ინტერვიუ ლევან კორღალიძესთან.
ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ”ზესტაფონმა” ”ვიტ ჯორჯიას” 2:1 სძლია. ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა იმერელთა ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ, რომელმაც მეოთხე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა კორღალიძეს, რომელიც ”ზესტაფონს” ზაფხულში შეუერთდა, წამყვან ამპლუაში იშვიათად ვხედავთ. მას უფრო ხშირად, შეცვლებზე ათამაშებენ და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მაშინ ხვდება, ”ზესტაფონს” რომელიმე შუახაზელი რომ ჰყავს ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული. ბუნებრივია, ლევანს ეს ამბავი ძალიან აწუხებს.
- დიდი იმედი მქონდა, რომ ”ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრებდი ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ბუნებრივია, ამაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ძლიერ გუნდში მოვდიოდი, სადაც დიდი კონკურენცია დამხვდებოდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, შრომას გავაგრძელებ და კვლავ ვეცდები იმის დამტკიცებას, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ. კარიერაში ამაზე მძიმე მომენტებიც გადამიტანია, ასე რომ, დღევანდელი ვითარება ვერ გამტეხს.
- მართალია, უმეტესად შეცვლებზე გათამაშებენ, სამაგიეროდ, მოედანზე შესვლა თითქმის ყველა განვლილ შეხვედრაში მოგიწიათ.
- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი თამაშის გაძლიერებას გავალებს, მაგრამ ყველა ფეხბურთელის პირველივე წუთიდან სურს მოედანზე ყოფნა და გამონაკლისი არც მე ვარ.
- ”ვიტ ჯორჯიასთან” ჩატარებულ მატჩს როგორ გაიხსენებთ?
- მოხარული ვარ, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში რომ მომეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თორნიკე აფციაური დისკვალიფიცირებული იყო და ძირითად შემადგენლობაში ამიტომ მოვხვდი. შეუპოვარი ბრძოლა იყო, ორივე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სურდა და ამიტომაც მაყურებელმა მაღალი დონის ფეხბურთით ისიამოვნა. ნაწილობრივ გაგვიმართლა კიდეც, მატჩის დასაწყისში გოლი რომ არ გაგვეტანა, სამი ქულის მოპოვება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ანგარიში კი იმიტომ გავხსენი, რომ სწორი პოზიცია შევარჩიე და ”ვიტ ჯორჯიას” კარში ბურთი შეუჩერებლად დავარტყი. პატარა რიკოშეტიც იყო, რომელიც დამეხმარა. მართალია, პირველი ტაიმის დასრულებისთანავე შემცვალეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მატჩი საკმაოდ ნორმალურ დონეზე ჩავატარე.
- კარიერაში უკეთესი პერიოდებიც გქონიათ...
- საუკეთესო წლები ლატვიაში გავატარე. წლების განმავლობაში რიგის ”სკონტოს” ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. ლატვიის ჩემპიონები ექვსჯერ გავხდით, ოთხჯერ კი თასი მოვიპოვეთ. ამას გარდა, არაერთი ინდივიდუალური პრიზიც მივიღე. მოკლედ, დაუვიწყარი პერიოდი იყო. ყველაფრის მიუხედავად, ფეხბურთის თამაში დღესაც სიამოვნებას მანიჭებს და მსურს, კიდევ მივაღწიო წარმატებებს. თუ ”ზესტაფონში” ისე მყარად დავმკვიდრდი, როგორც მსურს, მაშინ ამ გუნდთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებ წარმატებებისთვის, თუ არადა სხვა გზას ვიპოვი.
- ”ზესტაფონის” დატოვებაზე ფიქრობთ?
- ჯერ არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სხვა კლუბის მოძებნას შევეცდები. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ შეცვლებზე თამაში ვერ დამაკმაყოფილებს. კიდევ გავიმეორებ, რომ ნაწყენი არავისზე ვარ და იმედი მაქვს, ჩემს სურვილს კლუბის ხელმძღვანელობა და მწვრთნელები გაგებით მოეკიდებიან. თუ სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე სიტუაცია არ შეიცვალა, შევეცდები, ზამთრის სატრანსფერო პაუზისას ახალი გუნდი ვიპოვო.
- ”ზესტაფონში” გადასვლას ხომ არ ნანობთ?
- არავითარ შემთხვევაში. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა შექმნილი, კლუბის ხელმძღვანელობაცა და თითოეული წევრიც მაქსიმუმს აკეთებს საერთო წარმატებისთვის. გია გეგუჩაძე გუნდს ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ათამაშებს და ამიტომაც ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. მიმაჩნია, რომ საქართველოში დაბრუნება ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯი არაა. უკეთეს ლიგაშიც შემეძლო თამაში, მაგრამ არც ჩვენთანაა კატასტროფული დონე.
- მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ”ოლიმპსა” და ”ვიტ ჯორჯიას”. ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობაცაა და თასის მოპოვებაც. ”ვიტ ჯორჯია” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დიდი ანგარიშით დავამარცხეთ და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით. ჩემპიონატშიც ყველაფერი რიგზე გვაქვს. ”ოლიმპს” მცირე სხვაობით ჩამოვრჩებით და ვიმედოვნებთ, რომ მასთან ურთიერთშეხვედრით, რომელიც მალე გველის, ერთპიროვნულ ლიდერობას დავიბრუნებთ. ისე კი, ეს ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულია და ნებისმიერ მეტოქესთან სრული მობილიზებით თამაშია საჭირო. ხომ ხედავთ, რამხელა თავსატეხი გაგვიჩინა ბოლოადგილოსანმა ”ლოკომოტივმა”, რომელმაც ზესტაფონში ქულები დაგვაკარგვინა, თბილისში კი ძლივს მოვუგეთ. არც ”დინამოს” ჩამოწერა შეიძლება, რომელმაც შესაძლოა, ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლოს, მაგრამ კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება მაინც შეძლოს. ამის დასტური თუნდაც ”დინამოსა” და ”ზესტაფონის” ბოლო შეხვედრაა.
|