25.11.2009

 

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.

ჩვენი კლუბი ამბიციურია.

 

 

გასულ უქმეებზე ჩატარებულ ტურში ”ზესტაფონი”-”ვიტ ჯორჯია” ერთ-ერთი გამორჩეული იყო. იმერლებმა 2:1 მოიგეს. მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვების გამო ”ლელომ” ტურის მწვრთნელად ზესტაფონელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე დაასახელა. ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ, მერე კი საკლუბოს გარდა, სხვა თემებსაც შევეხეთ...

- ”ვიტ ჯორჯიასთან” მოგების გამო ”ლელომ” ტურის მწვრთნელად დაგასახელათ. როგორ შეაფასებდით დღეს კვირის მატჩს?

- მადლობელი ვარ აღიარებისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გარჯა გიფასდება. ტურის მწვრთნელად ჩემი დასახელება მთელი ჩვენი გუნდის დამსახურებაა... რაც შეეხება მატჩს, ცხადია, რთული თამაში გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა... პირველ ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და სწრაფი გოლიც გავიტანეთ. ბუნებრივია, მეტოქე თამაშის გადარჩენას შეეცადა და შემოგვიტია. მას მერე, რაც ”ვიტ ჯორჯიამ” წონასწორობა აღადგინა, ჩემმა გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, უპირატესობა დაიბრუნა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანა... ისიც უნდა ითქვას, რომ ”ვიტ ჯორჯიასთან” ამ გამარჯვებას ჩვენ ბათუმში დავუდეთ სათავე...

- სანაკრებო პაუზისას ჩატარებულ მოსამზადებელ შეკრებას გულისხმობთ? ბათუმში ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები დაგაკლდათ...

- დიახ, მეკარე როინ კვასხვაძე, მცველი გიორგი ხიდეშელი და ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი არ იყვნენ. მაგრამ ასე იყო თუ ისე, სანაკრებო პაუზა მაინც სასარგებლო გამოდგა, ზღვისპირეთში, თან კარგ პირობებში მომზადებამ ნამდვილად არ გვაწყინა. ეგ იყო, ამინდმა შეგვიშალა ხელი და უფრო მეტად ფიზიკურ კონდიციებზე გადავიტანეთ ყურადღება. ბათუმში მომზადებამ ”ვიტ ჯორჯიასთან” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

- ძნელია, როცა ”დინამოსთან” დამარცხდები, ხოლო მომდევნო მატჩი მოქმედ ჩემპიონთან გაქვს...

- რაც შეეხება ”დინამოსთან” წაგებას, ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ამ მარცხის მიზეზი მხოლოდ ერთი არ არის, მაგრამ უმთავრესი ალბათ ის არის, რაზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას - ოპტიმალური ფორმის შენარჩუნება მოსამზადებელი შეკრებიდან მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ”დინამოსთან” თამაშმა კი მეხუთე თვეს მოგვიწია. ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ. მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. ბათუმის შეკრება დასვენებასაც მოიცავდა და მზადებასაც, ეს ამ პროცესების ერთგვარი ნაზავი იყო.

- ”ოლიმპი” ისევ 2 ქულით გისწრებთ. ჩემპიონობისთვის იბრძვით, მაგრამ წინ სეზონის მთელი მეორე ნახევარია. ოქროსთვის ბრძოლაში შანსი საკმარისად გაქვთ...

- შანსი ნამდვილად სერიოზული გვაქვს. მართალია ”ოლიმპი” ძლიერი გუნდია, მაგრამ ზამთრის პაუზამდე ამ გუნდთან დაგვრჩა კიდევ ერთი მატჩი და ეს იმ დიდი შანსის ერთი პატარა ნაწილი იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- უცნაური დამთხვევაა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტები ”ზესტაფონის” ყოფილი და დღევანდელი მწვრთნელები არიან. ეს ალბათ თქვენი გუნდის ამბიციურობაზე მეტყველებს...

- ”ზესტაფონი” რომ ამბიციური გუნდია, ეს ცარიელი სიტყვები არ არის - ბოლო რამდენიმე სეზონია, ამას ყველა ხედავს. მნიშვნელობა არ აქვს, ამ გუნდის მწვრთნელი თემურ მახარაძეა, გია გეგუჩაძე თუ სხვა სპეციალისტი... თუ ამ კლუბის ისტორიას გადახედავთ, დაინახავთ, რომ ”ზესტაფონი” სტაბილური ფავორიტია. დიახ, ჩვენი კლუბი ამბიციურია პრეზიდენტიდან დაწყებული, მწვრთნელით გაგრძელებული და თითოეული ფეხბურთელებით თუ გულშემატკივრით დამთავრებული.

