშირებთ...
  • რომ დაგიკავშირდენ ბოლნისელები, გაუშვებთ?
  • ამის სურვილი არ გვაქვს. ლიდერები რომ გავუშვათ, მერე რა პირით შევხედო გულშემათკივრებს?
  • გამოდის, რომ ”ზესტაფონის” დასუსტების თაობაზე გავრცელებული ხმები გაზვიადებულია?
  • გაზვიადებული კი არა , აფსურდია. რომელ დასუსტებაზეა საუბარი, სამი-ოთხი ფეხბურთელით უნდა გავძლიერდეთ. თუ მეტი მოთამაშე დაგვჭირდა, არც ამაზე დავიხევთ უკან... ჩემი აზრით დაცვაში, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში თითო ახალი, კარგი ფეხბურთელი არ გვაწყენდა.
  • უცხოელებზე ხომ არ მიანიშნებთ?
  • რატომაც არა? შესაძლოა, უცხოელებიც იყვნენ. ამაზე მწვრთნელებთან გვექნება კონსულტაცია.
  • ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ნაკრებ გუნდებში დასაქმებული მწვრთნელები კლუბებში აღარ იმუშავებენ. შესაბამისად, კობა ჟორჟიკაშვილის და ”ზესტაფონს” არჩევანის გაკეთება მოუწევთ....
  • დიახ, ასეა. ამაზე უკვე ნაფიქრი გვაქვს. კობა ჟორჟიკაშვილის მადლიერნი ვართ და ხელს არ შევუშლით.
  • და ვინ შეცვლის ჟორჟიკაშვილს, უცხოელი ხომ არა?
  • ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენებური სჯობს, ის ვინც ”ზესტაფონს” კარგად იცნობს. ჟორჟიკაშვილს კოჭლაშვილი ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენი სურვილია, მთავარი მწვრთნელი მოვიწვიოთ....
  • ამბობენ, თემურ მახარაძე ბრუნდებაო...
  • მახარაძის დროს ჩინებული შედეგები გვქონდა... ისე, რომ იცოდეთ, ჩვენ ის კლუბიდან არ გაგვიშვია...  ვფიქრობ, მახარაძე  კარგი ვარიანტია, თუმცა უცხოეთიდან ერთი მწვრთნელის ჩამოყვანა მაინც დაგვჭირდება
  • უფრო კონკრეტულად...
  • მეკარეების მწვრთნელს ვგულისხმობ. მე მაგალითად, ძალიან მომწონს მამუკა აბუსერიძე, მაგრამ  ის ახლა ნაკრებშია დასაქმებული...
  • ზესტაფონის სტადიონთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი. საქმის ყურში იქნებით?
  •  
  • ვიცი, საუბარია ზესტაფონის გამგებელის მიერ დაპირებულ 50 ათასზე არ მინდა დავიჯერო, რომ მან პოზიცია შეიცვალა. თუ ის დანაპირებს შეასრულებს, არის ხალხი, ვინც დამატებით ინვესტიციებს გაიღებს. კი მაგრამ ეს სტადიონი ჩემი ხომ არ არის ?! ისევ ზესტაფონელებს არ დარჩებათ? ქვეყნის პრეზიდენტმა ფეხბურთი პრიოტეტულ სახეობად გამოაცხადა და უკვე აშკარად ჩანს, რომ საკლუბო ფეხბურთმა გამოცოცხლება დაიწყო . ბოლნისში, ბათუმში, ბორჯომში კარგი გუნდები ჰყავთ, სტადიონებიც წესრიგში მოჰყავთ და ამას არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ. მჯერა, გამგეობა მხარში ამოგვიდგება... სხავთა შორის,  სტადიონებთან დაკავშირებით ჩემი მონახაზიც მაქვს და დარწმუნებული ვარ, ამას სხვებიც აუბავენ მხარს..
  • რას გულისხმობთ?
  • რას და, გადმოგვცენ სტადიონები იმ  პირებს, ვინც გარკვეულ პერიოდში მისი კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 5 მილიონს დახარჯავს. ვიცი, სტადიონის მოვლა საერთოდ არარენტაბელური საქმეა, მაგრამ მე პირადად, მზად ვარ, ამ საქმესაც მივხედო . ეს ხომ ისევ ქართული ფეხბურთის ინტერესებშია..
  • ბოლოს და ბოლოს, ამას ლიცენზირების პროცესიც ითვალისწინებს, ეს კი უეფას მოთხოვნაა...
  • დიახ,  დღეს- ხვალ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იქნება და დროა, შევუდგეთ საქმეს.
  • სად მოემზადება ”ზესტაფონი” ახალი სეზონისთვის?
  • გერმანიაში ან ავსტრიაში, ჩემი პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. სხვათა შორის, მზადების ერთ ეტაპს, შვიდი-ათი დღის განმავლობაში,  გერმანულ კლუბ ”მაინცთან” ერთად გავივლით.. ივნისის ბოლოს ან ივლისის შუა რიცხვებში... ამ კლუბთან ახლო ურთიერთობები მაკავშირებს .მეტსაც გეტყვით, სხვა პროექტებზეც ვმუშაობთ.
  • ფეხბურთელების გაცვლა ხომ არ გაქვთ მხედველობაში?
  • მათ მართლაც აქვთ ინტერესი ჩვენი ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ ეს უფრო მომავლისთვის.  ”ზესტაფონი”  ჯერ არაა იმ დონეზე, ბუნდესლიგის კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა ჩვენ გარკვეულ საკითხებში უკვე ვთანამშრომლობთ...
  • კერძოდ...
  • გერმანიაში ფეხბურთი დიდი ბიზნესია. მათ ამ მხრივ საკმაო გამოცდილება გააჩნიათ ჩვენ კი საფეხბურთო მენეჯმენტის მხრივ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი... უბრალოდ, უცხოელი ინვესტორი ქართული ფეხბურთით რომ დავაინტერესოთ, უნდა დავუსაბუთოთ, რომ ჩვენში ეს სფერო ბიზნესისთვის ნოყიერი ნიადაგია. საამისოდ  მომზადება გვესაჭიროება. ამასთან ”მაინცსაც” ვეხმარები ამ გუნდს ”ლევერკუზერიდან” უკრაინელი ვორონინის გადაბირება სურს და მოლაპარაკებებში მეც ვეხმარები. სხვა გეგმებიც გვაქვს,  მაგრამ ჯერ არაფერს ვიტყვი, სხვა დროს იყოს.

 

გაზეთი ”სპორტი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005