სტილი არის, ჯილდოები იქნება!
.
”სტაბილური ფავორიტი” - წლები გადის, ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლება. ”ზესტაფონის” სტაბილურობას კი დრო ვერაფერს აკლებს. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული უამრავი პროექტი კი იმის გარანტიაა, რომ ზესტაფონელი ქომაგი კიდევ კარგა ხნით გაიხარებს თავისი საყვარელი გუნდის წარმატებით. მცოდნე მწვრთნელი, გამართული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთელები, რომლებსაც მომატება შეუძლიათ - ”ზესტაფონს” ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ გეგმაზომიერად განვითარდეს. რა თქმა უნდა, იმერელ ქომაგს ძალიან ენატრება ქართული ოქრო. მისი მოპოვების შანსი გია გეგუჩაძის გუნდს კიდევ აქვს, თუმცა მთავარი მაინც
”სტაბილური ფავორიტის” სტატუსია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მთავარია, ეს სტაბილურობა შენარჩუნდეს, თორემ ჯილდოები აუცილებლად მოვა.
ევროთასებზე ”ზესტაფონს” ნამდვილი დრამა შეემთხვა. ორმატჩიან დუელში შემდეგი ეტაპის საგზურს უფრო გია გეგუჩაძის გუნდი იმსახურებდა, თუმცა ბოლო წამის დრამამ ყველაფერი გადაწონა. ”ზესტაფონმა” ეროვნული ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყო და კარგა ხანს ლიდერიც იყო. იმერლები დანაკარგს მაინც ვერ ასცდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ”დანაკლისი” ორნაირი იყო - ქულების გაფლანგვა შედარებით სუსტ გუნდებთან და ასე ვთქვათ, ”გეგმაზომიერი” დანაკლისი.
დიახ, თუ ”ოლიმპთან” და ”დინამოსთან” ფეხის დაცდენას კიდევ შეიძლება ლოგიკური ახსნა მოეძებნოს, არც კი ვიცით, რას უნდა დავაბრალოთ თბილისის ”ლოკომოტივთან” ქულების დაკარგვა. შვიდქულიანი ჰანდიკაპი ცოტა არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, იმერლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ეროვნულ ჩემპიონატს ინტრიგა შეუნარჩუნონ. ახლა კი მივყვეთ გუნდის პლუს-მინუსებს...
”ზესტაფონი” ყველაზე ”რთულ” ფეხბურთს თამაშობს საქართველოში. იშვიათად ნახავთ ამ გუნდის ფეხბურთელებმა დაცვითი ფაზიდან შეტევაში უაზროდ ამოიტანონ ბურთი. მუდმივი ცვლილებები ნახევარდაცვის ხაზში, სწრაფვა უნივერსალიზმისკენ, კომბინაციური სტილის ერთგულება - ეს გეგუჩაძის საფირმო სტილია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფეხბურთის შესაგუებლად ”ზესტაფონის” ფეხბურთელებს გარკვეული დრო სჭირდებათ.
არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. არბიტრები მთელ რიგ შემთხვევებში იმერლებს ნამდვილად არ სწყალობდნენ. გავიხსენოთ თუნდაც რუსთავში გამართული უპრინციპულესი მატჩი. თანაც ამას ემატება ისიც, რომ თამაშზე გასვლის წინ ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ რიგი მიზეზების გამო არბიტრი მათ მაინც ”დაწვავს” და ზედმეტად ნერვიულობენ. გარდა ამისა, ”ზესტაფონმა” უნდა გააუმჯობესოს საგოლე მომენტების გამოყენების მაჩვენებელი და ცუდ ქართულ მინდვრებზე თამაშს უნდა შეეჩვიონ.
