”ზესტაფონი” ჩემპიონს ამარცხებს.
2009 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.
მატჩის საწყის წუთებში მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს ვეტერინართა კართან, რამაც შედეგი უკვე მეოთხე წუთზე მოიტანა - ზაალ ელიავას მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი სტუმართა მცველებმა საჯარიმოს ხაზთან გამოიტანეს, იქ კი ყველას ლევან კორღალიძემ დაასწრო და უძლიერესი დარტყმით ის არდალიონ მიქაბერიძის კარში გადააგზავნა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და მთლიანობაში ტაიმი ხისტ ბრძოლასა და ორმხრივ იერიშებში გაილია, თავის გამოჩენის შანსები ორივე მხარეს ჰქონდა, თუმცა, ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში გათანაბრდა - 50-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა ალექსანდრე კვახაძემ და ახლო მანძილიდან აიღო მასპინძელთა კარი. ამის შემდეგ იმერლები ისევ დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და შეტევების ქარცეცხლი დაატრიალეს ვეტერინართა კართან. თავის მხრივ, სტუმრებიც სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ მასპინძელთა აქტიურობას. გადამწყვეტი შეხვედრის 84-ე გამოდგა - ნიკა კვასხვაძის კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ, საჯარიმოში ბურთი თავით გიორგი ხიდეშელმა დააბრუნა, იქ კი ყველას მურთაზ დაუშვილმა დაასწრო და იმერულ გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონში 5 დღე წვიმდა, მინდორმა ორივე გუნდს საშუალება მოგვცა ლამაზი ფეხბურთი გვეჩვენებინა. თავიდანვე ინიციატივას დავეუფლეთ და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ “ვიტ ჯორჯია” გვჯობდა. სწორედ ამის გამო, მეტოქემ გაგვითანაბრა, თუმცა, მატჩის დასკვნითი ნაწილი ისევ ჩვენი უპირატესობით წარიმართა. განხორციელებულ ცვლილებებს თამაშში ჩვენს სასარგებლოდ გარდატეხა მოჰყვა და მოხარული ვარ, რომ გამარჯვების გოლის გატანა შევძელით".
|
22/11/2009 - ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 2-1 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” 27 ნოემბერს გორში, ”ქართლის” სტადიონზე გამართავს. იმერელთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება ... |