15.05. 2006

ფინალი-ფილმი
ქართული ფეხბურთი ჰოლივუდის სცენარით

 


წესით და რიგით, უნდა ვწერდეთ, "ამერმა" "ზესტაფონს" მოუგოო. ეს წესით და რიგით, თორემ "ამერმა" უფრო მეტად არასახარბიელო პროგნოზს, "კეთილისმსურველთა" ეჭვსა და ვარაუდს, თუ გნებავთ, კონიუნქტურასაც მოუგო და რაც შეეხება "ზესტაფონს", წაგებულად მოხსენიებისთვის ნამდვილად არ გვემეტება. გუშინ ყველამ მოიგო, მათ შორის "ზესტაფონმაც", სტადიონზე მისულმა თუ ტელეეკრანთან მჯდომმა ქომაგმაც, ზოგადად ქართულმა ფეხბურთმაც. ნამატჩევს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა მითხრა, კარგა ხანია, ქართული გუნდების შესრულებით ასეთი დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთი არ მინახავს, სწორედ ასეთ მატჩებს შეუძლია ქომაგის სტადიონზე დაბრუნებაო. ამიტომაც გიქრება სურვილი, წაგებასა და წაგებულზე ლაპარაკის, მაგრამ რადგან ზემოთ წესი და რიგი უკვე ვახსენეთ...
ნამატჩევს, რიგითი გულშემატკივრით დაწყებული და ფეხბურთის სპეციალისტებით დამთავრებული, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ამგვარი სანახაობრივი და დრამატული ფინალით საქართველოს თასის გათამაშება კარგა ხანია, ან ეგებ არც არასდროს დასრულებულა. "ამერი" და "ზესტაფონი" მეჩვიდმეტე ეროვნულ ჩემპიონატში "ევროზონის" მიღმა დარჩნენ და ერთადერთი შანსი ფინალში გამარჯვებაღა იყო. უეფას თასზე თამაში იქით იყოს და, აქამდე არც ერთს გუშინწინდელ მეტოქეთაგან არანაირი ტიტული არ მოეგო. მოკლედ, მოტივაციაზე, თავდადებაზე და სხვა ამგვარებზე ლაპარაკი უადგილოა - "მიხეილ მესხი" ნამდვილი ომის მომსწრე გახდა.
მატჩი ამერელთა შეტევით დაიწყო და პირველსავე წუთზე გიორგი დეკანოსიძემ შორი მანძილიდან გასროლით აგრძნობინა მეტოქეს, არაფრის დამთმობნი არ ვართო, მე-10 წუთზე კი თბილისელები უკვე გატანილ გოლს ზეიმობდნენ. დავით ბოლქვაძემ მოედნის ცენტრში ბრძოლით მოიპოვა ბურთი და რატი წინამძღვრიშვილი მოძებნა. რატიმ საჯარიმოში შერბენილ სულიკო დავითაშვილს გადააწოდა, რომელმაც კორპუსით ბრძოლა მოუგო იმ დღის იუბილარ სევასტი თოდუას და შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა ბურთი - 1:0. სადებიუტო ათი წუთის მიმოხილვა შემთხვევით არ გამოგვიტოვებია - ეს გოლი მხოლოდ პროგნოზების კი არა, პირველ ათ წუთში გამოკვეთილი სცენარის მსხვრევასაც ნიშნავდა. ბუნებრივია, "ამერი" უფრო ფრთხილი გახდა და კონტრშეტევებში დაიწყო მორიგი შანსის ძებნა. მოედნის ცენტრში უდიდეს სამუშაოს ასრულებდა დავით ბოლქვაძე, შეტევაში კი ჩვეულად მებრძოლ სულიკო დავითაშვილს დიდებულად აუბა მხარი რატი წინამძღვრიშვილმა. პირველი გოლის შემოქმედ ამ სამეულს მე-15 წუთზე კიდევ ერთის გატანა შეეძლო: წინამძღვრიშვილმა სამ მეტოქეს შორის გაიკვალა გზა და დავითაშვილი მონახა; "აბრეზამ" დასარტყამ პოზიციაზე ბოლქვაძე დატოვა და მის მიერ გასროლილი ბურთი გრიგოლ ჭანტურიამ კუთხურზე მოიგერია. კიდევ ათი წუთის შემდეგ დენის დობროვოლსკის ჯერი დადგა. ზესტაფონელთა მიერ საჯარიმოდან ცუდად ამოტანილ ბურთს მან პირველ ცდაზე ფეხი ააცილა, თუმცა მეორე შანსიც მიეცა და ჭანტურიამ ნახტომით უკუაგდო კუთხეში მიმავალი ბურთი.
