13.11.2009

 

 

ინტერვიუ ზაალ ელიავასთან.

”ზესტაფონს” მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონობა!

 

 

ზაალ ელიავა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” 2009 წლის ზაფხულიდან შეუერთდა. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, სხვა შემოტავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში მან გადაწყვიტა დათანხმებოდა იმერლების წინადადებას. ამას არც ნანობს და გუნდთან ერთად ჩემპიონობასაც გეგმავს. მისი სათამაშო პოზიციის მიუხედავა, სახიფათოდ ერთვება შეტევებში მარცხენა ფლანგიდან, რაც ზესტაფონელი ქომაგების დიდ მოწონებას იმსახურებს. რას მიიჩნევს ის ”დინამოსთან” წაგების მიზეზად და რა გეგმები აქვს ”ზესტაფონს” მიმდინარე სეზონში?

”Goli.ge” გთავაზობთ ”ზესტაფონის” ერთ-ერთ საუკეთესო მცველთან - ზაალ ელიავასთან ინტერვიუს.

- ” ზესტაფონმა” ჩემპიონატის პირველ წრეში ”დინამო” დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, პირველი გოლი ”დინამოს” კარში თქვენს ანგარიშზეა, არ არის რთული ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა?
- ”დინამოში” სულ რაღაც სამი-ოთხი თვე ვიყავი და დიდი განცდები არ მქონია, სიმართლე გითხრათ. ”ზესტაფონს” რევანში ჰქონდა ასაღები, მეც შანსი მომეცა და გავიტანე. დიდად არ განმიცდია ეგ ამბავი.
- თასის მეოთხედფინალში, ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯიას” დაპირისპირების დროს, როდესაც თქვენ ბურთს იღებდით, გულშემატკივარი დიდი ოვაციებით გხვდებოდათ ... ასე უყვარხართ ზესტაფონელ გულშემატკივარს?
- პირველად მესმის ეს, თამაშის დროს ყურადღებას არ ვაქცევთ, რა ხდება გარეთ. თუმცა, არამარტო მე, არამედ მთელ გუნდს, მხარში უდგას გულშემატკივარი, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ჩამოსვლისთანავე თბილად მიმიღეს, ეს შემიძლია გითხრათ.
- ”დინამოსთან” ”ზესტაფონი” 2:0 დამარცხდა და წაუგებელი სერია შეწყვიტა. გუნდის შეტევები არ იყო ისეთი მწვავე და სწრაფი, როგორიც ადრე. რამ გამოიწვია ეს ჩავარდნა, ხომ არ იყო ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი?
- ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი სულაც არ იყო, 14 თამაში არ წაგვიგია, გუნდი გადაიღალა. ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს ერთ დონეზე. ეს ყველას გაუჭირდებოდა. უიღბლობასაც დავაბრალებდი წაგებას. იყო ბევრი გამოუყენებელი მომენტი, მაგრამ ყველაფერი წინაა.
- დელიკატურ თემას შევეხები, ჟურნალისტები და ფეხბურთის ექსპერტები ხშირად აპელირებენ მეკარეების არასტაბილური თამაშის გამო. თქვენ რას ფიქრობთ?
- არასწორად მიმაჩნია ასეთი მიდგომა. რომელიმე ფეხბურთელის ბრალი არ არის წაგება. იგებს მთელი გუნდი და აგებს მთელი გუნდი. ვინმეზე დაბრალება, არ მგონია, გამართლებული იყოს.
- ”ოლიმპმა” ისარგებლა თქვენი წაფორხილებით და უკვე ორი ქულით გისწრებთ. რას აპირებს ”ზესტაფონი”?
- ჩემპიონატი მხოლოდ ახლა ”გახურდა”. დიდი ბრძოლა მოგვიწევს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - ჩემპიონობა! სხვა დანარჩენი წარუმატებლად ჩაითვლება ჩვენთვის.
- წინ რთული მატჩი გელით ”ვიტ-ჯორჯიასთან”. თასზე წაგებული თამაშის შემდეგ, მოწინააღდმეგე გუნდის ფეხბურთელები ამბობენ, რომ რევანშს აპირებენ. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში, თქვენ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ...
- გააზრებული გვაქვს შექმნილი სიტუაცია და ვიცით, რომ რევანშს აპირებენ, მაგრამ ამ თამაშში დაგეგმილი გვაქვს სამი ქულა და აუცილებლად ავიღებთ.
- ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა, მალევე, ისევ ”ვიტ-ჯორჯიასთან” გიწევთ გორში. მიუხედავად იმისა, რომ ფორა სერიოზული გაქვთ, მაინც დაგეკითხებით, გავა ”ზესტაფონი” შემდეგ ეტაპზე?
- რა თქმა უნდა! ”ზესტაფონი” წელს ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს
- ბოლო ტრადიციული კითხვა - თუ იცნობთ ”Goli.ge”-ს საიტს და თუ სტუმრობთ მას?
- სამწუხაროდ, არ ვიცნობ.
- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

მაგდა კლდიაშვილი, www.goli.ge
   
FC ZESTAFONI © 2005