ინტერვიუ ხვიჩა ქასრაშვილთან.
ქასრაშვილი ”ზესტაფონში” დიდ პოტენციალს ხედავს.
ხვიჩა ქასრაშვილს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდებს წვრთნიდა, ახლა კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობასთან ერთად საქმიანობს.
”ზესტაფონის” დღევანდელ ბირთვს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელები წარმოადგენენ. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი კადრები ნელ-ნელა, გეგმაზომიერად დაწინაურდნენ. გთავაზობთ ინტერვიუს ხვიჩა ქასრაშვილთან:
- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენ ძირითადად 1992-93 წლებში დაბადებული ფეხბურთელების სელექციას ვეწევით მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თაობის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა. როგორც იცით, გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდიდან უკვე ექვსი ფეხბურთელია მიწვეული და ვფიქრობ, ეს არ არის მეორეხარისხოვანი, ჩვენს წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს.
- იქნებ ამ ბიჭების გვარები ჩამოგვითვალოთ.
- ხუჯაძე, ფერაძე, გაჩეჩილაძე... ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან. ასევე მინდა აღვნიშნო ქავთარაძე და კიკნაველიძე.
- როგორც ვიცით, დუბლშემადგენლობაში ასაკით უმცროს ფეხბურთელებს ათამაშებთ...
- დიახ, ეს ასეა. გვინდა, რომ თავიდანვე აღმოვაჩინოთ ტალანტები და დავაინტერესოთ. ჩვენმა დუბლშემადგენლობამ უკვე ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი.
- საინტერესოა, როგორ პირობებში გიწევთ მომზადება?
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მთელ საქართველოში საუკეთესო პირობებში გვიწევს მუშაობა. საკვები, ტრანსპორტი, სავარჯიშო პირობები - ამ მხრივ უზრუნველყოფილნი ვართ. ახლა ისღა დაგვრჩენია, შედეგი ვაჩვენოთ და ისეთი კადრები აღვზარდოთ, რომლებიც მომავალში გუნდს ასახელებენ.
- ”ზესტაფონის” ძირითად ბირთვს ახლა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელები წარმოადგენენ. რას იტყვით ადგილობრივი ბიჭების შესახებ?
- დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ორ წელიწადში გვეყოლება ისეთი სამი-ოთხი ფეხუბრთელი, რომლებიც პირველი გუნდის ღირსებას დაიცავენ და ძირითად გუნდში თავს არ შეირცხვენენ. ამ ბიჭებში პოტენციალს რომ არ ვხედავდე, ასე ნამდვილად არ ვილაპარაკებდი.
- როგორ აფასებთ დუბლშემადგენლობების ჩემპიონატის ჩატარების იდეას?
- ძალიან კარგია, რომ ამ იდეას ხორცი შეესხა. თავის დროზე სწორედ ჩვენი გუნდი იყო ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი. დარწმუნებული ვარ, დუბლების ჩემპიონატის ჩატარება ძალიან მალე გამოიღებს დიდ შედეგს. ჩვენ ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია.
|