- მოდი, შევცვალოთ თემა. განვლილ შესარჩევ ციკლში ჩვენმა ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა - პირველად ჩაამთავრა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგების გარეშე. უმეტესობა მიზეზად სანაკრებო რესურსის არასრულად გამოყენებას ასახელებს. თქვენი აზრიც საინტერესოა. რას ფიქრობს ამაზე გია გეგუჩაძე?

- იცით, გამიჭირდება ამ თემაზე მსჯელობა, რადგან ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე პროცესებს გარედან ვადევნებდი თვალს... მოდი, ასე ვიტყვი - ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდეს. ამაში სანაკრებო რესურსის უკეთ გამოყენებაც იგულისხმება, ტაქტიკა-სტრატეგიაც და სხვა ფაქტორებიც. ამ კითხვაზე საპასუხოდ მხოლოდ ერთი ან ორი მიზეზის დასახელება, ვფიქრობ, საკმარისი არ იქნებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, ნაკრებში მიმდინარე პროცესებს დეტალურად არ ვიცნობ და საფუძვლიან ანალიზს ვერ გავაკეთებ.

- ეროვნულ ნაკრებში თქვენი გუნდის ფეხბურთელებიც იყვნენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ”ზესტაფონიდან” სხვა ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ ქვეყნის მთავარ კრებულში მოხვედრას თუ არა, მინიმუმ, გასინჯვას მაინც. მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობები სხვებზე უკეთ იცის. ჰოდა, საინტერესოა, ვის გაუწევდით რეკომენდაციას ეროვნულ ნაკრებში?

- ჩემს ფეხბურთელებს მართლაც კარგად ვიცნობ, მაგრამ ახლა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი რომ გაგცეთ, შეიძლება ხალხმა სხვაგვარად აღიქვას... მოდი, ასე ვთქვათ - არავის გამორჩევა არ მინდა, ჩვენს გუნდში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ გუნდში თუნდაც გასინჯვას ნამდვილად იმსახურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ - გვარებს შეგნებულად არ ჩამოვთვლი. მხოლოდ ერთს დავამატებდი - ნიკა გელაშვილი კი იყო ნაკრებში გამოძახებული, მაგრამ თავის პოზიციაზე არ ათამაშეს და საკუთარი შესაძლებლობებიც სრულად ამიტომაც ვერ წარმოაჩინა.

- ქართული მასმედია ეროვნული გუნდის მეკარეებზე დებატებმა მოიცვა. სპეციალისტთა ერთი, საკმაოდ სოლიდური ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაკრების მთავარი გოლკიპერი ”ზესტაფონისა” და 21-წლამდელთა კარის დარაჯი როინ კვასხვაძე უნდა იყოს. უცნაური აზრია იმ ფონზე, როცა მას თავად ”ზესტაფონის” ძირითადშიც იშვიათად უწევს თამაში...

- ჩვენს მთავარ გუნდთან ერთად სამი მეკარე - ზურაბ მამალაძე, როინ კვასხვაძე და კახა მეშველიანი მუდმივად ემზადება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - ბედნიერი ვარ, რომ სამივე მათგანი საუკეთესოა ეროვნულ ჩემპიონატში. შეძლებისდაგვარად, არც ერთს არ ვაკლებთ სათამაშო პრაქტიკას. ხოლო თუ რომელ მეკარეს გამოიძახებენ ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში, ეს უკვე ნაკრების მწვრთნელების გადასაწყვეტია.

- ეროვნული ნაკრები თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. ბუნებრივია, მასზე გარკვეული წარმოდგენა მაინც გაქვთ და საინტერესო იქნებოდა კოლეგის თქვენეული დახასიათება. როგორ ფიქრობთ, რისი იმედი უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების თავკაცობა მივულოცო. მასზე ყველაზე უკეთ მისი წარსული მეტყველებს. ფაქტია, ქეცბაიაზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული სპეციალისტია. ვიცი მისი სამწვრთნელო ხასიათის შტრიხებიც. ის ობიექტურია და მჯერა, სანაკრებო დონისთვის შესაფერის ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს.

- არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის, რომ ეროვნულ გუნდს ბევრი ფეხბურთელი მისცეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- არა, არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატშიც თამაშობენ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები, რომელთაც სანაკრებო დონეზე თამაში ნამდვილად შეუძლიათ.

 

დავით ცაბაძე, გაზეთო ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005