04.12.2009

 

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.

ძალას არ დავიშურებთ “ოლიმპის” დასამარცხებლად.

 

 

ეკა ელოშვილის ფოტო

გასული კვირის საშინაო მასშტაბის ანტიგმირი “ზესტაფონი” გახლავთ. იმერულმა გუნდმა, ეროვნული თასის საპასუხო 1/4-ფინალურ პაექრობაში, იმდენი მოახერხა, შინ 3:0-ზე ძლეულ თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან”, ძირითად დროში 3 უპასუხო გოლი გაუშვა, დამატებითი ოცდაათწუთეულის მიწურულს კი, მეტოქისაგან გადამწყვეტიც მიიღო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს, შაბათს შანსი ეძლევა დაამტკიცოს, რომ სათასო ფიასკოს დავიწყება შეძლო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მის უმთავრეს კონკურენტ რუსთავის “ოლიმპთან” ქულათა სხვაობა 3-ით შეამციროს.
“მსოფლიო სპორტი” ზესტაფონელთა თავკაცს გუნდის ძნელად პროგნოზირებად მარცხთან ერთად, სხვა საინტერესო თემებზეც ესაუბრა.       


- ბატონო გია, მაინც რა დაემართა გუნდს - 4 გოლი ერთ თამაშში კი არა, ათშიც არ გაგიშვიათ.
- ერთბაშად ბევრი ცუდი რამ დაგვემართა. პირველ რიგში, რადგან 3:0 გვქონდა მოგებული, ძალიან თავდაჯერებული გავედით მოედანზე. სამწუხაროდ, ”ვიტ ჯორჯია” არ ფიქრობდა იმას, რომ მათი საქმე მოთავებული იყო. ამასთან, მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, გოლი ვერ გავიტანეთ, აქეთ კი ისეთი დასანანი გოლები გავუშვით, მათზე ლაპარაკიც არ ღირს.
- შემადგენლობიდან ჩანდა, რომ ზოგ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცით. აი, გელაშვილი კი თადარიგშიც არ გყავდათ.
- გელაშვილი ავად იყო, ხიდეშელი და ელიავა დავასვენეთ - 5-ში ძალიან რთული თამაში გველის ”ოლიმპთან”. ალბათ იმასთან ერთად, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ, თამაშის მსვლელობაშიც მოგვიწია გადაწყობა და ხასიათის სიმტკიცეც ვერ გამოვიჩინეთ.
- ყველაფერი ”ოლიმპთან” საჩემპიონატო თამაშზე აქცენტის გაკეთების ბრალი ხომ არ იყო?
- ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, ბევრი რამ გამოჩნდა. ალბათ ჩემი ბრალიცაა - ძირითადი შემადგენლობით უნდა მეთამაშებინა გუნდი. ჩემი ასეთი ”მოდუნება” შეიძლება ფეხბურთელებსაც გადაედოთ. ზუსტად გამიჭირდება რამის თქმა, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრამ ასეთ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.
უნდა ვთქვათ იგივე მინდვრის საფართან დაკავშირებული პრობლემები. გორში სამწუხაროდ ძალიან რთულია ფეხბურთის თამაში. ამიტომ ვთქვი, ყველაფერი კომპლექსშია განსახილველი. სამწუხაროდ, ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ შედეგს.
- როგორც წესი, ასეთი სენსაციურად მწარე მარცხის შემდეგ, გუნდში რაღაც გადაადგილებები ხდება. მიმართავთ რაიმე რადიკალურ ზომებს, თუ ყველაფერი სამუშაო პროცესში გადაწყდება?
- ერთი რასაც ვაპირებთ, დავსხდებით და ფეხბურთელებთან ერთად სერიოზულად ვისაუბრებთ, მათაც მოვუსმენთ. ნაჩქარევად რაიმე გადაწყვეტილებების მიღება, ალბათ, მართალი არ იქნება. ამდენად, დაველოდებით, შევხედავთ რა იქნება. ცივ გონებაზე გააზრებულმა, შესაძლოა სულ სხვა მიზეზები წამოწიოს - რა მოხდა ”ვიტ ჯორჯიასთან” თამაშზე. დასკვნა ერთია - ამ წაგებით ჩვენ თვითონ სერიოზული ”ცივი შხაპი გადავისხით”, რადგან ”ზესტაფონის” ამ მარცხში ისევ და ისევ ”ზესტაფონია” დამნაშავე.
- ”ოლიმპთან” თამაშს სად გამართავთ?