აქამდე თითქმის არაფერი გვითქვამს "ზესტაფონზე", არადა, ბურთს უფრო ხშირად იმერლები აკონტროლებდნენ. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები საჯარიმომდე მისვლასაც ახერხებდნენ, მაგრამ 29-ე წუთამდე ზურაბ ქვაჩახია სერიოზულად არ დაუსაქმებიათ. 29-ე წუთზე "ამერის" საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ჯარიმა გოგი ფიფიამ ჩააწოდა, ბურთი ერთ-ერთი ამერელი მცველის ფეხიდან აიჭრა და კარიდან ორ მეტრში უმეთვალყურეოდ დატოვებულ ზურაბ იონანიძეს ისღა დარჩენოდა, ანგარიში გაეთანაბრებინა - 1:1.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ "ზესტაფონის" მხარეს გადაინაცვლა, თბილისელთა დაცვაში შეცდომებმა იმატა და ანგარიშის გათანაბრებიდან ერთ წუთში ფიფიას "ზესტაფონის" დაწინაურებაც შეეძლო. საჯარიმოს წინა ხაზიდან მის მიერ ძლიერად დარტყმულმა ბურთმა ძელიდან რამდენიმე სანტიმეტრში ჩაიქროლა. ტაიმის ბოლომდე უპირატესობა "ზესტაფონის" მხარეს დარჩა. იონანიძე თავისთავად და, ნაკლებ თავსატეხს "ამერის" დაცვას არც გიორგი თურმანიძე და ფიფია უჩენდნენ. "ფიფომ" მე-40 წუთზე "ამერის" დაცვას ზედ პირით ხაზთან ჩაუცეკვა, ორი "პადსებიათი" თავი გაითავისუფლა და მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც - ბურთი მცველს მოხვდა და ქვაჩახიას მისი დაუფლება აღარ გასჭირვებია. ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე შანსი "ამერსაც" მიეცა. წინამძღვრიშვილმა მორიგი გარღვევა წამოიწყო, მაგრამ წააქციეს, გიორგი ვადაჭკორიამ კი ანიშნა, თამაში გააგრძელეთო. რატიმ წამოხტომა და დაკარგული ბურთის ჩაჭრაც მოასწრო, რომელიც მარტო მდგომ დავითაშვილს მიუვიდა. "აბრეზა" ამგვარ საჩუქარს არ ელოდა და მომენტიც გაცუდდა.
მეორე ტაიმის დასაწყისი პირველისას ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ "ამერმა" ათის მაგიერ ხუთი წუთი იკმარა გასატანად. დავითაშვილმა ფლანგზე დეკანოსიძე მონახა, ამან საჯარიმოში ჩააწოდა, საიდანღაც გამოფრენილმა წინამძღვრიშვილმა კი თავით ულამაზესი გოლი გაუტანა გრიგოლ ჭანტურიას - ბურთი ზედ ხარიხის ძირში შეფრინდა. ამერელებს მეორე გოლით გამოწვეული სიხარული არ განელებოდათ, რომ იონანიძემ ისევ ორი მეტრიდან გაიტანა. თუმცა თამაშგარე მდგომარეობა აშკარა იყო და ლევან მიქელაძის ალმის ფრიალზე პროტესტი ზესტაფონელ ფეხბურთელებსაც არ გამოუთქვამთ. "იონამ" მე-60 წუთზე კიდევ ერთხელ დაიძვრინა მეურვეობისგან თავი, თურმანიძის ჩაწოდებული ბურთი პენალტის ნიშნულთან მყოფმა ერთი შეხებით მოათვინიერა, მეორით კი კარისკენ დაუნაცვლა. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კარიდან გამოვარდნილმა ქვაჩახიამ ფეხებით სასწაულებრივ მოიგერია ბურთი კუთხურზე.
თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა და ორივე მწვრთნელმა შეცვლებს მიმართა. გიორგი ჩიხრაძემ დავით სევასტოპულო გრიგოლ დოლიძით ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი რატი წინამძღვრიშვილი და სულიკო დავითაშვილიც გაიყვანა მოედნიდან. კობა ჟორჟიკაშვილმა თამაშში ჯერ სერგეი ნუდნი ჩართო, მერე კი გიორგი ჭელიძე და გრიგოლ იმედაძე. "ამერი" დაცვის გაძლიერებით გეგმავდა სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას, "ზესტაფონს" კი სიტუაცია მეტი აგრესიულობისკენ უბიძგებდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ხუთი წუთით ადრე "ამერის" კარში კინაღამ კურიოზული გოლი გავიდა. ორმოციოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი უცნაური ტრაექტორიით გაფრინდა შორეული "ცხრიანისკენ", ქვაჩახიამ კუთხურზე გადაგდების ნაცვლად მისი დაუფლება გადაწყვიტა, დაეუფლა კიდეც და... თავად კარის ხაზს შიგნით დაეცა, მაგრამ ბურთი ხაზსგარეთ დააფიქსირა.
თამაშისთვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად ამოიწურა. "მიხეილ მესხის" 30-ე სექტორი "ამერის" ფანებს რომ ჰქონდათ შევსებულიძ უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, "ზესტაფონურ" მე-5 სექტორში კი მარცხს შეეგუენ და სიჩუმემ დაისადგურა...
იშვიათია, მეკარემ საგოლე გადაცემა მიითვალოს. კიდევ უფრო იშვიათია, ეს თასის ფინალში მოახერხოს და მაინცდამაინც ბოლო წუთზე. გრიგოლ ჭანტურიამ მოედნის ცენტრიდან ჯარიმა დაარტყა და ბურთი თავზე დაასვა შალვა ღონღაძეს, რომელიც "ამერის" დაცვას უმეთვალყუროდ დაეტოვებინა. წამის შემდეგ ოცდამეათე სექტორში უკვე გაოგნებამ, მეხუთეში კი აღტყინებამ დაისადგურა - სტადიონის ტაბლო 2:2-ს უჩვენებდა, მეოთხე მსაჯისა კი ოთხს წუთს, გიორგი ვადაჭკორიამ ძირითად დროს რომ დაამატა. აბა, ასეთ დროს ვინღა გარისკავს, გუნდები დამატებითი ტაიმების გარდუვალობას შეეგუენ.
როცა გოლს ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე უშვებ, როცა მოედანზე მყოფ თითქმის ყველა შენს ფეხბურთელს თითო ყვითელი ბარათი მიღებული აქვს, როცა მოედნიდან გაყვანილი გყავს თავდასხმის დუეტი... ლოგიკის მიხედვით, დამატებითი დრო "ამერს" კარგს არაფერს უქადდა. გიორგი ჩიხრაძემ შეძლო და გუნდს კიდევ ერთხელ დაუბრუნა მებრძოლი სული. როგორც ნამატჩევს ფეხბურთელებმა გვითხრეს, ძირითადის დასრულების შემდეგ ჩიხრაძეს მათთვის უთქვამს, თქვენ უკვე მოგებულები ხართ, ახლა კი გადით და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათო.
