ლიდერთა მატჩი ბოლნისში.
2009 წლის 5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის ცენტრალური მატჩი. ბოლნისში, სტადიონ ”თემურ სტეფანიაზე”, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა დაპირისპირებაში, ”ზესტაფონი” ესტუმრა რუსთავის საფეხბურთო კლუბს ”ოლიმპს”.
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა გარკვეული სათამაშო უპირატესობით წარიმართა - სტუმრების დაწინაურება ნიკოლოზ გელაშვილს, ჯაბა დვალსა და თორნიკე აფციაურს შეეძლოთ, მაგრამ ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 43-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ შოთა გრიგალაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, ზესტაფონელები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ზესტაფონელები კაცნალულნი 62-ე წუთამდე დარჩნენ (ორი ყვითელი გამო მინდვრის დატოვება გიორგი რეხვიაშვილსაც მოუწია), მეორე ტაიმში სიტუაციას კვლავ ზესტაფონელები აკონტროლებდნენ და გეგმაზომიერად ეძებდნენ მასპინძელთა კარის ”გასაღებს”. ამის მიუხედავად, ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს - 58-ე მატჩის არბიტრმა მეტად საეჭვო სიტუაციაში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც ანდერსონ აკინომ გოლად აუღელვებლად აქცია. სტუმრებმა სცადეს შეხვედრის ბედის შემოტრიალება და რამდენიმე ეპიზოდში ახლოსაც იყვნენ მიზანთან (განსაკუთრებით გამოსარჩევია მატჩის მიწურულს შექმნილი ეპიზოდი, როდესაც ნიკა გელაშვილისა და თორნიკე აფციაურის დარტყმების შემდეგ ბურთი ჯერ მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი ხარიხას), მაგრამ, საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა - რუსთაველთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინცდამაინც საკომენტაროდ ვარ განწყობილი. მივულოცავ “ოლიმპს” მოგებას და ერთ რამეს დავამატებდი, რომ “ზესტაფონმა” დღეს ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და ითამაშა".
თემურ მახარაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "მეტოქემ პირველ ნახევარში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემს ფეხბურთელებს ვაფ¬რთხილებდი, რომ პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღებით ეთამაშათ. მოგეხსენებათ, “ზესტაფონმა” თასზე 120 წუთი ითამაშა “ვიტ ჯორ¬ჯიასთან” და ჩვენთან მეორე ტაიმში ძალები არ ეყოფოდა. ჩემი ვარაუდი გამართლდა და მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გვესმის, რომ სხვაობა უახლოეს მდევართან საგრძნობი გვაქვს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყავს და თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ".
|
05/12/2009 - ”ოლიმპი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 12 დეკემბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩში იმერლები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლებენ ...
|