27.11.2009

 

 

 

სტუმრობა ”ქართლზე”.

 

 

 

2009 წლის 27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. გორში, სტადიონ ”ქართლზე”, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა ცხინვალის საფეხბურთო კლუბს ”სპარტაკს”.

 

შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო და 20-ე წუთზე, შოთა გრიგალაშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ჯაბა დვალმა დააწინაურა კიდეც იმერლები. მასპინძლებმა სულ რაღაც 4 წუთში მოახერხეს გათანაბრება - მას შემდეგ, რაც გიორგი ხიდეშელმა უხარისხო მინდორზე ფეხი ვერ შეიმაგრა, ბაჩანა ცხადაძე როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 1-1 გახადა. 36-ე წუთზე კი უკვე ცხინვალელები დაწინაურდნენ - გიორგი მანწკავას ფლანგური გარღვევა მისივე ზუსტი დარტმით დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელები დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას, რამაც ასახვა ნიკა გელაშვილის მიერ გატანილ 2 გოლში (67-ე და 70-ე წუთები) აისახა. თუმცა, მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მატჩის გადარჩენა - მშველელად 80-ე წუთზე ცხინვალელებს გიორგი კვახაძე მოევლინათ.დასანანი ფრე 3-3.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "ლელო"):

ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი): "ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს და ბუნებრივია, ეს ჩვენს გარჯას დაღს ასვამს. "ზესტაფონთან" შეხვედრაში კი პირველი ტაიმის დასაწყისი ძალიან ცუდი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი იყო, რომ გაშვებული გოლის მერე მალევე გამოვფხიზლდით და მეტოქეს მოგება არ დავანებეთ. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკური იყო. მომავლისთვის გასათვალისწინებელი გვაქვს ის ფაქტი, რომ სამივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. ჩანს, ამაზე კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ".

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "გორში მოსაგებად ჩამოვედით და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დღეს დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ. გამოჩნდა, რომ "სპარტაკი" სულაც არ ფიქრობდა თასის მეოთხედფინალისთვის თავის შენახვას. ცხინვალელებს თავდადება არ აკლდათ, მეტიც ხშირად თავგანწირვით იბრძოდნენ. ჩვენ შემტევი ფეხბურთის თამაშს შევეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მიზეზთა გამო არ გამოგვივიდა".

 

27/11/2009 - ”სპარტაკი” (ცხინვალი) - ”ზესტაფონი” 3-3

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 1 დეკემბერს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში იმერული გუნდი გორში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” ესტუმრება. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, მეჩვიდმეტე ტურის მატჩს გუნდი 5 დეკემბერს რუსთავში გამართავს. სეზონის პირველი ნახევრის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში მარგველთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005