"ამერმა" გააკეთა ის, რაც შეეძლო - ფაქტობრივად თავდასხმის გარეშე დარჩენილმა გუნდმა დამატებით დროში კარი მშრალად შეინახა. თუმა ერთ ეპიზოდში თბილისელები ფორტუნამღა იხსნა. მეორე დამატებითი ტაიმის მე-8 წუთზე იმედაძემ შორეულ კუთხეში დაურტყა ქვაჩახიას და ბურთი "ამერის" კარის ჯვარედინმა აისხლიტა.
მაშ ასე, თასის მფლობელს პენალტების სერია გაარკვევს! არადა, როგორი საქმეა: "ამერის" კარში ზურაბ ქვაჩახია დგას, რომელიც შარშან "ზესტაფონის" სამსახურში არცთუ ურიგოდ იდგა, მაგრამ ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდიდან დაითხოვეს. ბუნებრივი მოტივაციის გარდა "ქვაჩის" კოზირი ისიც იყო, რომ ყოფილი თანაგუნდელების საპენალტე შესაძლებლობები ჩინებულად უწყის.
მწვრთნელებმა პენალტისტთა ხუთეულები დაასახელეს. კარიც შეირჩა. ნერვები წკიპზეა და ბევრს მოედნისკენ ყურებაც უჭირს.
პირველი "ამერი" ურტყავს. ნიშნულთან გიორგი დეკანოსიძე მიდის, ურტყამს და... აცილებს - 2:2 ძალაშია.
"ზესტაფონის" რიგია. ბურთთან განუგრავა მიდის. მოკლე გამორბენით ურტყამს, ქვაჩახია იგერიებს, მაგრამ ზედვე ეცემა, ბურთს მისი იდაყვი ისხლეტს და 3:2 ზესტაფონის სასარგებლოდ.
"ამერიდან" ბოლქვაძე ურტყამს და ჭანტურიას შანსს არ უტოვებს - 3:3.
გრიგოლ იმედაძე კარგად ურტყამს, თუმცა ქვაჩახიამ ისევ გამოიცნო კუთხე, თითებიც წაატანა ბურთს - მაინც 4:3 ზესტაფონელთა სასარგებლოდ.
დიმიტრი ტატანაშვილი თავდაჯერებული მიდის ბურთთან და უნაკლოდაც ასრულებს დარტყმას - 4:4.
ქვაჩახიამ ზედიზედ მესამედ გამოიცნო კუთხე, ამჯერად გოგი ფიფიას დარტყმის შემდეგ, იგერიებს და თანაფარდობა აღდგენილია - 4:4. გუნდებს ორ-ორი პენალტი აქვთ შესასრულებელი.
გიორგი დავითნიძე ზუსტია - 5:4 უკვე "ამერის" სასარგებლოდ.
ზურაბ იონანიძე კიდევ ერთხელ ათანაბრებს - 5:5.
ვახტანგ ხვადაგიანი გადამწყვეტ მომენტშიც აბსოლუტურად მშვიდია - 6:5.
მეკარეთა დუელი5 "ზესტაფონიდან" ბოლო, მეხუთე დარტყმას საკუთარ თავზე გრიგოლ ჭანტურია იღებს, ბურთს თითქმის პირდაპირ ცენტრში ურტყამს და ქვაჩახია მუხლებს უხვედრებს... ის, რაც 30-ე სექტორში ხდება, სიგიჟეს ჰგავს, "ამერის" ფანები დამცავ ღობეს აწყდებიან, მოედანზე კი ამერელებს ზურაბ ქვაჩახია ლამის შემოეგუდათ.
ფინალის ფინალი ძალიან ლამაზი გამოვიდა. საქართველოს თასის ახალ მფლობელ "ამერს" თასი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა გადასცა, მედლები კი ფედერაციისა და პროფლიგის სხვა ხელმძღვანელებმა. ცა ფეიერვერკმა გაანათა.
უმაღლეს ლიგაში ერთი წლის გადმოსული გუნდისთვის საქართველოს თასის დაუფლება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ან თუნდაც ფანტასტიური შედეგი. ეს იმის დასტურია, რომ გეზი სწორია, სანთელ-საკმეველი კი გზას არასოდეს დაკარგავს. შექმნიდან ოთხი წლის შემდეგ თბილისის "ამერი" ევროტურნირს დააჭაშნიკებს.

 

 

 

გაზეთი ” სარბიელი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005