05.12.2009

 

 

 

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან.

უბედნიერესი ვარ, ჩემი ტანჯვა რომ დასრულდა.

 

 

ძალიან ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოედანს რატი წინამძვრიშვილი დაუბრუნდა. ახალგაზრდა და ნიჭიერი თავდამსხმელი თავის დროზე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად იყო შერაცხული, მაგრამ 2007 წლის ზაფხულში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ მისი კარიერა შეაფერხა. იგი მოედანს შარშან დაუბრუნდა, მაგრამ დაბრუნება ხანმოკლე გამოდგა. რატის ტრავმა გაუმიზეზდა და კვლავ საოპერაციო შეიქნა. მწყობრში ახლაღა ჩადგა და ფეხბურთს ”ზესტაფონის” მოთამაშის ამპლუაში დაუბრუნდა. წინამძღვრიშვილს განვლილი პერიოდისა და სამომავლო პერსპექტივებზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, მოედანზე დაბრუნებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა, უბედნიერესი ვარ, ჩემი ტანჯვა რომ დასრულდა, ამხელა საშინელი პერიოდის შემდეგ, ჩემს საყვარელ საქმეს რომ დავუბრუნდი.

- რატომ მიიღე განმეორებითი ტრავმა?

- ვერ გეტყვით, წესით, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, პირველი დაბრუნება ნაადრევი გამომივიდა. ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ ვითამაშე და მალე კვლავ გამიწყდა ჯვარედინი იოგები. გამიკეთეს მეორე ოპერაცია, რომელიც ბელგიაში ჩატარდა, სარეაბილიტაციო პერიოდი კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავატარე. თუ შეიძლება, შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უმძიმეს პერიოდში გვერდით დამიდგა და ეს საშინელება გადამატანინა. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ”ზესტაფონის” ხელმძღვანელობა, რომელმაც ჩემი მკურნალობის ხარჯები მთლიანად იკისრა.

- ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას როდისთვის ვარაუდობ?

- სავარაუდოდ, სეზონის მეორე ნახევრიდან უკვე შემეძლება სრული დატვირთვით ვარჯიში. მანამდე კი იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ უკვე ორ მატჩში ვითამაშე შეცვლაზე და მონატრებული საფეხბურთო გარემო შევიგრძენი.

- შენს არყოფნაში ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ მოხდა. სანამ დაშავდებოდი, ”ამერის” ფეხბურთელი იყავი, დღეს კი ეს კლუბი აღარ არსებობს...

- ამ ამბავმა გული ძალიან დამწყვიტა. ფეხბურთელად ”ამერში” ჩამოვყალიბდი, იქ შვილივით გამზარდეს. ჩვენმა გუნდმა მოკლე პერიოდში შეძლო საკმაო წარმატების მიღწევა და გულშემატკივრების შეძენა. ”ამერის” დაშლით ქართულმა ფეხბურთმა ბევრი რამ დაკარგა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში იმდენი ცუდი რამ ხდება, აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს...

- უფეხბურთო პერიოდი როგორ გაატარე?

- ენით ვერ აღვწერ, ისე საშინლად ვიყავი. ფეხბურთის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი, ვიტანჯებოდი, როცა ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებდი და ჩემი საყვარელი საქმის კეთება არ შემეძლო. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთია, სხვა არაფერი შემიძლია და არც მაქვს სურვილი, სხვა საქმით ვიყო დაკავებული ...

- ”ზესტაფონთან” ადაპტაცია უკვე გავლილი გაქვს?

- ამ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დასაწყისში გავაფორმე, ასე რომ, აქაურ გარემოსთან უკვე გაშინაურებული ვარ. ”ზესტაფონში” ყველაფერი მომწონს, აქ ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი წინსვლისთვის. მინდა, ამ კლუბს თანადგომისთვის კარგი თამაშით გადავუხადო მადლობა. ამას აუცილებლად შევძლებ, მთავარია, ღმერთის ნებით, ჯანმრთელობამ აღარ შემაწუხოს. ფეხბურთელს თუ იღბალი არ აქვს, წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩემი თაობის ბიჭებს კი განსაკუთრებით არ გაუმართლა. ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისია, განუგრავა, გოცირიძე, ყენია და სხვები ტრავმირებულნი რომ არიან.

- ბოლო ორ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” არასახარბიელო შედეგი აჩვენა...

- სამწუხაროა, ჩემს დაბრუნებას ასეთი უსიამოვნო ამბები რომ დაემთხვა. ”სპარტაკთან” დასანანი ორი ქულა დავკარგეთ, ”ვიტ ჯორჯიასთან” კი სამბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ და თასის ნახევარფინალში ვერ გავედით. თასზე განცდილ მარცხს აღარაფერი ეშველება, ჩემპიონატში კი ყველაფერი ჩვენს ხელთაა და დაკარგულს აუცილებლად ავინაზღაურებთ.

- ”ოლიმპისა” და ”ზესტაფონის” დაპირისპირება ცენტრალურია ჩემპიონატის პირველ ეტაპზე.

- ამ მატჩში დავამტკიცებთ, რომ ჩვენი ბოლო წარუმატებლობები შემთხვევითობა იყო. ბოლნისში ძალიან რთული ბრძოლა გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავს არ შევირცხვენთ. პირადად მეც მზად ვარ ასეთ დაძაბულ მატჩში მონაწილეობისთვის და თუ მწვრთნელი თამაშში ჩართვას დამავალებს, თავს არ დავზოგავ.

- ყველა უსიამოვნების მიუხედავად, მაინც შეგიძლია დაკარგულის ანაზღაურება და მაღალი დონის ფეხბურთის თამაში...

- ამის იმედი რომ არ მქონდეს, მოედანს არც დავუბრუნდებოდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ”ზესტაფონსაც” გამოვადგე და საქართველოს ნაკრებშიც დავიმკვიდრო ადგილი. ჩემი მთავარი ოცნება სწორედ ნაკრებს უკავშირდება. ვოცნებობ, ჩემი ქვეყნის საფეხბურთო გამარჯვებებში შევიტანო წვლილი.

 

ლევან ჯანეზაშვილი , გაზეთო ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005