12.12.2009

 

 

 

სეზონის პირველი ნაწილის მაჟორული დასასრული.

 

 

2009 წლის 12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას”.

 

სეზონის პირველი ეტაპის დასკვნითი მატჩის საწყის წუთებში მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს ზუგდიდელთა კართან, თუმცა გიორგი ონიანისა და თორნიკე აფციაურის დარტყმების შემდეგ ბურთი ”ჯიუტად” სტუმართა კარის ხარიხას ხვდებოდა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - იმერელთა მორიგი შეტევისას ლევან კორღალიძე მეკარე თორნიკე ზარქუასთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი ზუგდიდელთა კარის ბადეში აუღელვებლად გადაგზავნა. ტაიმის მიწურულს კი, იმერელთა კარისკენ ამ შეხვედრაში განხორციელებული პირველი და უკანასკნელი დარტყმის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა - 40-ე წუთზე ლუკა გუგუჩიამ საჯარიმო დარტყმიდან ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა და ბურთი, რომელიც არავის შეხებია, ზესტაფონელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში ისევ მასპინძლები დომინირებდნენ, მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ ”ბაიას” კართან, მაგრამ ზუგდიდელები მედგრად იცავდნენ თავს. გადამწყვეტი მატჩის 81-ე წუთი გამოდგა - უჩა ლობჟანიძის შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ, კარისკენ ბურთი თავით რატი წინამძღვრიშვილმა გაგზავნა, თორნიკე ზარქუამ ეს დარტყმაც მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ნიკოლოზ გელაშვილმა დაასწრო და თავის გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ბურთი ნიკა გელაშვილის 13-ე გოლი გახლდათ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში. ზესტაფონის ფორვარდი კვალში უდგას პირველობის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურებულ ანდერსონ აკინოს, რომელიც ნიკას 5 ბურთით უსწრებს. საინტერესო გარემოებათა რიცხვს მიეკუთვნება ისიც, რომ რუსთავის ”ოლიმპის” გოლეადორის 18 გოლიდან 8 გატანილია 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმებით, ხოლო წინა ჩემპიონატის ბომბარდირმა, სასჯელის ასეთი მკაცრი ფორმის შედეგად დანიშნული სტანდარტის გამოყენებით, ზესტაფონელთათვის სეზონის მსვლელობისას მიცემული ორი შანსიდან მხოლოდ ერთჯერ იხეირა.

 

12/12/2009 - ”ზესტაფონი” - ”ბაია” (ზუგდიდი) 2-1

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005