გია გეგუჩაძემ გუნდში ძალიან დიდი სამუშაო გასწია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ გამორჩეულ მწვრთნელს ყველანაირი პირობა შეუქმა ნაყოფიერი საქმიანობისათვის. გეგუჩაძე ”ზესტაფონში” ხშირად ვერ იყენებს თავის საყვარელ 4-3-3-ს, მაგრამ ურიგო არც ტრადიციული 4-4-2-ია, უნივერსალიზმის შეგრძნებითა და იმპროვიზაციის ელემენტებით. ისიც სათქმელია, რომ გეგუჩაძეს ბევრი ქართველი დარმიგებლის დარად არ უწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა და აქედან გამომდინარე, ყველანაირი საშუალება აქვს, მშვიდად შეასხას ხორცი თავის ჩანაფიქრს.
გუნდის შემადგენლობა დაბალანსებული იყო და ძალიან იშვიათად იცვლებოდა. ძალიან ხშირად მტკიცე იყო დაცვის ოთხეული. იმერლებს ძალიან არგოთ გიორგი ონიანისა და ზაალ ელიავას დამატებამ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ონიანი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.
აი, გუნდის უდავო ლიდერი კი თორნიკე აფციაურია. ვფიქრობთ, ეროვნულ ჩემპიონატში მისი გაქანების ფეხბურთელი პირდაპირ სანთლითაა საძებარი. ზუსტად არ დამითვლია, რამდენი გოლი გაიტანეს "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა აფციაურის გადაცემებით, მაგრამ ვფიქრობთ, თორნიკეს მიერ შესრულებული შედეგიანი პასების
რაოდენობა ორნიშნა რიცხვს შეადგენს. მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა ნიკა გელაშვილმა, რომელიც აუცილებლად იმსახურებს შანსს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ოღონდ არა ისეთ შანსს, რომელიც მას ჰექტორ კუპერმა მისცა და ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი გელაშვილი მისთვის აბსოლუტურად უცხო პოზიციაზე დააყენა. უპრობლემო გუნდი არ არსებობს და ახლა ჩვენც იმ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც პირველი ეტაპის განმავლობაში გვეცა თვალში.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ”ზესტაფონის” ფიზიკური მომზადება იდეალური ნამდვილად არ იყო. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ამ გუნდში საქართველოში გამორჩეული ფიზმომზადების სპეციალისტები მუშაობენ. თუნდაც ბატონი ალექსანდრე ალექსეევი რად ღირს. ბუნებრივია, ამ ნაკლზე გეგუჩაძე გუნდს აუცილებლად მიუთითებს.
გარდა ამისა, ”ზესტაფონს” ერთი უცნაურობაც დასჩემდა. გაიტანდა გუნდი გოლს, მოიპოვებდა თითქმის გადამწყვეტ
უპირატესობას, მერე კი როგორღაც მოეშვებოდა ხოლმე, რაც ხანდახან გუნდს ძვირად უჯდებოდა. და მაინც, თავისი სათამაშო სტილით, სრულყოფისკენ სწრაფვით ”ზესტაფონი” გამორჩეული იყო ეროვნული ჩემპიონატის გუნდებს
შორის...
ვინც "ზესტაფონის" მატჩებს თვალს ხშირად ადევნებდა, დაგვეთანხმება, რომ გუნდის კოზირი მეკარეთა დამაჯერებელი თამაში ნამდვილად არ ყოფილა...
მომავალს კი იმერლები ოპტიმისტურად უყურებენ. ალბათ, ბევრი მოხიბლა ტელევიზიის ერთ-ერთი არხით ნაჩვენებმა ”ზესტაფონის” სტადიონის პროექტმა, სადაც შეუფერხებლად ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრები.
”ბაზელი”, ”რაპიდი”, ზაგრების ”დინამო”, ”სტიაუა” - ეს არასრული ჩამონათვალია იმ გუნდებისა, რომლებიც იმერლებს ზამთარში სპარინგ-პარტნიორობას გაუწევენ. გეგუჩაძეს ჯერაც არ გადაუწურავს ჩემპიონობის იმედი.
ისე კი, ზესტაფონი ნამდვილი საფეხბურთო ქალაქი გახდა და ამაში კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ”დღეს უკეთ, ვიდრე გუშინ” - სწორედ ასეთია პროგრესის გზაზე მდგარი ყველა გუნდის დევიზი და სასიხარულოა, რომ ”ზესტაფონიც” ამ გზას მისდევს.
|