- მატჩი დანიშნულია ბოლნისში და ალბათ ეს არც შეიცვლება. ამ თემის გარშემო, არც სურვილი მაქვს, რომ რაიმე პოლემიკაში ჩავერთო. უბრალოდ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი პოზიციაა ასეთი - სულ ცუდ მინდვრებზე გვიწევს თამაში, თუნდაც ცხინვალის ”სპარტაკთან” გორში თამაშმა ძალიან დიდი ძალა წაართვა ფეხბურთელებს და ჩვენი სურვილია ვითამაშოთ იქ, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის უკეთესი საშუალება მოგვეცემა. რასაც ჩვენ ვარჯიშებზე ვქადაგებთ - კომბინაციები, გახსნა, შემტევი ფეხბურთი, ასეთ მინდვრებზე მის ნახევარსაც ვერ ვახორციელებთ. აქ უფრო ძალისმიერი თამაშია, ჩაგდებაზე, სტანდარტული სიტუაციიდან თუ გავა გოლი - სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი რეალობა. მინდა სწორად ვიყო გაგებული, არ მინდა ჩვენი ყველა მარცხი ცუდ მინდვრებს დავაბრალო, მაგრამ რაღაც წვლილი ყველაფერს შეაქვს.
- გუნდში გყავთ საქართველოში ლამის საუკეთესო 2 მეკარე, რომლებმაც ერთმანეთის მონაცვლეობით ორ თამაშში 7 გოლი გაუშვეს. აქ რაიმე ფსიქოლოგიურ ფაქტორთან ხომ არ გვაქვს საქმე, რომლის გადაჭრაზე კლუბში სათანადოდ ვერ იზრუნეს?
- მიუხედავად იმისა, რომ მეკარეობა სპეციფიკურია, გუნდი გუნდია და მარცხის მიზეზების განხილვა, უფრო მთლიანობაში იქნებოდა უპრიანი. ერთ რამეს მინდა ხაზგასმით შევეხო - ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჩვენი მეკარეების ირგვლივ და ამან ძალიან ცუდი სამსახური გაუწია გუნდს. პრესის ფურცლებზე ძალიან ხშირად იწერებოდა, რომ ვთქვათ როინ კვასხვაძეს არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. შეიძლება ეს ბიჭები არ იტყობდნენ, მხედველობაში მყავს მამალაძე და კვასხვაძე, მაგრამ ძალიან ძნელია ამ პირობებში სათანადოდ განწყობა. რაც არ უნდა მეგობრები იყვნენ ისინი ერთმანეთის, გულის სიღრმეში ერთი ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის თამაში, მეორე კი არჩევანს თავის თავზე აკეთებს.
- ”ზესტაფონს” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო მინდორი გააჩნია. როცა ”ოლიმპი”-”ზესტაფონის” ჩატარების ადგილზე პოლემიკა დაიწყეს, რუსთავურმა მხარემ 5 დეკემბრის შეხვედრის ზესტაფონში გამართვა შემოგთავაზათ. კლუბის წარმომადგენელმა კი, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გადაიტანა აქცენტი.
- ამ თემაზე საუბრისაგან თქვენი ნებართვით თავს შევიკავებ. ჩაიაროს ამ თამაშმა და მერე შეიძლება გითხრათ იმის შესახებ, რა დევს რუსთაველთა ასეთ შემოთავაზებაში. მანამდე კი, ნამდვილად არ მინდა არასაფეხბურთო პოლემიკაში მივიღო მონაწილეობა.
- ე.ი. თქვენც იმ აზრს ეთანხმებით, რომ “ოლიმპთან” “ზესტაფონის” ახლანდელ და დანარჩენ 2 დაპირისპირებას, სეზონის ბედის საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
- კონკრეტულად შაბათის პაექრობას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ მას უჩა ლობჟანიძე ტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. პირველ რიგში, ფეხბურთელებთან გასაუბრებისას, მოგვიწევს იმ საკითხზე შეთანხმება, რომ ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალას არ დავიშურებთ მეტოქის დასამარცხებლად, თუმცა ისევ აღვნიშნავ - ბოლნისში მოედნის საფარი ძალიან შორსაა სასურველისაგან.


ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”სპორტული ამბები", www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005